Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:13 01.07.2019
"ყველა ჩემს მეგობარს ვურჩევ, ეწვიოს საქართველოს, აქ ძალიან მეგობრული და საოცრად კარგი ხალხია" - ვლადიმირ პუტინი

"ყველა ჩემს მეგობარს ვურჩევ, ეწვიოს საქართველოს, აქ ძალიან მეგობრული და საოცრად კარგი ხალხია" - ამის შესახებ კომპანია Minewall-ის დამფუძნებელმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ეწვია. მისი თქმით, ის საქართველოში პირველადაა და ქვეყნის არქიტექტურით, ხალხის სტუმართმოყვარეობით და კონფერენციაში მონაწილე ადამიანებით მოხიბლულია.

 

 

 

„ძალიან საინტერესო ივენთი გამოვიდა. სპიკერებიც, ორგანიზატორებიც ძალიან საინტერესო ხალხია. მთლიანობაში ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავია. აუცილებლად დავესწრები სხვა კონფერენციებსაც, რომელიც საქართველოში მომავალში გაიმართება. დიდი ხანი არაა, რაც აქ ვარ, მაგრამ იმისთვის, რომ შთაბეჭდილება შევიქმნა, საკმარისია. აქ ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი ცხოვრობს, მთლიანობაში ძალიან მომეწონა ქვეყანა. აქ მშვიდი ვითარებაა. ყველაფერი ძალიან ლამაზია. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ეროვნულმა ცეკვებმა.




რაც შეეხება პოლიტიკურ მოვლენებს, ორგანიზატორებმა მაშინვე გვითხრეს, რომ ინფორმაცია, რომელიც რუსეთში ვრცელდება,  გადაჭარებბულია. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ არ უნდა ვენდოთ ყველაფერს, განსაკუთრებით რუსული მასმედიის საშუალებებს, ჩვენთან ამ მხრივ ძალიან ცუდი სიტუაციაა. მე მითხრეს, რომ აქ სიმშიდეა, უბრალოდ, ხალხი გამოვიდა მიტინგზე, რაც ნორმალურია. ჩვენთანაც არის მიტინგები, უბრალოდ, ჩვენი მასმედია ამას არ აშუქებს.




რა შეეხება სანქციებს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა დაუწესა საქართველოს, ვგულისხმობ ავიარეისების აკრძალვას, ვფიქრობ, ამაზე ის ადამიანები წამოეგებიან, ვისაც თავისით აზროვნების უნარი არ აქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, მე ყველა ჩემს მეგობარს ვურჩევ აქ ჩამოსვლას. შემოვლითი გზებით თუნდაც. ვფიქრობ, რომ ყველა მათგანი აუცილებლად უნდა ეწვიოს ამ უმშვენიერეს ქვეყანას!"- აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქმა 10-ზე მეტი ქვეყნის 100 წარმომადგენელს ბიზნესცენტრ „ტერმინალში" უმასპინძლა. საერთაშორისო კონფერენციას - "ციფრული ციებ-ცხელება თბილისში" სფეროს ენთუზიასტები უკრაინიდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ესტუმრნენ. ციფრული ინდუსტრიის ლიდერები - ბიზნესმენები, სტარტაპერები, საჯარო მოხელეები, აიტი სპეციალისტები, ინვესტორები საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით შექმნილ ვითარებას ეცნობიან და ქართულ ეკონომიკაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობებსაც განიხილავენ. არაფორმალური შეხვედრების ნაწილში კი სტუმრები მცხეთას და მის მიმდებარე ტერიტორიას მოინახულებენ.

 

 

 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან - Digital Georgia (საერთაშორისო ინიციატივა საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისთვის მიმართულებით) და Crypto Tour Georgia (ციფრული ბიზნესტურიზმის ოფიციალური ტუროპერატორი საქართველოში)

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge