Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:46 22.07.2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება - 21.07.2019

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის ქადაგება:

 

ძალიან ხშირად ტაძარში ლოცვის დროს გვესმის სიტყვები: ,,შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დავიცვენ ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა”. მახსენდება ჩემი სემინარიასა და აკადემიაში სწავლის პერიოდი. ლექტორი გვეუბნებოდა ჩვენ, რომ როცა ტაძარში მოისმენთ ამ ლოცვას (შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა), აუცილებლად პირჯვარი უნდა გადაიწეროთ და თქვენც ილოცოთ, რომ შეგეხოთ ეს მადლი, ღვთისაგან გამოსული. ბოლომდე ადამიანი ვერ ახსნის, რა არის ეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ღვთისაგან მომდინარეობს. 


როცა ეკურთხება დიაკონი, მღვდელი ან ეპისკოპოსი, პატრიარქი ამბობს:  (გარდამოვიდეს) ,,მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი” ე.ი ჩვენი უძლურების მკურნალია მადლი ღვთისა და ნაკლის აღმავსებელი. ეს არის დიდი ძალა, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის. 


ჩვენს გულში, სულსა და გონებაში უნდა გვქონდეს ეს მადლი.  


მე მახსენდება ერთი ებრაელი მოხუცებული კაცი, რომელიც ამბობდა: თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, იცოდე, არაფერი დაგიკარგავს, თუ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება შენ ცოცხალი დარჩე, მაგრამ იყო ავადმყოფი, მაგრამ თუ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაგიკარგავსო.

 

ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ ამისგან, ღმერთმა ინებოს, რომ არ დავკარგოთ მადლი ღვთისა. 


დალოცვილი იყავით. გახარებული იყავით. ვინც მოიპოვებს მადლსა ღვთისასა, ის მოიპოვებს სიყვარულს, ის მოიპოვებს სიხარულს. ასე ერთმანეთზე დამოკიდებულია ყველაფერი სულიერ ცხოვრებაში. დალოცვილი იყავით. მადლმა ღვთისამ არასოდეს დაგტოვოთ თქვენ და საქართველო.


ჩვენთან არს ღმერთი!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge