Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:41 29.07.2019
“აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს”

“ხაზარაძე-ჯაფარიძის ოფიციალური ბრალდების მოტივში დაეჭვების გამო სუბიექტურობა რომ არავინ დაგვწამოს, დავიწყებ პირდაპირ ამერიკის საელჩოს განცხადებით - სრულიად გასაგებად არის ჩამოყალიბებული ის სამი პოსტულატი, რომელიც აშშ-ის პოზიციას ნათლად წარმოაჩენს. პირველი - განცხადებაში ნათქვამია, შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტისა და დროის გარემოებასთან დაკავშირებითო, რაც ნიშნავს, რომ ამერიკელებს აეჭვებთ ბრალდება და ამ პროცესში სხვა მოტივებსაც ეძებენ. მეორე გახლავთ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის აუცილებლობაზე მკვეთრი აქცენტირება, მესამე კი იყო ანაკლიის პორტის თემა და იმის აღნიშვნა, თუ რა მნიშვნელოვანია ამერიკისთვის პროექტი და რომ ეს ამერიკული ინვესტიციების წყაროა. ამაზე ნათლად ვერ წამომიდგენია, ვინ შეიძლება ჩამოაყალიბოს აზრი”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს” / “ხელისუფლება ორმხრივ ზეწოლას განიცდის და ამ პირობებში მის ბოლოდროინდელ აფექტურ ნაბიჯებს გამართლება არა, მაგრამ ახსნა შეიძლება მოეძებნოს” / “ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ შერკინებაში ჩვენ არ გავიჭყლიტოთ, როგორც 2008 წელს მოხდა. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, შესაბამისად, დღეს, წესით, უნდა გამოჩნდეს, რა ფასის გადახდა უღირს აშშ-ს საქართველოსთვის...”

 

“აშშ პირდაპირ ამბობს, რომ ის ხაზარაძეს, ანაკლიის პორტის მომავალსა და ამ პორტში საკუთარ ინტერესებს ერთ მთლიანობად განიხილავს. მისთვის ერთმანეთთან არის დაკავშირებული სწორედ ანაკლიისა და ხაზარაძის მომავალი. ამ განცხადებით, ფაქტობრივად, ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ჩვენ კი არა, აგერ, ამერიკას ეპარება ეჭვი, რომ ამ პროცესის წამოსაწყებად დრო და კონტექსტი შეარჩიეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ოფიციალური ბრალდების მიღმა სხვა ინტერესები იკვეთება. ჯერ პომპეოს და ახლა აშშ-ის საელჩოს განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აქ მხოლოდ ეკონომიკური ინტერესი არ არის, არამედ ამ პორტს ენიჭება სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე აშშ-ისთვის არის ტესტი, თუ რამდენად და რა ხარისხით არის საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი იმ პირობებში, როდესაც თურქეთთან ურთიერთობა უკიდურესად გართულებული აქვს, თურქეთისა და რუსეთის ინტერესები კი სულ უფრო ხშირად თანხვდება ერთმანეთს. ვფიქრობ, მალე გამოჩნდება, რა ადგილი უჭირავს საქართველოს აშშ-ის სტრატეგიულ ხედვაში...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

 

“ჩვენ დაუფარავად ვხედავთ ორი უმსხვილესი მოთამაშის - აშშ-ისა და რუსეთის ინტერესებს ანაკლიის პორტის გარშემო, თანაც გაითვალისწინეთ, ერთია, რაც ხმამაღლა ითქმის და მეორე - რამდენი რამ ხდება ამის მიღმა, რასთან გამკლავებაც საქართველოს ხელისუფლებას უწევს. ხელისუფლება ორმხრივ ზეწოლას განიცდის და ამ პირობებში მის ბოლოდროინდელ აფექტურ ნაბიჯებს გამართლება არა, მაგრამ ახსნა შეიძლება მოეძებნოს, ანუ ის შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალს ვერ ხედავს და ერთ ნაბიჯს ერთი მიმართულებით დგამს, სხვას - მეორე მიმართულებით, რათა როგორმე დრო მოიგოს და სიტუაცია გადააგოროს. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გავამახვილებდი ყურადღებას ამერიკის პასუხისმგებლობაზე არა საქართველოს (შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ქვეყანა სხვა ქვეყნის ინტერესების დასაცავად საკუთარ ინტერესებს დააზიანებს), არამედ თავისივე ინტერესების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ შერკინებაში ჩვენ არ გავიჭყლიტოთ, როგორც 2008 წელს მოხდა. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, შესაბამისად, დღეს, წესით, უნდა გამოჩნდეს, რა ფასის გადახდა უღირს აშშ-ს საქართველოსთვის...” - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“ერთს ვიტყვი: საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლით ანაკლიის პორტის აშშ-ის ინტერესებში შენარჩუნება არ მიმაჩნია ერთადერთ სწორ გამოსავლად. კი ბატონო, ეს პროექტი არის ჩვენი ინტერესიც უსაფრთხოების, თავდაცვისა თუ ეკონომიკის თვალსაზრისით, მაგრამ აქ თანაბრად არის წარმოდგენილი აშშ-ის ინტერესიც. ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენი გადასახედიდან ასე ჩანს - დღეს აშშ-ისთვის საქართველო გაცილებით ღირებული უნდა იყოს, ვიდრე განვლილი 10-15 წლის განმავლობაში იყო, რადგან სრულიად შეცვლილია გეოპოლიტიკური რეალობა, რომლის ფონზეც აშშ-ისთვის გაცილებით იზრდება საქართველოს, როგორც რეგიონში დარჩენილი მისი ერთადერთი ფორპოსტის წონა და ფასი, თუმცა, ვიმეორებ, ეს მაინც ჩვენი ხედვაა და სწორედ ახლა გამოჩნდება, როგორ ჩანს ეს ყველაფერი აშშ-ის მხრიდან. თუ მას საქართველო და ანაკლიის პორტი უღირს, მაშინ არ უნდა დააწვეს ეს პროექტი დამატებით ტვირთად ისევ და ისევ საქართველოს ისედაც ჩაწიხლულ ეკონომიკას და აშშ-მა ეკონომიკური პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს. ეს იქნება სწორედ სტრატეგიული პარტნიორობა! რადგან ერთობლივი ინტერესი გვაქვს, მაშინ ერთნაირად გავიზიაროთ ზარალიც და პასუხისმგებლობაც და საქართველომ ეს ხმამაღლა უნდა განაცხადოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ხელისუფლებას ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა იმიჯი, რომ თითქოს ქვეყნის ქაოსით მართვას ცდილობდა, მაგრამ რაც ბოლო თვეების განმავლობაში ხდება, თავი შემიძლია დავდო, რომ არ არის ხელისუფლების პროვოცირებული. აქ ქაოსით მართვაზე აღარ არის ლაპარაკი, აქ ვხედავთ ქაოსში ხელისუფლების ჩაძირვის მცდელობებს. ამიტომაც შეუძლებელია ეს ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკის შედეგი იყოს - ვგულისხმობ პანკისს, გარეჯს და ა.შ. თუმცა პრობლემაა ის, რომ ამ განუწყვეტელ სტრესსა და დაძაბულობას ხელისუფლება რაციონალურად ვერ პასუხობს და აფექტურ ნაბიჯებს დგამს. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ როცა მე ვლაპარაკობ რუსეთ-აშშ-ს შერკინებაზე, სწორედ ამ კონტექსტშია ყველაფერი დასანახავი; შესაბამისად, რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის გამოძახილია პანკისიდან მოყოლებული დღემდე ყველა ის გამოწვევა, რომელთა წინაშეც საქართველო და მისი ხელისუფლება დადგა. სხვა საკითხია, როგორ უმკლავდება ამას "ოცნება"... - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

 

“სასამართლოში მიმდინარე პროცესის შემდეგ მამუკა ხაზარაძგან უფრო მკაფიო პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ - მან პირველად თქვა, რომ ის შეცვლის ამ ხელისუფლებას, ამ რეალობას. სწორედ ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პირველად გამოიკვეთა რეალურად მესამე პოლიტიკური ძალის კონტურები. ერთია ანაკლიის თემა, მაგრამ რეალურად ხაზარაძე დღეს “ქართული ოცნებისთვის” არის ყველაზე უხერხული კონკურენტი. საზოგადოებას დღეს სჭირდება პოლიტიკური ძალა, რომელიც მისთვის ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგის როლს შეასრულებს, რომელიც მას ქვეყნის სტაბილური განვითარების გზას დაანახებს; არა ისეთი სტაბილურობის, რომელსაც დაჭაობებამდე მიჰყავხარ, არამედ სტაბილური განვითარების. სწორედ ამ ნიშის დაკავება უნდა სცადოს ხაზარაძემ თუ რეალურად ეცდება პოლიტიკურ აქტიურობას. ასევე ხაზარაძის ნიშაა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები და დასაქმებულები, როგორც ერთ-ერთი დიდი სეგმენტი, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ კარგად დაინახა, რომ ამ ბიზნესის დაცვისა და განვითარების სტრატეგია და ხედვა ხელისუფლებას არ აქვს და ეს არ ანაღვლებს არც ოპოზიციას. მოკლედ, მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული უამრავი ადამიანის კეთილდღეობა სახელმწიფოს მხრიდან დაზღვეული არ არის. ეს კარგად გამოაჩინა რუსული ტურისტული ბაზრის გადაკეტვამ. მოკლედ, ხაზარაძეს შეუძლია, ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად, პოტენციურ მხარდამჭერად სწორედ ეს სეგმენტი გაიხადოს. გარდა ამისა, ხაზარაძის სეგმენტია წარმატებული სტარტაპერები, ვისაც ის და მისი ბანკი აფინანსებდნენ”, - თვლის ექსპერტი.

 

“იდეოლოგია, რომელსაც ის შესთავაზებს საზოგადოებას, ვფიქრობ, სწორედ ახალგაზრდობაზე იქნება მორგებული. ამ ერთმანეთის ჩაძირვის, ბოღმის, შურის, შავი პიარის საყოველთაო ფონზე ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება პოზიტივზე აქცენტირებული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას საკუთარ რესურსს დაანახებს და ხაზრაძემ სწორედ ეს შანსი უნდა გამოიყენოს. დევიზი `წარმატება საქართველოსთვის~ კარგად მოერგება მის მოძრაობას. ამასთანავე, ხაზარაძეს უამრავი გამოწვევა ელოდება, შავი პიარით დაწყებული, რაც მის საბანკო საქმიანობაზე იქნება მიბმული, გაგრძელებული იმით, რომ მის ჩამოყალიბებულ ძალაში სამი კაციდან ორი ხელისუფლების შეგზავნილი იქნება და ისინი შეეცდებიან ამ ძალის შიგნიდან გამოხვრას. ერთიცაა - ხაზარაძეს მოუწევს იმგვარ პოლიტიკურ ბრძოლის ველზე შესვლა, სადაც მისი კონკურენტი არა მხოლოდ “ქართული ოაცნება”, არამედ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობაც" იქნებიან. მათ პირველად რვა წლის განმავლობაში ქართულ ოპოზიციურ სპექტრში რეალური კონკურენტი გამოუჩნდათ. ამასთან, სააკაშვილს ხაზარაძის გასანეიტრალებლად სულაც არ სჭირდება მასთან ბრძოლა, ამისთვის საკმარისი იქნება, რამენაირად ხაზარაძის მასთან ასოცირება მოხერხდეს და ხაზარაძე თავის პროექტად წარმოაჩინოს. და კიდევ - თუ “ქართულ ოცნებას” შერჩა თვითგადარჩენის ინსტინქტი, უნდა ესმოდეს, რომ ხაზარაძისგან მას რევანში არ ემუქრება, ამიტომაც ურჩევნია, ის არ გაიხადოს მთავარ სამიზნედ”, - დაასკვნის ლაგაზიძე.

 

“თუ ხაზარაძე უახლოეს დღეებში უფრო მკაფიო პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდა და პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაც დაიწყო, არ გამოვრიცხავ, რომ “ქართული ოცნების” დღის წერიგში რეალურად დადგეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი...რა უნდა გააკეთოს “ოცნებამ” წარმატებისთვის?! ის, რის გაკეთებასაც, ვფიქრობ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხებს: მან მთლიანად პოზიტივზე უნდა ააგოს საკუთარი კამპანია და საქმიანობა დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ პარტიის შიგნითაც პრობლემები აქვთ. 20-21 ივნისის მოვლენებამდე ყველაზე რეიტინგული ფიგურა გიორგი გახარია, ფაქტობრივად, რეტინგის გარეშე დარჩა და დარწმუნებული ვარ, მისი გავლენა პარტიის შიგნითაც შესუსტდა. ირაკლი ღარიბაშვილს კი, რომელსაც მომხრეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰყავს პარტიის შიგნითაც და ელექტორატშიც, აშკარაა, რომ გასაქანს არ აძლევენ. რჩება კალაძე, თუმცა ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მისი არანაკლებ ეშინიათ, ვიდრე ხაზარაძის.არადა, კალაძეს აქვს პოზიტიური რეიტინგი და ახალგაზრდობის ნაწილის მხარდაჭერა, დინამიკურია და ქალაქში განვითარება თვალსაჩინოა. რეალურად მას და ხაზარაძეს დიდწილად ერთი ტიპის ელექტორატი ეყოლებათ. შეიძლება ითქვას, რომ კალაძეს, იმიჯის თუ ფინანსების გათვალისწინებით, ხაზარაძეზე ნაკლები რესურსი არა აქვს. ვნახოთ, აღიარებს თუ არა მას “ოცნება” 2020-ის წინ ლიდერად”, - დასძენს რესპონდენტი.

ავტორ(ებ)ი : კვირის პალიტრა