Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:39 23.07.2019
რისთვის ემზადება ქართული არმია - "არაა გამორიცხული საქართველო კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდეს“

“ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო და 14 ქვეყანა - სამხედრო სწავლება "მტკიცე სული 2019“ 27 ივლისს გაიხსნება. „დღევანდელი პრობლემების გათვალისწინებით არაა გამორიცხული, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი ერთდროულად შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდეს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია როგორ მოხდება კოორდინირება ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციაზე," - აცხადებს „რეზონანსთან" ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი საქართველოში სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2019"-ის ჩატარების შესახებ საუბრისას. საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2019" (Agile Spirit 2019) უნდა ჩატარდეს, რომელიც ოფიციალურად სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება და 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველო ამ სწავლებას უკვე მეცხრედ მასპინძლობს და მისი მიზანია „მეტი ნატო საქართველოში". აღსანიშნავია ისიც, რომ ამჯერად სწავლება სამ ლოკაციას მოიცავს: სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადა, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონები”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რისთვის ემზადება ქართული არმია - „არაა გამორიცხული საქართველო კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდეს“


"ალადაშვილის განცხადებით, მნიშვენლოვანია ის ცვლილება, რაც წელს იქნა შეტანილი, - სწავლება, რომელიც ამჯერად სამ ლოკაციაზეა დაგეგმილი, დღეს ქვეყანაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მოსალოდენლია სამხედრო შემოტევა, რისთვის საქართველო მზად უნდა იყოს და სწორედ ამისათვის არის აუცილებელი მსგავსი წვრთნების ჩატარება. „მტკიცე სული 2019" საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება და კარგია, რომ ტრადიცია მკვიდრდება. წინა სწავლებებისაგან განსხვავევით დღეს სიახლე არის ის, რომ მომატებულია მონაწილეთა რაოდენობა და ასევე, ნატო-ს საერთო რიცხოვნობაც. რაც მთავარია, ეს ტარდება სამ ლოკაციაზე: სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, ვაზიანის და ორფოლოს პოლიგონზე. „დღევანდელი პრობლემების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული საქართველოს სხვადასხვა რეგიონი ერთდროულად გარკვეული შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში ან შემოტევის ფარგლებში აღმოჩნდეს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება კოორდინირება ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციაზე," - აღნიშნა მან”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას და ასევე 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. „მტკიცე სული 2019" კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში. ალადაშვილი რუსეთის ფაქტორს ასახელებს იმის მიზეზად, თუ რატომ არ ხდება ღია მხარდაჭერა ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან, საქართველოს ალიანსში გაწვერიანების შესახებ; მისი თქმით, სწორედ სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზების გამო ჭიანურდება საქართველოს ნატო-ში გაწვერინების საკითხი. „საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი, ეს მძიმე პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარეობს, რაც ასევე სხვადასხვა მიზეზებით განისაზღვრება, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, რომლის გამოც, ნატო-ს წევრი ქვეყნების ნაწილი არ ჩქარობს მხარი დაუჭიროს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. „ჩვენ ახლა, რომ ველოდოთ ამას და ხელებდაკრეფილები ვისხდეთ, სწორი არ იქნება. ამიტომაც, ასეთი მუდმივი სწავლებები ქართულ არმიას ეხმარება ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები დახვეწოს ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. „ეს რეალურად ავღანეთშიც ხდება, მაგრამ იქ სხვა მიმართულება ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, რადგან ეს მოიცავს, როგორც თავდაცვით ოპერაციას, ასევე პატარა შეტევით ოპერაციებსაც, რომელიც მისადაგებულია საქართველოს რელიეფთან და რეალობასთან”, - დასძენს გამოცემა.

 

"10 წლის წინ, ჯერ ერაყში და შემდეგ უკვე ავღანეთში, დაიწყეს ჩვენმა სამხედროებმა წასვლა, რაც კარგია, თუმცა ის ამოცანები, რისთვისაც ქართველი სამხედროები ემზადებოდნენ, სულ სხვა იყო; ის, რაც ჩვენ გვჭირდებოდა, იმ შემთხვევაში თუკი მოწინააღმდეგე შემოვიდოდა, ამის მზადება არ ხდებოდა, რაც სამწუხაროდ აგვისტოს ომმაც აჩვენა, როდესაც ერაყის ოპერაციისთვის მომზადებული ქართველი სამხედროები მტრის მოსაგერიებლად, მზად ნაკლებად აღმოჩნდენენ. არსებობს დეტალები, რაც უფრო მეტად ესადაგება საქართველოს თავდაცვით კონცეფციას," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს „მტკიცე სული 2019"-ის დაწყებასთან დაკავშირებით გამართული პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა, რომ ეს პრაქტიკული საფუძველი უნდა იყოს მომავალში ჩვენი ქვეყნის „ნატო"-ში ინტეგრაციისთვის. „ამ კვირის მიწურულს საქართველო უმასპინძლებს მრავალეროვნულ სწავლება „მტკიცე სულს". ეს სწავლება გამოირჩევა თავისი მასშტაბებით. კერძოდ, კი, მისი რაოდენობა როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით ორჯერ გაზრდილია, ვიდრე შარშან. სწავლება წარმოადგენს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების წვრთნების ციკლის ერთ-ერთ ეტაპს, რომელსაც ევროპის სარდლობის ორგანიზებით, ამერიკის შეეთებული შტატები ატარებს სამხრეთ ფლანგზე. „მისი მიზანია, რომ მრავალეროვნულ გარემოში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გავზარდოთ ჩვენი ოპერატიული შესაძლებლობები. გაიზარდოს ასევე და თავსებადი გახდეს ჩვენი თავდაცვითი უნარები და ასევე ახალი კომპონენტია აღნიშნული სწავლების ფარგლებში შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება. ეს სწავლება დაიწყება 27 ივლისს და დასრულდება 9 აგვისტოს. „მასში მონაწილეობს ნატო-ს 14 წევრი და პარტნიორი ქვეყანა, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა 3000 სამხედრო მოსამსახურეს აჭარბებს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული სწავლება ჩატარდება ძალიან წარმატებულად და ჩვენ კიდევ ერთხელ ამ აქტიურობით განვამტკიცებთ ჩვენ მთავარ პოლიტიკურ პრინციპს, რასაც მეტი ნატო საქართველოში ჰქვია და რაც პრაქტიკული საფუძველი უნდა იყოს მომავალში ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციისთვის," - განაცხადა ლევან იზორიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი