Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:18 22.07.2019
“ეს იყო რუსული სპეცსამსახურების სპეცოპერაცია” - მამუკა არეშიძე

“როგორც ჩანს, “რუსთავი 2”-ის პოზიცია იურიდიულად ვერ იყო გამართული, ამას ხვდებოდნენ თვითონაც და ორიოდე კვირის წინ “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები წუხდნენ, რომ სტრასბურგში მათი საქმე არ იყო მაინცდამაინც კარგად… იყო თუ არა “რუსთავი 2” დემოკრატიის შუქურა? რასაკვირველია, არ იყო. ეს ტელეკომპანია იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალის პოზიციების დამცველი, ფაქტობრივად, პარტიული ტელევიზია, რომელიც არსებული ხელისუფლების რადიკალურ ოპოზიციაში იყო. ხომ გამორიცხულია ერთდროულად იყო პარტიული ტელევიზიაც და დემოკრატიის შუქურაც? უნდა იყოს თუ არა კრიტიკული მედია? რა თქმა უნდა, უნდა იყოს. ეს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რათა ხელისუფლებას და საზოგადოდ, პოლიტელიტას, მოდუნების საშუალება არ მიეცეს, რათა იცოდეს საჯარო მოხელემ, რომ მის საქმიანობას საზოგადოება აკონტროლებს”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს იყო რუსული სპეცსამსახურების სპეცოპერაცია” / “მე ერთი შეკითხვა მაქვს ოქრუაშვილთან: თუ ეს ტელევიზია შენი იყო, რა თანხით შეიძინე მაღალჩინოსანმა, ქვეყნის ბიუჯეტით?!” / “აშკარაა, ქვეყნის წინააღმდეგ მასშტაბური პროვოკაცია იყო დაგეგმილი, რომლის ერთი რგოლი გახლდათ გავრილოვის თემა, ხელისუფლებამ კი ვერ შეძლო ვერც ამ გამოწვევის ლიკვიდაცია, ვერც დროულად რეაგირება”.

 

“ზოგჯერ “რუსთავი 2”-ის საქმიანობა, სანამ ის ყოვლად დემაგოგიურ და ტყუილზე დაფუძნებულ პროდუქტად არ იქცეოდა, აბსოლუტურად მისაღებიც იყო და საჭიროც. კრიტიკული ტელევიზიები რომ არ იყოს ქვეყანაში, ხელისუფლების მოხელეები გაცილებით უარესად მოიქცეოდნენ, ვიდრე ახლა იქცევიან, როდესაც პასუხისმგებლიანობის თამაშს მაინც ცდილობენ. თუმცა ვიმეორებ, ერთია კრიტიკულობა, თუნდაც უკიდურესად რადიკალური, და მეორე - დემაგოგია და ტყუილის ტირაჟირება, რასაც "რუსთავი 2" ხშირად ეწეოდა. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოხდეს. პროგნოზირება ძნელია, ყოველ შემთხვევაში, ნავსაყუდელი "ტვ მესამის" სახით და ახალი ტელევიზიის შექმნის შანსი ამ კოლექტივს აქვს. ისიც მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი მაღალორგანიზებული და მაღალპროფესიული კადრებით დაკომპლექტებული ტელევიზია და მას შეინარჩუნებს თუ არა ხალვაში, არ ვიცი. ჩემი აზრით, სამართლებრივად სწორი ვერდიქტი დადგა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, რასაკვირველია, არა - ეს ტელევიზია ასეთივე მაქინაციებით მიიღო ხალვაშმა დამფუძნებლების ერთი ჯგუფისგან, როგორც მერე მასაც წაართვეს…”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

 

“როგორც ვიცი, დამფუძნებელთაგან ეროსი კიწმარიშვილს მისცეს დიდი კომპენსაცია, აქიმიძესა და დვალს კი კაპიკები მიუგდეს. აქედან გამომდინარე, მათ იძულებით გადააფორმებინეს ვიღაც სხვისთვის ქონება და მერე იმ სხვისგან გამოისყიდა ხალვაშმა. თითქოს ის კეთილსინდისიერი მყიდველი გამოდის, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებასთან ახლომდგომ ხალვაშს არ სცოდნოდა, როგორ გასხვისდა ეს ტელევიზია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხალვაშმა, რა თქმა უნდა, იცოდა ყველაფერი, მაგრამ ისე იყო სააკაშვილის ხელისუფლებისგან შეშინებული, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა. როცა ეს გაბედა სულ სხვა თემაზე, ვნახეთ, მას და მის ქონებას რაც დაემართა - ფაქტობრივად, ქონების ნაწილი წაართვეს, ნაწილი კი დაუწვეს, თვითონ კი წლების განმავლობაში დევნილი იყო. სწორად მოიქცა ხალვაში, დვალსა და აქიმიძეს თანამშრომლობა რომ შესთავაზა, თუმცა არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ეს თანამშრომლობა. აქვე ვიტყვი - ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ტოტალური რომ ყოფილიყო, მაშინ ბევრად ეფექტიანი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვხედავთ, რომ მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში, კონიუნქტურიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც საზოგადოებას გულს სწყვეტს და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას უჩენს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ბიძინა ივანიშვილი ხომ არ წასულა იმ გზით, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი მიდიოდა, ის არსად შევარდნილა, არავინ დაურბევია, არც ეთერი გაუთიშავს - თუ ივანიშვილი ჩართულია ამ ყველაფერში, გამოდის, მან სწორი გზა - სასამართლოს გზა აირჩია. რაც შეეხება განცხადებებს, რომ ბიძინა ივანიშვილს გავლენა აქვს სტრასბურგზე, რომ ყველაფრის ყიდვა შეუძლია, იდიოტიზმია. მათივე პოლიტიკური მომავლისთვისაა კონტრპროდუქტიული, ევროსასამართლოს ხან ივანიშვილის და ხანაც რუსეთის მოსყიდულად რომ აცხადებენ. ჯვაროსნული ლაშქრობისთვის რომ უხმო უკრაინიდან სააკაშვილმა თავის მომხრეებს, სტრასბურგზე აპირებდა გალაშქრებას?! ნონსენსია ეს ყველაფერი… რაც შეეხება თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის პრეტენზიას, არ ვიცი, შეიძლება მართლაც ასე იყო და მისი ფულით იყო ნაყიდი ტელეკომპანია. იმჟამად ეგ და ხალვაში ძმაკაცები იყვნენ, ოქრუაშვილმა კი ეს იმისთვის გააკეთა, რათა ხალხს არ გაეგო, რა ოდენობის მილიონების მფლობელი იყო. მე ერთი შეკითხვა მაქვს ოქრუაშვილთან: თუ ეს ტელევიზია შენი იყო, რა თანხით შეიძინე მაღალჩინოსანმა, ქვეყნის ბიუჯეტით?!”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ბიძინა ივანიშვილმა გასულ კვირას პირველად შეაფასა ვრცლად ქვეყანაში შექმნილი ვითარება. თქვენი აზრით, რამდენად სწორად ხედავს ვითარებას და “ქართული ოცნების” დაშვებულ შეცდომებს ბიძინა ივანიშვილი?” – პასუხობს:

 

“ფაქტია, შეცდომები ძალიან დიდი იყო. აშკარაა, ქვეყნის წინააღმდეგ მასშტაბური პროვოკაცია იყო დაგეგმილი, რომლის ერთი რგოლი გახლდათ გავრილოვის თემა, ხელისუფლებამ კი ვერ შეძლო ვერც ამ გამოწვევის ლიკვიდაცია, ვერც დროულად რეაგირება, შედეგად კი 20 ივნისის ღამეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა უკვე მომდევნო დღეებში ხელისუფლებამ, ასე თუ ისე, გადაწყობა მოახერხა და ბევრად ეფექტიანად იმოქმედა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ საქმისთვისაც”.

 

“ხელისუფლებამ ბოლო თვის განმავლობაში ორ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: სწორი სვლა გააკეთა - პროპორციულ არჩევნებს დაგვპირდა, რამაც ნაყოფი გამოიღო და დიდი ბზარი გააჩინა ოპოზიციურ პარტიებს შორის, და არენაზე გამოიყვანა ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა შესაძლებლობა მწირია, მაგრამ მათი ლიდერების ხმა კარგად ესმის საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმატებად უნდა ჩაითვალოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც. აქედან გამომდინარე, დღეს ინიციატივა ხელისუფლების ხელშია, მიუხედავად წლების განმავლობაში დაშვებული უამრავი შეცდომისა და შეუსრულებელი დაპირებისა. რაც შეეხება გახარიას, პირველივე დღეებში ვთქვი, გახარიას ადგილას გადავდგებოდი-მეთქი, მაგრამ მას მერე, რაც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ პასუხისმგებლობას იღებს არა მარტო მომხდარზე, არამედ გამოძიების შედეგებზეც, ვფიქრობ, უნდა მიეცეს შანსი თავისი ნათქვამის შესასრულებლად, ოღონდაც გამოძიება არ უნდა გაჭიანურდეს და უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის მისი ძირითადი კონტურები უნდა გახდეს ცნობილი”, - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

 

"გავრილოვზეც მინდა ორიოდე სიტყვის თქმა. ის წალკელი ბერძნების შთამომავალია, მისი ბებია-ბაბუა სწორედ წალკაში არიან დაკრძალული. გავრილოვი ბოლო ოთხ არჩევნებზე ცდილობდა დუმაში შეძრომას, ბოლოს კომუნისტებს მიეკედლა, მანამდე კი იმ ადამიანის ხელის ბიჭი გახდა, რომელსაც 2016 წლამდე ფედერაციის საბჭოში საქართველოს მიმართულება ებარა - ის სამხედრო გენერალია. სწორედ მისი წყალობით მოხვდა გავრილოვი დუმაში, სავარაუდოდ, სპეცსამსახურებმა ასევე “შეტენეს” ასამბლეაშიც და, ბოლოს და ბოლოს, გამოიყენეს ამ საქმისთვისაც. მოკლედ, დაბალი დონის აგენტია. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს იყო რუსული სპეცსამსახურების ოპერაცია, რომელსაც ხელს უწყობდნენ საქართველოშიც. აი, უპირველესად, ეს ყველაფერი უნდა გამოიძიონ. ვფიქრობ, ივანიშვილის განცხადება, გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებაო, ძალიან გაზვიადებულია, თუმცა ამ ეტაპზე გახარიას გადადგომას არც მე ვუჭერ მხარს. ვნახოთ, რას გამოიძიებს. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილი და ხელისუფლება დღეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად აღიქვამდნენ. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ არ მოხდებოდა თუნდაც პანკისის მოვლენები და მერე ამის მიყოლებით სხვა პროცესებიც”, - დასძენს არეშიძე.

ავტორ(ებ)ი : კვირის პალიტრა