Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:31 15.07.2019
“ეს დაშლა კი არა, ომობანას თამაში იყო”- ლევან ალაფიშვილი

“შეგნებული პაუზის შემდეგ მოვისმინეთ გახარიას განცხადება, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ფიგურაა, პრემიერზე ძლიერიც, რადგან ის არის ვიცე-პრემიერი, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი და შს მინისტრი. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებელია, რაც მოხდა და რაც ხდება. გახარიას ხელი მიუწვდება გამოძიების საიდუმლოებაზე და როდესაც პოლიტიკურ ოპონენტზე ამბობს რაღაცას და არ მიაყოლებს არგუმენტს, უხერხულია”, - აცხადებს ექსპერტი ლევან ალაფიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს დაშლა კი არა, ომობანას თამაში იყო” / “გახარიას განცხადებაში დავინახე პოზა - მე ვარ თავდაჯერებული, ძლიერიო და ამას ის ახალგაზრდები უყურებენ”.

 

“მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აცილება და საზოგადოების ყურადღების გადატანის მაგალითი იყო გახარიას განცხადება - ფილარმონიასთან, მელიქიშვილზე, უკვე დაშლილი აქციის მონაწილეებთან კავშირი ჰქონდათ პოლიტიკოსებსო - ეს რა კავშირი იყო, ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მის განცხადებებში ჭარბად იყო ინტერპრეტაციები, თავისი პოზიციები და არა ფაქტები. ვერაფერი მოვისმინეთ პოლიციელების პასუხისმგებლობაზეც. მთლიანი სისტემა ჩამოინგრევა, თუ საშუალო რგოლის პასუხისმგებლობისკენ წავლენ, რადგან პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურები განსაკუთრებული იერარქიაა და მგრძნობიარეა ისეთი შემთხვევების მიმართ, როგორიცაა შერჩევითი პასუხისმგებლობა. მაშინ როდესაც პოლიციელმა ყველაზე კარგად იცის, ვინ გასცა ბრძანება, ვის უნდა შეეჩერებინა ის, თუკი კანონს არღვევდა. რაც მთავარია, მეგონა, ბრძანების გაცემის შესახებ რამეს იტყოდა - თქვა, რომ მან გასცა ყველა ბრძანება, მაგრამ არ უთქვამს, იქ რომ ანზორ ჩუბინიძე მოქმედებდა, ის გახარიას ბრძანების შემსრულებელი იყო?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

 

“თუ კანონდარღვევა ხდებოდა, მაშინ რა ქნა შს მინისტრმა, რატომ არ აღკვეთა მისი ხელქვეითების ქმედება? პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია და იმსჯელონ მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე. უნდა გამოიკვეთოს როგორც პოლიტიკური, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სხვა შემთხვევაში ვერც იმას გავიგებთ, სინამდვილეში რა მოხდა და ამავე დროს მივიღებთ დამძიმებულ პოლიტიკურ ვითარებას. მისმა ინტერვიუმ, მათ შორის, როცა ელჩებზე ისაუბრა, უფრო მეტი კითხვა გააჩინა. ამბობს, რომ პარლამენტიდან უყურებდნენ ის და ელჩები ამ მოვლენებს, მაგრამ ირკვევა, რომ ელჩები კი არა, ერთი ელჩი ყოფილა. ისიც ამბობს, პარლამენტში კი არა, პარლამენტის შენობასთან ვიყავი და სულაც არ ვერეოდი ამ ყველაფერშიო. კურიოზული ვითარებაა, ერთი დეპუტატი სახლში ჰყავთ დატყვევებული, 4 დააკავეს და თურმე ეს სახელმწიფო გადატრიალებაა. უბრალოდ, ჰაერში გამოკიდეს ეს მუხლი, ეს ემოციური ფონის შექმნისა და პასუხისმგებლობის შემცირების მცდელობაა”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე – “შს მინისტრი ამბობს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს…” - პასუხობს:

 

“ჯერ ერთი, მას გამოძიებას არავინ ეკითხება, სხვა უწყება იძიებს. გარდა ამისა, გულში მჯიღის ცემით ამბობდნენ, რომ გამოიძიებდნენ თუნდაც საბურავების საქმეს, უკრაინული “ვიკილიქსის” საქმეს, ახლა, მგონი, იმ საქმეებს ვეღარც პოულობენ, ისე შორეულ თაროზე შემოდეს. იმავე ბედს გაიზიარებს ეს საქმეც - ძნელია ამ მუხლით საქმის გამოძიება, მტკიცებულებათა ერთობლიობა სჭირდება. ამის მოპოვება არც ისე ადვილია.­ რაც მთავარია, ასეთი დანაშაული მყისიერად არ იგეგმება, მით უმეტეს, არ ხორციელდება”.

 

“რაც შეეხება მის განცხადებას, რომ არ გადადგება, ამაზე ძლიერი "რკინის კაცები" გვინახავს საქართველოს პოლიტიკაში, რომლებიც ბეჭებზე დადებით ემუქრებოდნენ ვიღაცებს, მაგრამ გამქრალან არა მხოლოდ პოლიტიკიდან, ისტორიის ფურცლიდან და საქართველოდანაც: გვახსოვს კახა თარგამაძეც, გიორგაძეც, კიტოვანიც, ადეიშვილიც და სხვებიც, ბევრმა თავის პოლიტიკურ სამშობლოს მიაშურა, გაიქცნენ აქედან. გახარიას განცხადებაში მე დავინახე პოზა - მე ვარ თავდაჯერებული, ძლიერიო და ამას ის ახალგაზრდები უყურებენ. გახარიას შელახული იმიჯისგან გამომდინარე საინტერესო აღარც არის მისი ინტერვიუ. ყველას აინტერესებდა არა ის, რას იტყოდა - ისედაც ყველამ იცოდა, რომ თავს იმართლებდა, არამედ დაგვენახა, რამდენად იყო მასში სინანული, რამდენად იყო ადეკვატური საზოგადოების განწყობის. მან კი გვაჩვენა, რომ მისთვის პოლიტიკური, პარტიული და პერსონალური საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი”, - დაასკვნის რესპონდენტი.

 

“ჩვენმა ახალგაზრდობამ 20 ივნისის შემდგომ შეცვალა მოცემულობა, რაც დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა და მყარდებოდა. ვგულისხმობ პროტესტის გამოხატვის ფორმებს, თემას, რაზეც რეაგირებენ. რამდენად პრინციპულები, კანონმორჩილები და თანამიმდევრულები არიან... მიტინგის დაშლას თავისი წესი აქვს, უნდა განუმარტო საზოგადოებას, თქვენ მშვიდობიანი მიტინგის საზღვრებს გადახვედით და დაიშალეთო. ეს წერია კანონში. თუ ძალადობა იყო, სამართალდამცავებს ჰქონდათ ფიზიკური და სამართლებრივი საშუალება, დაეკავებინათ დამრღვევები და თუკი იყო ასევე მიტინგის დაშლის აუცილებლობა, საჯაროდ განეცხადებინათ, რომ დაშლიდნენ აქციას, რაც არ გააკეთა ხელისუფლებამ. ეს დაშლა კი არა, ომობანას თამაში იყო - ესროდნენ და აძლევდნენ საშუალებას, უკან მობრუნებულიყვნენ. ჩვენ ვიხილეთ ისიც, როცა სპეცრაზმელს კონკრეტულად მიუთითებდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ბრძანება არც გაცემულა ან გასცემდა რამდენიმე, თანაც ერთმანეთის საწინააღმდეგო ბრძანებებს. ესეც გახარიას პასუხისმგებლობაა და ასევე პრემიერისაც”, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

 

“თუკი ვინმეს აზიანებს მინისტრის პოსტის შენარჩუნება, ეს ხელისუფლებაა. რატომ ვერ ელევიან? სავარაუდოდ, გახარიას შემცვლელი არ არსებობს. ეს შემთხვევითი ფიგურა არ არის. განსაკუთრებით კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ მას ვიღაც აძლიერებდა. გავიხსენოთ მმართველ ძალაში - წონიანი ფიგურა - თბილისის მერი, რომელსაც ზომიერების გრძნობა არ ღალატობს, მას ხალხის მანდატი უდევს ჯიბეში და ასე ადვილად ხელს ვერავინ მოჰკიდებს. ის იქნება ის ადამიანიც, რომელსაც პრემიერობის ამბიციაც ექნება. პარტიული თვალსაზრისით გახარიას გაწირვა კახა კალაძის უსაზღვროდ გაძლიერებას ნიშნავს. ეჭვი მაქვს, ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ გახარიას ვერ ელევიან, ის არის, რომ კალაძის საპირწონე ფიგურა პარტიაში არ არის”, - დასძენს ექსპერტი.

ავტორ(ებ)ი : კვირის პალიტრა