Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:25 12.06.2019
"ახლაც ასეა - ვინც ხელისუფლებაშია ან მასთან დაახლოებული, კომპასიც არა სჭირდება, ისე იოლად იგნებს გზას"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუტარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"თავისუფალი ბაზარი ერთგვარი სტიქიაა; სტიქიურ უბედურებად რომ არ იქცეს, მეწარმე სუბიექტებსაც და მთლიანობაში საზოგადოებასაც, სათანადო აღჭურვილობა და ინსტრუმენტები სჭირდებათ. ხომ აშკარაა, რომ არც ერთი ჭკუათამყოფელი მეზღვაური, თუ სათანადოდ აღჭურვილი არ არის, საკუთარ თავს ზღვის სტიქიას არ ანდობს და უკომპასოდ ზღვაში არასდროს გავა...


„ბენდუქიძის ეკონომიკური სკოლის“ (რასაკვირველია, ეს სახელდება ხაზგასმით ირონიულია) წარმომადგენლები, რომლებიც თავისუფალი ბაზრის ყველაზე გამორჩეული მეხოტბენი არიან ჩვენში, კომპასის საჭიროებაზე არასდროს არაფერს ამბობენ, ხოლო ამ საბაზრო სტიქიას ისე ეთაყვანებიან, როგორც პირველყოფილი ველურები ღმერთებად შერაცხულ ბუნების ძალებს..


...არადა, მთავარი კომპასის როლს, როგორც წესი, სახელმწიფო იღებს ხოლმე თავზე, თუნდაც ისეთი პირწმინდად ლიბერალური ეკონომიკის ქვეყანაში, როგორიც აშშ-ია. როგორია ეს „კომპასის როლი“? მაგალითად, ასეთი: აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველწლიურად, თუ არა ვცდები ორჯერ - ადრეულ გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე, აქვეყნებს მოხსენებებს, რასაც მთელი ქვეყნა მოუთმენლად ელოდება: ამ მოხსენებაში უწინარეს ყოვლისა, საპროგნოზო მაჩვენებლებია სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე; სისტემატიზებული და სანდო ინფორმაციია - მოსალოდნელი მოსავლის, ბაზარზე არსებული სავარაუდო მოთხოვნისა და ასევე, ფასების შესაძლო მატებისა ან პირიქით, კლების შესახებ; ეს მოხსენება დიდწილად განსაზღვრავს ხოლმე თავად რეალურ საბაზრო ფასებსაც და რაც მთავარია, ყოველი მეწარმე სუბიექტი, ასევე მომხმარებელიც, ამ მოხსენებას სწორედ კომპასივით იყენებს, რათა სამომავლოდ საკუთარი გეზი , ე.ი. „საბაზრო სტრატეგია“, ცხადია, არა სახელმწიფოს კარნახით ან ჩარევით, არამედ სწორედაც საკუთარი პასუხისმგებლობით, თავადვე განსაზღვროს; ინვესტორები ამის მიხედვით აფასებენ, სოფლის მეურნეობის თუ კვების მრეწველობის რა დარგებია პერსპექტიული, ფერმერები - სამომავლოდ რისი მოყვანა ჯობს, მომხმარებელი - კვების რა რაციონი იქნება მაქსიმალურად სასარგებლო და ხელსაყრელი...


...ახლანდელი ჩვენი ხელისუფლება, მადლობა ღმერთს - „ბენდუქიძის ეკონომიკურ სკოლას“

განუდგა, თუმცა - მხოლოდ სიტყვით და არა საქმითაც; სინამდვილეში - კომპასის შესახებ, მასაც ,ვგონებ, ბევრი არაფერი სმენია; თუმცა გემის მესაჭეობას კი იჩემებს; მართლაც - რომ დავფიქრდეთ, რას გვიკეთებს ახლა ჩვენი სოფლის მეურნეობის სამინისტრო? ვერ ვიტყოდი, რომ არც არაფერს, რადგან თუნდაც ის, რომ ფაროსანას ებრძვის - დიდი საქმეა. ასევე - სტიქიისაგან (არა მხოლოდ ბუნებრივი, არამედ უწინარესად - სწორედაც რომ საბაზრო სტიქიისგან) დაქცეულ მეურნეებსაც ხანდახან ხელს უმართავს და ამას წინათ, საერთოდაც უფასოდ მოუხნა დიდი ხნის მოუხნავი მოსახნავი, თუმცა... რაც მთავარია, იმას არ აკეთებს! ვერც გააკეთებს, რადგან აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მსგავსი მოხსენების მოსამზადებლად არათუ სისტემატიზებული და სანდო, არაედ - საერთოდაც არავითარი ინფორმაცია არა აქვს. უარესი - წარმოდგენაც კი არა აქვს ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ არც არავის - არა თუ მოსალოდნელ მოსავალზე, არამედ - 2004 წლიდან ბენდუქიძის გადამკიდე (სწორედ 2004-ში დაიხურა მიწის მართვის დეპარტამენტი და მას შემდეგ ქვეყანაში მიწათსარგებლობის ბალანსი საერთოდ აღარ იწარმოება!), იმაზეც კი, რა ფართობებზე რა გვაქვს დათესილი ან დარგული, რამდენი გვაქვს ვენახი, ბაღი, ყანა, ბოსტანი, ბაღჩა,სათიბი თუ საძოვარი...


ეს სწორედ ისეთ ველურობას გავს, როცა ოკეანის გადაცურვას აპირებ უკომპასოდ და უსაჭოდ, ნიჩბებიანი, ერთი ბეწო და თანაც გახვრეტილი ნავით! ასეთ სტიქიას კი,სადაც კომპასი და საჭე არავის აქვს, მხოლოდ სტიქიური უბედურება მოაქვს - აი, იმის მსგავსი, ჩუმლაყის ატმებმა რომ იცის!


ამ მდგომარეობაში სწორედაც რომ სავალალოა: სახელმწიფოს წარმომადგენლები ისევ კომუნისტებივით ყალბი თავმოწონებით არიან დაკავებულნი... პაატა კოღუაშვილმა მითხრა ამას წინათ - ეკონომიკის დღევანდელი მინისტრი, თავს იწონებდა - სახელმწიფოს დიდი მიღწევაა, რომ რუსულ ხორბალს აღარა ვყიდულობთ იმდენს და ახლა უფრო იაფ და ხარისხიან ყაზახურ ხორბალზე გადავედით, 70% ჩვენი პურისა - ყაზახური ხორბლისგანააო!


შე დალოცვილოო, პაატამ - ჯერ ერთი ტყუილია, რადგანაც ყაზახური ხორბალი რუსულზე ძვირიცაა და უხარისხოც და რაც მთავარია: განა ვინმე თავს მოიწონებს - პური ჩემი არსობისა ვეღარ მომიყვანია და მხოლოდ სხვისი და უცხოური უნდა ვჭამოო?! წელიწადში 300 მილიონი დოლარისას მარტო პურსა ვყიდულობთ, მაშინ როცა შეგვიძლია ნაწილი მაინც ჩვენივე მოვიყვანოთ და ეს ხარჯი სულ ცოტა, გავანახევროთ მაინც...


მაგრამ რა ვქნათ, როცა სტიქია დაგვტყომია თავს და არც კომპასი, არც საჭე არა გაქვს?!.ეს ჩვენ, ხალხს არა გვაქვს, თორემ ბენდუქიძეს (მაინც ღმერთმა აცხონოს) თავისთვის კი სხვის დაუნახავად ჰქონდა და ეს კომპასი ხელისუფლების ფლობა იყო. ახლაც ასეა - ვინც ხელისუფლებაშია ან მასთან დაახლოებული, კომპასიც არა სჭირდება, ისე იოლად იგნებს გზას!


...სწორედ ამიტომ და არა ახირების გამო ვიძახით ამდენი ხანია: საქმეს მიხედეთ, ბატონებო და ქალბატონებო, გემსა და საქმეს! საქმე კი იქიდან დაიწყება, როცა მიწის რეფორმას სწორედ დაგეგმავთ და გაატარებთ! მანამდე კი, განა რა „ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე“ შეიძლება საუბარი, როცა ქვეყნის მთავარი სიმდიდრის - მიწის, რაციონალური მართვის არავითარი წინაპირობა და ვაი რომ, უკვე სურვილიც, არა გვაქვს?!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge