Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:17 01.07.2019
“გახარიას პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ მას კითხვებზე პასუხი არა აქვს”

“სპინოზობა არ იყო საჭირო იმის დასანახავად, თუ რას გამოიწვევდა რუსი დეპუტატის სპიკერის სკამში ჩაბრძანება… ამ მთავრობის ყველა ნაბიჯი იყო დაგვიანებული. საბოლოოდ მაინც გადადგა კობახიძე, მაგრამ ეს საკმარისი აღარ აღმოჩნდა. იმავე დღეს უნდა ჩამობრძანებულიყო და წასულიყო, ისევე როგორც 20 ივნისსვე უნდა დაეტოვებინა პარლამენტარის მანდატი ზაქარია ქუცნაშვილს. ჩვენს მთავრობაში მყისიერი მოქმედებებისთვის, გადაწყვეტილებებისთვის მზად არ არიან. აუცილებლად უნდა შედგეს რაღაც პოლიტსაბჭო, იმსჯელონ... არადა, თავის დროზე რომ წასულიყო კობახიძე, არც დარბევა იქნებოდა და არც არაფერი მოხდებოდა. ამიტომაც არის ჩვენი მთავრობა ცუგცვანგში - წინასწარ კი არ დგამს პრევენციისთვის ნაბიჯებს, არამედ ელოდება ამა თუ იმ მოვლენაზე საზოგადოების რეაქციას, საბოლოოდ უშვებენ ტრაგიკულ შეცდომებს, რის მერეც იძულებული ხდებიან, გადადგან ნაბიჯები, რომელიც მათ მდგომარეობას აუარესებს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე რომ შს მინისტრი ვყოფილიყავი, 21 ივნისსვე გადავდგებოდი” / “ეს იყო თითქმის პუტინის დონეზე დაგეგმილი პროვოკაცია, რათა ვითარება გაემწვავებინათ საქართველოში და უფრო გაერთულებინათ ისედაც რთული ქართულ-რუსული ურთიერთობები”.


“ჩემი აზრით, 2020 წელს მივიღებთ ძალიან კარგ პარლამენტს - გაცილებით საინტერესოსა და დემოკრატიულს. მრავალპარტიული პარლამენტის პირობებში, ვფიქრობ, გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ახალი ეტაპი იქნება. არ იქნება ასეთი პარლამენტის მართვა ადვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს სირთულეები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას მხოლოდ გააჯანსაღებს. თუმცა ვფიქრობ იმასაც, რომ ძალიან რთული იქნება ამაზე ოპოზიციის დაყოლიება. საქმე ის არის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველოც” მშვენივრად გრძნობენ თავს. ისინი არიან პარლამენტში, არაფერზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა და დღენიადაგ დედას იგინებიან. როცა პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, ამის ფუფუნება არ ექნებათ და მათი მავნე პოლიტიკური აქტივობებიც დასრულდება. ამიტომაც არ მოსწონთ შეთავაზებული ნულოვანი ბარიერი - რა თქმა უნდა, იხეილ სააკაშვილმაც ამიტომ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისკენ და ძალიან კარგი პასუხიც მიიღო - შეგიძლიათ გადასცეთ ექსპრეზიდენტს, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა – არაო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შანდრო თვალჭრელიძე.

 

“ჩემი აზრით, საქმე გვაქვს ახალი ტიპის პროტესტთან, როდესაც ინიციატივა აიღო სამოქალაქო საზოგადოებამ, რომლის ნააზრევი ხშირად მისაღებია. მაგალითად, როცა ავიდნენბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, მას წითელი ბარათი კი არა, ყვითელი უჩვენეს, რაც ბევრის მთქმელია. მათ არ სურთ ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გარეშე, რაც სწორია. უბრალოდ უნდათ, რომ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება მიაქციოს ხალხის ნებას. ეს აპოლიტიკური მიდგომაა და ჩემი აზრით, მათი პროტესტის სათავისოდ გამოყენება პოლიტიკურ ძალებს არ გამოუვათ. თუ ეს ახალგაზრდები უფრო ღრმა განათლებას მიიღებენ, ვფიქრობ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას მართლაც მნიშვნელოვნად შეცვლიან. ჩემი აზრით, ცდება ხელისუფლება, თუ ჰგონია, რომ მუხტი განელდება და აქციებიც შეწყდება. თუ დროულად არ მიიღეს გადაწყვეტილებები, უნდა ველოდოთ, რომ მომავალ არჩევნებამდე, მთელი ერთი წლის განმავლობაში, მუდმივი დაძაბულობის მომსწრენი ვიქნებით. მეეჭვება, ხელისუფლება ამაზე წავიდეს. ვფიქრობ, დაგვიანებით, მაგრამ რაღაც გადაწყვეტილებებს მიიღებენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“მე რომ შს მინისტრი ვყოფილიყავი და მენახა, რომ ჩემი ხელქვეითები მოვალეობას კანონის თანახმად არ ასრულებენ, 21 ივნისსვე გადავდგებოდი. გახარიას პრესკონფერენციიდან სამ საკითხს გამოვყოფდი: პირველი - როგორც ჩანს, გახარიას არ ჰყავს კარგი პიარსპეციალისტები. წარმოიდგინეთ, აქციაზე ადამიანებმა დაკარგეს თვალისჩინი, ის კი მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში, მგონი, ყველა კითხვის პასუხს იწყებდა ფრაზით: “აი, ნახეთ...”, რაც ძალიან გამაღიზიანებელი იყო. მეორე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გახარიამ არ იცოდა, რა ტიპის ტყვიები აქვს შსს-ს. ზოგადადაც, არ იყო გარკვეული საგანგებო სიტუაციების მართვის პროტოკოლში. განაცხადა, პროტოკოლი, ალბათ, შესაცვლელიაო. კი მაგრამ, ამდენ ხანს რას აკეთებდა?! მესამე საკითხი ის არის, რომ დარბევის დროს მოხდა უბედური შემთხვევები, რაც ხდება ყველგან - გავიხსენოთ საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” აქციები, მაგრამ უთვალოდ არავინ დარჩენილა. რადგან ხალხს თვალები დაუზიანდა, გამოდის, რომ ესროდნენ თავში, დამიზნებით”, დაასკვნის ექსპერტი.

 

“ამგვარი ბრძანება რომ ყოფილიყო გაცემული, დაშავებული გაცილებით მეტი იქნებოდა, ანუ გამოდის, რომ ზოგიერთი სპეცრაზმელი იქცეოდა აგრესიულად… ისმის კითხვა: ვინ არიან ეს სპეცრაზმელები? სავარაუდოდ, მათი უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისასაც იყო ამ სამსახურში, როდესაც აქციებზე ხალხს სასტიკად არბევდნენ, ანუ მათ აქვთ ეს აგრესიული და სასტიკი დამოკიდებულება პროტესტანტების მიმართ, ამიტომაც აუცილებელია ძალიან ხისტი პროტოკოლი და კონკრეტული ბრძანებების გაცემა... როდესაც ადამიანს მისცემ იარაღს და მისი გამოყენების უფლებას, ძალიან მკაცრი რეგლამენტიც უნდა დაუწესო - როდის და როგორ გამოიყენოს ეს იარაღი. დარწმუნებული ვარ, გახარიას ისეთი ბრძანებები, რასაც სპეცრაზმელები აკეთებდნენ, არ გაუცია, მაგრამ მას ვითარების მართვის სადავე გაექცა ხელიდან და, უპირველესად, სწორედ ამის გამო იმსახურებს გადადგომას. ჩემი აზრით, გახარიას პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ მას კითხვებზე პასუხი არა აქვს. რასაც ამბობდა, ეს, ზოგადად, სწორია... მეორე მხრივ, თუ გახარია მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ გამოიძიებს ძალის გადამეტების შემთხვევებს და შემდეგ წავა, საპროტესტო მუხტი ჩაცხრება”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.

 

“ვფიქრობ, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულ ჯგუფებს გადატრიალების მოწყობა უნდოდათ. ის ადამიანები, რომელთა სახეებიც ვნახეთ, აშკარად მიხეილ სააკაშვილის “ზონდერ ჯგუფებს” მაგონებდნენ. მიმაჩნია, რომ ამ აგრესიაზე ხელისუფლების პასუხი აუცილებელი იყო, ოღონდ არა ასეთი ფორმით. რაც შეეხება მომხდარზე პასუხისმგებლობას, ამას მთელ ოპოზიციას ვერ დავაკისრებთ, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” ნამდვილად მიუძღვის ლომის წილი. რა თქმა უნდა, იქ აშკარად იყო პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებები. რაც უნდა ამტკიცოს მელიამ, რომ ასე არ ყოფილა, მისი ნათქვამი ყველამ მოვისმინეთ! როცა მელიამ განაცხადა, მოდით, მშვიდად შევიდეთ პარლამენტშიო, რა, არ იცოდა, რომ ამ ხალხს პარლამენტში არავინ შეუშვებდა? ეს იყო ფარისევლობა და მეტი არაფერი. ჩემი აზრით, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. სასამართლოს გადაწყვეტილებაც მესმის - პროკურატურის წარდგენილი ბრალდება არ ჩანდა მაინცდამაინც კარგად დასაბუთებული. ვფიქრობ, საქმე ისევ და ისევ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ჩემი აზრით, ის პარტია, რომელიც მოქალაქეებს სახელმწიფო ორგანოებში შეჭრისკენ მოუწოდებს, უნდა აიკრძალოს!”, - თვლის რესპონდენტი.

 

“არ ვიცი, ივანიშვილი დაბრუნებას აპირებს თუ არა, მაგრამ ამ ეტაპზე მთავრობის გადადგომა იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას სახეს შეუნარჩუნებდა. ასე სხვის მოთხოვნებს კი არ დააკმაყოფილებდნენ, არამედ იტყოდნენ, რომ ამ მთავრობამ ვერ გაართვა თავი რთულ სიტუაციებს და უნდა შეიცვალოს. შესაბამისად, ეს დაძაბულობის მუხტს აშკარად გაანეიტრალებდა. არ ვიცი, რატომ არ აკეთებენ ამას? ეს იქნება ამ სიტუაციაში ყველაზე რაციონალური და სწორი ნაბიჯი… ჩემი ღრმა რწმენით, ის, რაც მოხდა, თავიდან ბოლომდე იყო ძალიან კარგად დაგეგმილი რუსული პროვოკაცია. არ აწყობს კრემლის ხელმძღვანელობას საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციის ბოლოდროინდელი ტემპი. ბოლო ხანს აშკარა იყო მათი უკმაყოფილება და დაგვარტყეს ისეთ მტკივნეულ ადგილას, რასაც საქართველოს ეროვნული ღირსება ჰქვია. ვერავინ დამარწმუნებს, რომ გავრილოვი სპონტანურად მოხვდა ჩვენს პარლამენტში და ამას ასევე სპონტანურად მოჰყვა კრემლის უმაღლესი თანამდებობის პირების ასეთი რეაქცია. მეტიც - დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო თითქმის პუტინის დონეზე დაგეგმილი პროვოკაცია, რათა ვითარება გაემწვავებინათ საქართველოში და უფრო გაერთულებინათ ისედაც რთული ქართულ-რუსული ურთიერთობები. რაც შეეხება ემბარგოს... მგონი, ტრადიციად იქცა, რომ რუსეთის მიერ ჩვენს საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს განვითარებაზე ძალიან კარგად მოქმედებს. მაგალითად, რუსული ემბარგოს შედეგად გაუმჯობესდა ჩვენი ღვინის ხარისხი, შედეგად მოვახერხეთ ევროპულ ბაზარზე შესვლა და ა.შ. ახლა ამ ტურიზმთან დაკავშირებული სკანდალით ლამის მთელ მსოფლიოს გააგებინეს, რომ საქართველო ტურისტული ქვეყანაა”, - დასძენს თვალჭრელიძე და შეკითხვაზე – “რადგან მომხდარს რუსულ პროვოკაციად აფასებთ, ისმის კითხვა: ქართველთაგან ვინ მონაწილეობდა მის განხორციელებაში?” – პასუხობს:

 

“პროვოკაციისთვის ხელშეწყობა, ვფიქრობ, გამიზნული და გააზრებული არ ყოფილა. არა მგონია, ზაქრო ქუცნაშვილს ამდენის გათვლის უნარი ჰქონდეს - ამ კაცმა, მგონი, რუსულიც კი არ იცის ნორმალურად. ფიქრობდნენ ალბათ, მოვიწვიოთ რუსი დეპუტატები და პარლამენტის დარბაზში მოვასმენინოთ ჩვენი გინებაო. ამას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ვერც წარმოიდგინეს. მოკლედ, მოატყუეს ეს ხალხი პატარა ბავშვებივით. განსაკუთრებით დიდია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობა, რომელზეც სულ ვამბობდი, “ბოლო გაჩერების სინდრომი” სჭირს, ანუ თავის კომპეტენციაზე მაღალ თანამდებობაზეა-მეთქი. საბოლოოდ კი ეს კრიზისი “ქართულმა ოცნებამ” და მთელმა ხელისუფლებამ მიიღო იმიტომ, რომ არავის უსმენენ, არ ჰყავთ ანალიტიკოსები და, რაც ყველაზე სავალალოა, მათ შორის პროფესიონალი პოლიტიკოსი ძალიან ცოტაა”.

ავტორ(ებ)ი : კვირის პალიტრა