Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:07 05.07.2019
რა ახალი სამხილებები აქვს პროკურტურას, რითაც ამტკიცებს, რომ "გავრილოვის ღამეს" გადატრიალება იგეგმებოდა

“სახელმწიფო გადატრიალება, ქვეყანაში არეულობის გამოწვევა და ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდება. პროკურატურამ 20-21 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებზე გამოძიების პირველადი შედეგები წარმოადგინა. შესაძლოა ნიკა მელიას გარდა ბრალი სხვებსაც წაუყენონ. თუმცა უწყებას ბრიფინგზე ახალი მტკიცებულებების შესახებ კონკერტულად არ უსაუბრიათ. ამიტომაც ისმება კითხვა, რამდენად რეალური მტკიცებულებები აქვს პროკურატურას იმისთვის, რომ ამ ვერსიის დამტკიცება შეძლოს. იურისტები და პოლიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ 2016 წლიდან მსგავსი მუხლებით დაწყებული გამოძიება არა ერთი ყოფილა, თუმცა ბოლომდე დასრულებეული არცერთი გვინახავს და არც ვინმე პასუხისგებაში მიცემული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა ახალი სამხილებები აქვს პროკურტურას, რითაც ამტკიცებს, რომ "გავრილოვის ღამეს" გადატრიალება იგეგმებოდა

 

"იურისტები ამბობენ, რომ პროკურატურამ უნდა ახსნას, ამ ორ კვირაში რა ისეთი მტკიცებულებები მოიპოვეს, რომლის მიხედვითაც მუხლის ასეთი მძიმე ფორმით გადაკვალიფიცირება მოხდა. მათი აზრით, არსებული საჯარო მასალებისა და ანალიზის მიხედვით, 20 ივნისს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფის ქცევამ უკონტროლო ძალადობრივი ხასიათი ნამდვილად შეიძინა და პოლიციას შეკრების თავისუფლებაში ჩარევის და აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი მისცა. თუმცა, აქციის შეწყვეტის დროს პოლიციამ უგულებელყო აქციის დაშლისთვის კანონით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის სათანადოდ არ გამოიყენა მოლაპარაკებების რესურსი, რაზეც საუბარი იყო და ოპოზიციის მხრიდან ამაზე მზაობაც გამოითქვა. იურისტები ამბობენ, რომ პროკურატურამ ასევე უნდა დაადგინოს და გამოკვეთოს ვინ იძლეოდა უკანონო ბრძანებებს. მათი თქმით, პოლიციას არ გააჩნდა აქციის დაშლისა და ადამიანების მასების მართვის ეფექტიანი, გონივრული და ზედმიწევნითი გეგმა. პოლიციამ მასობრივად და განურჩევლად გამოიყენა ჭარბი საპოლიციო ძალა და აშკრად დაარღვია სპეციალური საშუალებების გამოყენების თანმიმდევრობა და წესები, რამაც შედეგად დემონსტრანტთა მძიმედ დაშავება და ზოგიერთ შემთხვევაში, გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია. ასევე აღსანიშნავია, რომ გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი ადამიანები არ იყვნენ შეიარაღებულები და პარლამენტში შესვლას არა სამუშაო საათებში ცდილობდნენ. მათი აზრით, ორივე მხრიდან იყო კონკრეტული დარღვევები, რაზეც პროკურატურამ ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"პროკურატურაში კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების და ათეულობით მოწმის ჩვენებების საფუძველზე საგამოძიებო უწყება მივიდა დასკვნამდე, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა და ხელში ჩაგდება. „ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ძალების უშუალო ძალისხმევით. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შსს-ში გამოძიება გაგრძელდება სისხლის სამართლის 225-ე და 315 მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს, ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. უახლოეს მომავალში გაიზრდება ბრალდებულთა რიცხვი, რის შესახებაც საზოგადოება პერიოდულად იქნება ინფორმირებული, - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მათ მოახერხეს აღნიშნული მცდელობის განეიტრალება და გამოძიების ფარგლებში შესაბამისი მასალების შესწავლა ამ დრომდე გრძელდება”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"პროკურატურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზეც. გამოძიების პროცესში დაიკითხნენ მოწმეები, მედიის წარმომადგენლები და საგამოძიებო უწყებამ მტკიცებულებების სახით გამოითხოვა ტელევიზიაში გასული კადრებიც. საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება, რისთვისაც სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანზაციებთან თანამშრომლობს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ პროკურატურის მხრიდან გარკვეული ჟონგლიორობა ვიხილეთ, რათა თემების ერთმანეთით გადაფარვა და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა მოხდეს. მისივე თქმით, ბოლო წლებში ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობის მუხლით არაერთი საქმე აღძრა, თუმცა არც ერთი გამოუძიებია. ამიტომაც ამ გამოძიებასაც მსგავსი ბედი ეწევა. „პროკურატურას არანაირი ახალი მტკიცებულება არ გაუჟღერებია. თუ საქმის კვალიფიკაცია შეცვალეს, ამისთვის უნდა ჰქონდეთ კონკრეტული საბუთები: ვინ რა და როგორ დაგეგმა. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ეს მეხუთე თუ მეექვსე შემთხვევაა, როდესაც გვეუბნებიან, რომ ვიღაცეებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა. მერე იწყება ეს გამოძიება, მაგრამ ბლომდე არც ერთი მათგანი არ მიდის. მხოლოდ ცარიელი ლაპარაკი, მტკიცებულებებით გამაგრებული მე ვერცერთი ეს გამოძიება ვერ ვნახე. თუკი არის ასეთი საბუთები, მაშინ უნდა იმოქმედონ სწრაფად და ეფექტურად. თუმცა გამოსაძიებელია, როგორც კორდონის გარღვევის მცდელობა, ასევე გამოსაძიებელია მეორე ნაწილი - მოქალაქეების დასახიჩრების ფაქტები გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენებით,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება თავის ქმედებებში არაპროგნოზირებადია, ამიტომაც გამორიცხული არ არის, რომ მელიას გარდა სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენონ. მისივე თქმით, მაჩალიკაშვილსაც აბრალებდნენ, რომ ტერორისტია და ახლა ეს კაცი ქუჩაში თავისუფლად დადის. არაფერსაც არ უმტკიცებენ. ამიტომაც უსუფაშვილს ამ ხელისუფლების არცერთი ნათქვამი სიტყვის არ სჯერა”, - დასძენს გამოცემა.

 

"იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მსგავსი მძიმე მუხლებით გამოძიების დაწყება მყარ მტკიცებულებებს და ახალ გარემოებებს უნდა ეფუძნებოდეს. პროკურატურამ მშრალი განცხადების მაგივრად კონკრეტულად უნდა ახსნას, ამ ხნის განმავლობაში რა ისეთი მტკიცებულებების მოპოვება შეძლეს, რომლის მიხედვითაც მუხლები ასე მძიმე კატეგორიებად გადაკვალიფიცირდა. 2016 წლიდან დღემდე მოყოლებული ბევრი მსგავსი გამოძიება გვინახავს, რომელიც დასრულებული და პასუხისგებაში ვინმე მიცემული არასდროს ყოფილა. ეს აქცია არ იყო პარტიული და პოლიტიკური აქტივის მიერ მართული. ეს იყო აქცია, რომელიც გაბრაზებული და აღშფოთებული ხალხისგან შედგებოდა. ამიტომაც უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ორგანიზება და შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ცოტა ლოგიკას მოკლებულია. „ხელისუფლებას ჰგონია, რომ პოლიტიკურ ლიდერებს თუ დააშინებს და დააკავებს, ამით ის საპროტესტო მუხტი გაქრება, რომელიც გავრილოვის გამო დაიწყო. ეს უფრო ხელისუფლების მხრიდან თემის გადაფარვა და როგორმე საკუთარი დანაშაულის ვინმზე გადაბრალების მცდელობა მგონია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაღაცის გასაპროტესტებლად სპონტანურად ქუჩაში გამოვიდეს და ხელისუფლების ქმედება დაგმოს. 20 ივნისის ქრონოლოგიას თუ გავყვებით, კარგად დავინახავთ, რომ ეს იყო გაბრაზებული ხალხის სპონტანური შეკრება. კადრებში კარგად ჩანდა, რომ დაკავებულ ადამიანებს არანაირი შეიარაღება არ ჰქონდათ და სრულიად შიშველი ხელებით ხელისუფლების ქმდებას აპროტესტებდა. არასამუშაო საათებში, როდესაც პარლამენტში შიშველი ხელებით შედიხარ და ამ ყველაფერს კობახიძის უგუნური განცხადება უძღვის, ეს სახელმწიფო გადატრიალება ვერ იქნება. გასაგებია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან იყო არასწორი და უპასუხისმგებლო მოწოდებები, მაგრამ ეს სახელმწიფო გადატრიალებას არ ნიშნავს“, - აცხადებს მუხაშავრია „რეზონანსთან“. მისივე თქმით, ასევე გაუგონარია და პროკურატურამ ესეც უნდა გამოიძიოს, როდესაც ოპოზიციის ლიდერები გახარიასთან მოლაპარაკებაზე მიდიან და მოულოდნელად დარბევა იწყება. თუკი გადატრიალება სურდათ, მოლაპარაკებაზე რატომ მიდიოდნენ? ასევე რა შეიცვალა ხუთ წუთში ისეთი, რომ აქციის დარბევის აუცილებლობა გაჩნდა? მუხაშავრია ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალება თუ შიშველი ხელებით, ცარიელ პარალმენტში ხდებოდა, მაშინ საქართველოს პროკურატურა მსოფლიოში პირველი იქნება, რომელიც ამის დამტკიცებას შეძლებს. ხოლო თუ ეს დაამტკიცა, მაშინ გამოვა, რომ საქმე უფრო ცუდად გვქონია ვიდრე გვეგონა, რადგანაც მშვიდობიანი მომიტინგეები სახელმწიფო გადატრიალებას გიწყობენ და წინასწარ ამის თავიდან აცილებას ვერ ახერხებ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge