Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:36 12.07.2019
"არავის აინტერესებს დაშავებული მოქალაქეებისა და პოლიციელების მდგომარეობა, რას აკეთებს მათთვის ხელისუფლება?!"

ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ამ ძალადობას რომ უცქერით, მოსახლეობას ნაკლებად მივმართავ, და მხოლოდ გახარიას გადადგომა გაკერიათ, რატომ არ ითხოვთ ისეთივე ემოციებით მშვიდობიანი მიტინგის ძალადობაში, პარლამენტის შტურმში, სპეცრაზმელებზე თავდასხმის ორგანიზატორების, პასუხისმგებლობას და პოლიტიკიდან წასვლას?


ყველა ეთერში ერთი და იგივე კითხვა, რა გითხრათ მინისტრმა, გადადგება? მაგის საკითხავად ვიყავი მისული? თუ პასუხი ვერ მიიღეს, ე.ი. ახალი არაფერი უთქვამსო.


უკვე დიდი ხანია არავის აინტერესებს დაშავებული მოქალაქეების და პოლიციელების მდგომარეობა, რას აკეთებს მათთვის ხელისუფლება.


საერთოდ არავინ დაინტერესებულა მიიღო თუ არა მატერიალური ზარალი კომერციულმა ობიექტებმა.


არავის აინტერესებს რა ზარალი მიიღო სახელმწიფომ, ჯერ აღჭურვილობის და მანქანების დაზიანებით, შემდეგ მოქალაქეების და პოლიციელების მკურნალობით.


არავის აინტერესებს საპოლიციო ოპერაციის დეტალები, ტყვიების შემსყიდველები და არც ის, რომ ყველა ეს სახეობა არაა ლეტალური.


არავის აინტერესებს რატომ მივიღეთ ამდენი დაზარალებული და იყო თუ არა სისტემური პრობლემები, თუ საქმე სხვა რამესთან გვაქვს.


კიდევ ბევრი სხვა რამ არავის აინტერესებს.


სამაგიეროდ ვიღაც პოლიტიკური გვამი გვმოძღვრავს ტელეეთერიდან, უნდა წავსულიყავით მინისტრთან თუ არა. ვინ გეკითხებათ სად წავალთ და რას გავაკეთებთ? ორი თვის წინ პუტინში და რუსეთში ხედავდა ქვეყნის გადარჩენას, ახლა ანტისაოკუოაციო მოძრაობის ლიდერად როგორ იქცა? კიდევ ჩვენ გვასწავლის ჭკუას.


კარგად მიყევით ამ ვიდეოს, ბოლომდე. ჰაერში რომ ისვრიან, გაფრთხილება არაა? გამაფრთხილებელი შუშხუნები გაუშვესო, წამყვანი რომ ამბობს, გამაფრთხილებელი არაა?


თქვენ რა გსურთ, პოლიციას 2 საათი ცხვირ-პირი ამტვრიოთ, რკინები, ხელკეტები, ქვებით სავსე ბოთლები ურტყათ და პოლიცია ჩამოიშალოს?


არ ჩამოიშალა და წესრიგიც აღადგინა.


რაც შეეხება დაშავაბულებს, როგორც მოქალაქეების, ასევე პოლიციელების მხრიდან:


ა) მოქალაქეების მიმართ ძალის გადამეტების ან შიდა ინსტრუქციების გამო, თუ ამას გამოძიება დაადგენს, პასუხი უნდა აგონ ცალკეულმა პოლიციელებმა, შესაძლოა მეთაურებმაც;


ბ) სპეცრაზმელების მიმართ ძალადობის, მათთვის ზიანის მიყენების გამო, პასუხი უნდა აგონ მოქალაქეებმა;


გ) თუ ითხოვთ შსს მინისტრის გადადგომას, მაშინ მოითხოვეთ შტურმის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაც და პოლიტიკიდან წასვლაც. მაშინ დავიჯერებ ობიექტურობას და სამართლიანობას.


არ შეიძლება მშვიდობიანი აქციის გადაზრდა ძალადობაში.


არ შეიძლება შტურმის დაწყებით საფრთხის ქვეშ დააყენო მიქალაქეების (განსაკუთრებით იქ მყოფი ქალების, ბავშვების, მოხუცების) სიცოცხლე.


არ შეიძლება 18-20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდო სახელმწიფო ინსტიტუტების შენობების შტურმისკენ.


არ შეიძლება რევოლუციები, მაიდნები, ძალადობა, სისხლისღვრა...


კიდევ ბევრი რამ არ შეიძლება.


პოლიტიკოსებს მხოლოდ იმის უფლება გაქვთ, რის მანდატსაც არჩევნების მეშვეობით მისახლეობა გაძლევთ. ხელფასსაც მაგაში გიხდით.


არასაპარლამენტო პარტიებს გაფინანსებთ არა რევოლუციებისთვის, არამედ პოლიტიკური საქმიანობისთვის.


მოსახლეობის მცირე ნაწილს არ აქვს უფლება მთელ მოსახლეობას თავზე მოახვიოს თავისი წესები.


მომხდარზე და მის მძიმე შედეგებზე პასუხისმგებელია ხელისუფლებაც და აქციის ორგანიზატორებიც, უფრო მეტად შტურმის თავკაცები.


უნდა გადაიხედოს შეკრებისა და გამოხატვის შესახებ კანონმდებლობა, უფრო მარტივად, აქციების ჩატარება უნდა მოექცეს მკაცრ ჩარჩოებში და მის კანონის ფარგლებში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროთ ორგანიზსტორებს.


ეს რა უბედურებაა, თუ ბევრი ხალხი მოვარდა, ანუ გზა თუ გადაიკეტა, რევოლუციას ან პარლამენტის აღებას ვიწყებთ? დანარჩენ 4 მილიონს გვკითხეთ, გვინდა?


გავიგებდი მთავრობის გადადგომა რომ ყოფილიყო მოთხოვნილი. გავიგებდი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას...


მოკლედ, ძალადობა, დესტრუქცია, რევოლუციები უნდა დასრულდეს.


დაიმშვიდეთ ნერვები, მიეჩვიეთ საარჩევნო ციკლში ცხოვრებას. არავინ გეცილებათ პოლიტიკაში, ოღონდ მშვიდობაში მოიხმარეთ, მშვიდობაში.


ნუ გადაგვაყოლეთ თქვენს პოლიტიკოსობას. ყველას გეხებათ, მონაწილეებსაც და სეირის მაყურებლებსაც, ვინც გვერდიდან უცქეროდით პოლიტიკურად როგორ ზარალდებოდა ორთავე მხარე. თქვენც დაზარალდით.


ჰო, ის მესამე ძალა სადაა, დიდი ზარზეიმით რომ შეიქმნა, თუ ვერ ხვდებით, რომ ამ 20 დღის მანძილზე ერთხელ მაინც უნდა ამოგეღოთ ხმა?!


კიდევ ერთხელ: პოლიტიკაში სრულიად ახალი ადამიანები უნდა მოვიდნენ. 30 წელზე მეტია ერთსა და იმავე კვერცხებისგან გოგლი-მოგლს ვთქვიფავთ და არ გამოგვდის."- წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge