Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:33 12.07.2019
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრეპავლობის დღესასწაულს აღნიშნავს

29 ივნისს (ახალი სტილით 12 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმინდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი - პეტრეპავლობის დღესასწაულს. უფლის სათნომყოფელნი - პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება - 12 ივლისს. 

წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებდა: „მათ თვით საქმით აღასრულეს მცნება ღვთისა, ამათ მოიყვანეს არსებაში სჯული ქრისტესი, ამათ მოგვცეს ჩვენ ცხოველი ხატი სათნოებისა და გვაჩვენეს, თუ ვითარ ჯერ-არს დაწყობა ცხოვრებისა მსგავსად სახარებისა. აჰა მიზეზი, რომლისთვისცა წმიდამან ეკკლესიამან დააწესა ხსენება წმიდათა და ხშირად შეგვკრებს ჩვენ სმენად მათისა ცხოვრებისა და მათთა საქმეთა. მივიქცეთ უმთავრესთა მოციქულთადმი და ვიხილოთ, რა მაგალითი და რა სულიერი მოძღვრება გვაჩვენეს ჩვენ მათ ცხოვრებასა შინა თვისთა. არ შეგვიძლიან ჩვენ აღვსწეროთ ყოველნი მათნი საქმენი და ცხადად წარმოვიდგინოთ ყოველი მათი სულიერი მადლი და დიდება; გარნა მოვიხსენოთ მაინც, რასა შინა მდგომარეობდა მათი ღირსება და რომელნი იყვნენ მათნი უმჯობესნი თვისებანი. 

 

პეტრეს თვით ქრისტემან უწოდა კლდედ. შენ ხარ კლდე, - რჰქვა მას უფალმან, და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკკლესია ჩემი... კლდე იყო სარწმუნოება მისი; მას აქვნდა სარწმუნოება მტკიცე და შეურყეველი, ვითარცა კლდე. პავლე იყო ზღვა სიყვარულისა; ყოველნი მისნი წერილნი ცხად ჰყოფენ, თუ ვითარი საუნჯე იყო გული მისი, ვითარი განუსაზღვრებელი სიყვარული ჰქონდა მას ყოველთა თვისთა მოწაფეთადმი.  აჰა, ორნი უმთავრესნი ღირსებანი წმიდათა ამათ თავთა მოციქულთა. ამათ ორთა სათნოებათა ზედა დამყარებულ-არს ეკკლესია და სჯული ქრისტესი. შეურყეველი სარწმუნოება და სრული სიყვარული უნდა ჰქონდეს ყოველსა კაცსა, რომელსა ჰსურს, რათამცა იყოს ნამდვილი და ჭეშმარიტი ქრისტიანე. 

ახლა ვიხილოთ, რა სახით გამოჰჩნდენ ცხოვრებასა შინა პეტრესსა და პავლესა ეს ორნი თვისებანი; რა აქმნევინა სარწმუნოებამან პეტრეს; ვითარი ნაყოფი გამოიღო დიდმან სიყვარულმან პავლესმან ცხოვრებასა შინა მისსა... ვითარი იყო ცხოვრება პავლესი. ცხოვრება მისი იყო გაუთავებელი შრომა, ჭირი, განსაცდელი. ყოველნი მოციქულნი და უმეტესად პეტრე და პავლე იყვნენ ქვეყანასა ზედა, ვითარცა ცხოვარნი მგელთა შორის ყოველს წამს მომლოდნენი და მომზადებულნი დათხევად სისხლსა თვისისა და შეწირვად ცხოვრებისა; გარნა არ მიმხედველნი ესოდენისა ჭირისა, პეტრე სარწმუნოებითა თვისითა ყოველს წამს მოაქცევდა და განაცოცხლებდა კაცთა, ცოდვათაგან მკვდართა, ხოლო პავლე განანათლებდა და ნუგეშსსცემდა სიყვარულითა თვისითა მრავალთა პირთა. ორთავე განავრცეს პირსა ზედა ქვეყანასა საღმრთო სჯული და დაამყარეს მრავალნი ეკკლესიანი. 

რა განამტკიცებდა და რა აძლევდა ძალასა და ღონესა ორთა ამათ მოციქულთა ესოდენთა ჭირთა შორის და დევნულებათა? როგორ არ მოეწყინათ მათ და როგორ გასძლეს ქვეყანასა ამას შინა, მოკლებულნი ყოვლითა ნუგეშითა და ყოვლითა სოფლიურითა წარმატებითა? მათი სიმტკიცე და მათი ნუგეში იყო იგივე სარწმუნოება და სიყვარული. პეტრე არათუ ითმენდა სულ-გრძელად ყოველსა დევნასა და განსაცდელსა, არმედ უხაროდაცა, ოდეს მიიღებდა ქრისტეს გულისათვის განსაცდელსა; პეტრე, აღვსებული სიყვარულითა, თვით ამ სიყვარულსა შინა ჰპოვებდა თვისსა ნუგეშსა“. 

 

კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანა: 

„წმიდა მოციქულნი პეტრე და პავლე გამოირჩევიან დიდი რწმენით, სიყვარულითა და თავდადებით; გამოირჩევიან ადამიანური დიდი ღირსებებით. ეს არის ორი საოცარი სვეტი აღმართული ქვეყნიდან ზეცამდე. უფალმა წმიდა მოციქულ პეტრეს შემთხვევით არ უბოძა ეს სახელი, რაც კლდეს ნიშნავს. სახარებაში ვკითხულობთ: „ამა კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.“ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პეტრეს რწმენაზე აშენდა ეკლესია. წმიდა ეკლესია დაფუძნებულია სხვა მოციქულებზეც. ყველა მოციქული არის კლდე, მაგრამ მოციქულთა შორის გამორჩეულია წმიდა პეტრე და პავლე. საოცარი თვისებები ახასიათებს პეტრეს! იგი მუდამ პირველია. როგორი მკვეთრი და ნათელი პასუხი გასცა მან მაცხოვრის შეკითხვას: ვინ ვარ, - რას ფიქრობს ჩემზე ხალხიო? მოციქულებმა მიუგეს: ზოგი ამბობს წინასწარმეტყველიაო, ზოგს ელია ჰგონიხარ. მაშინ უფალი მეორედ ეკითხება მათ: „და თქვენ ვინ გგონივართ?“ ყველა მოციქულის სახელით პეტრე მიუგებს: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა!“ ე.ი. იგი აღიარებს უფალ იესო ქრისტეს ძედ ღვთისად. უფალი იესო ამაზე დასძენს: „ეს გამოგიცხადა შენ მამა ზეციერმა... 

 

... პეტრე მოციქული ძალიან ბევრს მოღვაწეობდა და ბოლოს, ძირითადად, რომში იყო, როცა ქრისტიანების საშინელი დევნა დაიწყო, მოწაფეებმა ურჩიეს, დროებით გასულიყო რომიდან. როცა პეტრე მოციქული ქალაქის გალავანს გასცდა, დაინახა, რომ ვიღაც რომისკენ მოდიოდა. რომ მიუახლოვდა, მასში უფალი იესო ქრისტე იცნო, რომელსაც ჯვარი მიჰქონდა (ამ დროს უფალი იესო ქრისტე უკვე ზეცად იყო ამაღლებული და ეს იყო ხილვა). პეტრე მოციქული ეკითხება უფალს: „სად მიდიხარ?“ უფალი პასუხობს: „მივდივარ რომში, რათა მეორედ ვეცვა ჯვარს!“ ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარი გაუჩინარდა. ეს მითითება პეტრე მოციქულმა ღვთისგან მიიღო, რათა დაბრუნებულიყო რომში, სადაც ჯვარს აცვამდნენ. ასეც მოიქცა, მაგრამ როგორ გაძლიერდა! სად გაქრა ის შიში, რომელიც ადრე ჰქონდა?! შეპყრობის შემდეგ პეტრე მოციქულმა, ჯალათებს უთხრა: „მე რა ღირსი ვარ, ჯვარს ვეცვა ისე, როგორც უფალი იესო ქრისტე, არამედ თავდაღმა გამაკარით“. და ვიდრე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ღაღადებდა: „იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი!“ 

 

სულ სხვა პიროვნებაა პავლე მოციქული. მას ძალიან კარგი განათლება ჰქონდა მიღებული ფარისევლების დიდ მასწავლებელთაგან და თვითონაც ამ ფენას ეკუთვნოდა. ჩვენს დროში ფარისეველი დამამცირებელი სიტყვაა; მაშინ კი ეს კასტა გამორჩეული იყო, როგორც თავადები. ეს იყო ძალიან განათლებული ხალხი. ამასთან, პავლე მოციქულს კიდევ ერთი უპირატესობა ჰქონდა სხვა მოციქულებზე, მას შთამომავლობით ჰქონდა რომის მოქალაქეობის წოდება. ქრისტეს სჯულზე მოქცევით სავლე პავლედ იქცა და თავისი ნიჭით ქრისტეს სამსახურში ჩადგა. როცა პავლე ამის გამო შეიპყრეს, თავი მოჰკვეთეს, რადგან ასეთი სიკვდილი უფრო საპატიოდ იყო მიჩნეული (რომის მოქალაქის ჯვარცმა არ შეიძლებოდა, რადგან ეს იყო სიკვდილით დასჯის დამამცირებელი ფორმა). 

 

აი, ასეთი ძალიან რთული ცხოვრება განვლეს წმიდა მოციქულებმა პეტრემ და პავლემ. ისინი დადიოდნენ ქალაქებში, სოფლებსა და დაბებში და უშიშრად აცხადებდნენ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა ცხოველისა და მისი უნდა ერწმუნა ხალხს. ამასთან, პავლე მოციქული მოგზაურობდა წარმართთა შორისაც და ქადაგებდა სახარებას. 

 

ამ მოციქულებს ძალიან მოკლე ტროპარი აქვთ: „მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.“ 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge