Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:44 09.07.2019
საქართველო ზღვარზე! - პოლიციის კორდონით გაყოფილი რუსთაველი და აქციათა ნაირსახეობა

“პოლიციის კორდონით ორად გაყოფილი აქცია რუსთაველის გამზირზე. 8 ივლისის აქციების მთავარი მოტივი იყო, ვინ დაიკავებდა და გაამაგრებდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის კიბეებთან ადგილის დაკავების საშუალება აღარ მისცეს. მთელი დღის განმავლობაში კი სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო. სამართალდამცველებმა კინო "რუსთაველთან" გზა ყვითელი ავტობუსებით ჩაკეტეს და ცოცხალი კორდონიც გააკეთეს. სამართალდამცველების თქმით, აღნიშნული ზომები აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მიზნით მიიღეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველო ზღვარზე! / პოლიციის კორდონით გაყოფილი რუსთაველი და აქციათა ნაირსახეობა

 

"აქციაზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს, სავარაუდოდ, თმის ფერის გამო, უცნობმა პირმა ქამრის ბალთით თავი გაუტეხა. პოლიციის ჩართვის შემდეგ კი ინციდენტი განიმუხტა. მამაკაცი, რომელიც ოჯახთან ერთად აქციაზე მივიდა და სანამ გაერკვია ანტისაოკუპაციო მოძრაობა სად მართავდა აქციას, მანამდე მასზე თავდასხმა მოხდა. დაზარალებულს სასწრაფო დახმარება ექიმება იქვე აღმოუჩინეს და მას თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს. აქციაზე ასევე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ვასაძის და მისი მომხრეების მიერ გამართილ კონტრაქციაზე შესვლა შეძლეს და მეგაფონით გარკვეული განცხადებების გაკეთება სცადეს, თუმცა, მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. პოლიციამ მათი ადგილიდან გაყვანა უსაფრთხოდ შეძლო. ერთ-ერთი პირი, რომელიც პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა, დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილია. როგორც ზუკამ თავად განაცხადა, ის დაკავებული არ ყოფილა და პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდა. ის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეა. დავით ბერძენიშვილის შვილი ამბობს, რომ კონტრაქციის წარმომადგენლებთან ერთადერთი თხოვნით მივიდა, რომ ერთად გაეპროტესტებინათ რუსული ოკუპაცია, რა დროსაც ის პოლიციელებმა გაიტაცეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მოვარდა 20 პოლიციელი, მითხრეს რომ მე ვარ პროვოკატორი და მითხრეს, რომ დამეტოვებინა ტერიტორია. რაზეც ვუთხარი რომ კრემლის სპეცრაზმიც რომ მოვიდეს ჩემი ნებით არ დავტოვებ მეთქი და მათაც არ დამაყენეს. ოცმა ადამიანმა ამიტაცა და სადღაც წამიყვანეს. მთელი გზა მიმეორებდნენ, რომ თვითონ არ არიან ჩემს მიმართ მტრულად განწყობილები. მეც ვუმეორებდი, რომ ის, ვინც დღეს მათი უფროსია, არის ამ ქვეყნის მტერი," - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ ვასაძე და მისი მხარდამჭერები ხელისუფლების დაკვეთით ცდილობენ ჩაახშონ მათი ხმა. „არასოდეს გახარია, არასოდეს არ დამთავრდება ანტისაოკუპაციო მოძრაობა საქართველოში და შენ გადადგები," - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ასევე დეპუტატები და „პატრიოტთა ალიანსის" წევრები ადა მარშანია და ემზარ კვიციანი მივიდნენ. პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი ცდილობდა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებთან გადასვლას და პოლიციის კორდონის გარღვევას, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. ამას კვიციანის და მასთან ერთად მყოფი პირების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კი აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. მისი თქმით, თალაკვაძე უნდა მივიდეს აქციაზე და დადოს პირობა, რომ გაუქმდება ანტიდისკრიმინაციული კანონი. „მობრძანდეს პარლამენტის თავმჯდომარე აქ და მოგცეს პირობა, რომ გაააუქმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს", - განაცხადა ლევან ვასაძემ. მთელი დღის განმავლობაში კი მოვლენები ასე ვითარდებოდა: „თბილისი პრაიდი", სასულიერო პირები, ლევან ვასაძე მოხმრეებით და „ანტისაოკუპაციო მოძრაობა", -8 ივლისს ყველა მათგანი ღირსების და საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობდნენ. თუმცა, მათგან აქციების გამართვა თავდაპირველად ვასაძემ და სასულიერო პირებმა შეძლეს. მათ რუსთაველის გამზირი შუადღის საათებში დაიკავეს და იქ მყოფ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს მისვლის საშუალება აღარ მისცეს. ადგილზე, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები კარვებში შიმშილობენ, რომლებიც მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კი კონტრაქციის გამართვა რუსთაველის მოედანზე მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ლგბტ თემის ღირსების მარში „თბილისი პრაიდმა" ჩაშლილად გამოაცხადა. მიუხედავად ამის, ისინი მაინც შეიკრიბნენ და ვასაძემ განაცხადა, რომ ისინიც მანამდე იქნებიან, სანამ „თბილისი პრაიდი" ახალ აქციას არ დაანონსებს, რადგან მისი ჩატარების საშუალება არ მისცენ. ჰომოფობიური განცხადებებიდან, კონტრაქციის მონაწილეები უკვე პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე გადავიდნენ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები გააკრიტიკეს. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებისთვის გაუგებარია, რატომ აპროტესტებენ ახალგაზრდები ქვეყნის რუსულ ოკუპაციას და რატომ ითხოვენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას წასვლას”, - დასძენს გამოცემა.

 

"ქართული ლიდერის" თავმჯდომარე, ლევან ჩაჩუა აცხადებდა, რომ აქციის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან წასვლას არ აპირებენ. მისივე თქმით, მთავარი მოთხოვნები, რისთვისაც ისინი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნაა. დღის განმავლობაში პარლამენტთან ვითარება რამდენიმე წუთით დაიძაბა, როდესაც ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა ბოთლები ესროლეს. ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორმა, ზურაბ ბერძენიშვილმა ლევან ვასაძეს რუსეთის აგენტი უწოდა, როცა ამ უკანასკნელმა აქციაზე გამოაცხადა მოთხოვნები - ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუქმება და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. ამას მომიტინგეებში ხმაური და ჩოჩქოლი მოჰყვა, ვასაძემ კი პროვოკატორი უწოდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ზურაბ ბერძენიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფს მიაყენეს და წყალი შეასხეს. აქციაზე მყოფი სასულიერო პირები კი, რომელბიც ლევან ვასაძესთან ერთად „თბილისი პრაიდის" ჩატარებას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ისინი დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგნენ და ვითარების განმუხტვა შეძლეს. საღამოს კი რუსთაველზე ლგბტ თემის დროშა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გამოჩნდა. დრონის მეშვეობით, ცაში ლგბტ თემის დროშა იმ დროს აფრიალდა, როდესაც პარლამენტის წინ, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები "თბილისი პრაიდის" ჩატარებას აპროტესტებდნენ. "თბილისი პრაიდის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, გიორგი თაბაგარი განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ ეს ჟესტი მათი მხრიდან, ერთგვარი პარტიზანული პერფორმანსი იყო. მისი თქმით, „თბილისი პრაიდმა" ამ ნაბიჯით საკუთარი სათქმელი გამოხატა. ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა კი თავის მხრივ მომხრეებს რუსთაველის გამზირზე 19 დღის განმავლობაში მიმდინარე აქციის გაგრძელებისკენ მოუწოდეს. ორგანიზატორების განცხადებით პარლამენტის წინ წყდება, თუ ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, პრორუს ძალებს, თუ დამოუკიდებელ ხალხს. ორგანიზატორებმა ასევე მომხრეებს მოუწაოდა, რომ 8 ივლისს 19:00 საათზე რუსთავველის გამზირზე აქციაზე მისულიყვნენ. საღამოს რვის ნახევრისთვის „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებმა კი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართეს. მცირე წარმომადგენლობით პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ „ღირსების მარში" მაინც შედგა. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ მინისტრმა მათი უსაფრთხოება არ უზრუნველყო და განუცახდათ, რომ მათ ვერც ტრანსპორტირებას და ვერც დაცვას ვერ შეძლებდა. რამდენიმე წუთიანი პროტესტის შემდეგ სამინისტროს მიმდინარე ტერიტორია პროვოკაციების საფრთხის გამო დატოვეს. მას შემდეგ კი რაც ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა გაიგეს, რომ „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები სამინისტროსთან იყვნენ შეკრებილები, ნაწილმა უწყების მიმართულებით გადაინაცვლეს. თუმცა ის ადგილი ლგბტ წევრებს უკვე დატოვებული ჰქონდათ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი