Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:08 11.07.2019
"გთავაზობთ საშუალებას, რომელიც ჰაერში ტოქსიკურ გამონაბოლქვს შეამცირებს“ - დავით ჩაჩანიძის ინიციატივა

 

მოქალაქე დავით ჩაჩანიძე, ჩვენს ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ფონთან და ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით, ორ ალტერნატიულ საშუალებას გვთავაზობს, რომელიც, მისივე თქმით, ჰაერში ტოქსიკურ გამონაბოლქვს  შეამცირებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დავით ჩაჩანიძე შესაბამის პირებს საკუთარი ინიციატივით მიმართავს, რომელსაც, „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს

საქართველოს პრეზიდენტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

საქართველოს პარლამენტს

საქართველოს ბუნებისა და გარემოს დაცვის მინისტრს

საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტს თავმჯდომარეს

საქართველოს მწვანეთა პარტიის თავჯდომარეს და პარტიას

და თუ არსებობს საქართველოში ეკოლოგიის გაუმჯობესების  მსურველი საღად მოაზროვნე ადამიანებისა და მეცნიერების ჯგუფი

და სრულიად საქართველოს მოქალაქეებს

 


 

                                                                          


 

ბატონებო და ქალბატონებო,  მოგმართავთ საქართველოს მოქალაქე დავით ჩაჩანიძე, ამ ეტაპზე ჩემს რეგალიაებს არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.


მოგეხსენებათ, თუ რა არასახარბიელო ეკოლოგიური ფონია ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს, ჩვენს დედაქალაქში, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზებით,  რომლეთა ჩამოთვლასაც არ მოვყვები და შევეცდები, რაც შეიძლება მოკლედ და ლაკონურად აგიხსნათ ჩემი მომართვის მოკლე შინაარსი:   საკითხი ეხება ჰაერის დაბინძურებას, რაც სხვადასხვა  ტექნოლოგიების გაუმართაობას,   სისტემების სიძველესა და სხვა უამრავ ფაქტორს უკავშირდება.


ერთ-ერთი სავალალო საკითხია შიდა წვის ძრავების გამონაბოლქვთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც ფლორასა და ფაუნას, ასევე - ადამიანების ჯანმრთელობას, რაც, საბოლოოდ, აისახება  სამედიცინო და ეკო კვლევების დასკვნებში.


მიუხედავად სატარანსპორტო საშუალებების ტექ. დათვალიერებისა,  პრობლემა მაინც არსებობს და იარსებებს მანამ, სანამ საწვავის ხარისხი არ გაუმჯობესდება; ხოლო გაუმჯობესების შემთხვევაში  გარკვეულწილად მისი საფასური გაიზრდება, (რაც, ისედაც არაპროპორციულად გაზრდილია) ეს კი მოსახლეობას ფინანსურად დააწვება და არსებული კრიზისის ფონზე, მეტ პრობლემას წარმოშობს ქვეყანაში. არა და გამოსავალი არსებობს...


დღესდღეობით, გამორიცხულია აიძულოთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომ შეიძინონ და დაამონტაჟონ ძვირადღირებული ეგრეთ წოდებული კატალიზატორები, რომლებიც ჩვენს საწვავს დიდხანს ვერ გაუძლებენ და დანარჩენი კომენტარისაგან თავს შევიკავებ.


გთავაზობთ  ორ საშუალებას რომელიც შეამცირებს ტოქსიკურ გამონაბოლქვს: შედეგი შეგვიძლია შევამოწმოთ  ექსპერიმენტის საშუალებით, როგორც ქიმიური, ასევე -ელექტრომექანიკური.


ექსპერიმენტს ჭირდება ორი ავტომობილი. ერთი, - რომელიც იქნება ბენზინზე მომუშავე, ხოლო მეორე კი - დიზელზე, გნებავთ თქვენი ავტოფარეხიდან იყოს, გნებავთ ქალაქში ნებისმიერი შემთხვევითი მანქანა გამოვიყენოთ.  ეს მანქანები არცერთი არ უნდა აკმაყოფილებდნენ  ტექ.დათვალიერების CO-ს გამონაბოლქვს, ექსპერიმენტს სჭირდება სულ რაღაც 15 წუთი, ყველაზე დაბალხარისხიანი ბენზინი და დიზელის საწვავი ჩაუსხათ  იმ სითხესთან ერთად, რასაც მე შემოგთავაზებთ და ისევ გაისინჯოს გამონაბოლქვზე, ასევე, დაყენდეს ელ. მექანიკური აპარატი და იგივე პროცედურა ჩატარდეს. შედეგებიდან გამომდინარე, თქვენ თვითონ დარწმუნდებით, თუ რა სიახლესთან გვაქვს საქმე რომელიც ყველასათვის სასურველ შედეგს გამოიღებს, თუ თქვენ ჩათვლით საჭიროდ, რომ მომიწვიოთ და გარკვეულწილად დეტალურად მოისმინოთ  ამ გამოგონებების შესაძლებლობები, მე მზად ვარ თქვენს სპეციალისტებთან ერთად და თქვენი თანდასწრებით მოკლე ანოტაციით მოგახსენოთ სამომავლო პერსპექტივა.  ერთად ჩავატაროთ ექსპერიმენტი, რათა დარწმუნდეთ ჩემი წინადადების საფუძვლიანობაში, ხოლო თუ სად არის აპრობირებული, რომელ ქვეყნებში ჩატარდა ექსპერიმენტები და რა შედეგები დაიდო, -  ამაზე ექსპერიმენტის შემდგომ მოგახსენებთ და გაგაცნობთ.


პატივისცემით: დავით ჩაჩანიძე


საკონტაქტო   ტელ: (+995) 599 75 73 20

e-mail. grcdaha@gmail.com

თხოვნაა: პასუხი შემატყობინოთ ნებისმიერ შემთხვევაში“ - ნათქვამია დავით ჩაჩანიძის მიმართვაში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge