Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:31 11.06.2019
"მმართველ პარტიას მხოლოდ სხვათაშორის აღელვებს მიწის მოვლა-პატრონობის ფუნდამენტური პრობლემა"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვრდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ძალიანაც კარგია, რომ ნაცებმა ისევ წააგეს ეს შუალედური არჩევნებიც და ისიც გასაგებია, რომ ნაცები საფრთხეა და მათი დამარცხება ყოველ ჯერზე მართლაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. მაგრამ - ნაცების დამარცხება ავტომატურად ქვეყნის გამარჯვებააო, სულელის გარდა ვინღა იტყვის? ნაცების წაგება, თუნდაც ერთი მტკივნეული საქვეყნო საკითხის მოგვარებას, რაზეც ხელისუფლებაა თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი, რაღა თქმა უნდა - არაფრით და არავითარ შემთხვევაში არა ნიშნავს...


არჩევნები არჩევნებად, მაგრამ სწორედაც რომ სასიცოცხლო მნიშველობის საკითხები აქვს ხელისუფლებას გადასაწვეტი და მათ გრძელ რიგში - უწინარესია მიწის საკითხი!


...გუშინ დავესწარი პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომას, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ ორგანული კანონის პროექტი უკვე მეორე მოსმენით იხილებოდა; სხდომა პარლამენტის საკმაოდ ვრცელ, კინო-დარბაზში ჩატარდა და განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო არა თუ სიხალვათე, არამედ დარბაზის ლამის სრული სიცარიელე; ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას 10-15 კაცი ესწრებოდა და აქედან თითქმის ნახევარი, ჩვენ( ბ-ნი პაატა კოღუაშვილის მეთაურობით), ამ უვარგისი პროექტების სასტიკი მოწინააღმდეგენი ვიყავით; დარბაზში არ იმყოფებოდა მმართველი უმრვლესობის არც ერთი მეტ-ნაკლებად „წონადი“ (თუ კომიტეტის თავმჯდომარეს არ ჩავთვლით, რომელსაც არაფრისმთქმელი მოხსენების წაკითხვის შემდგომ რაღაც სხვა საქმე გამოუჩნდა და განხილვის დროს საკმაო ხნით დარბაზიც დატოვა!) პოლიტიკოსი, აღარაფერს ვამბობ ე.წ. ოპოზიციაზე; ამ საკითხის მიმართ გუშინდელი სავალალო დამოკიდებულებით გამოჩნდა, რამდენად მძიმე დღეში ვართ; არ მინდა ვიფიქრო, მაგრამ ძალაუნებურად მაინც ვამჩნევ - პრაქტიკულად ქვეყნის ყოფნა- არ ყოფნის საკითხის განხილვას, ნუთუ ერთი ათეული გულშემატკივარიც კი აღარა ჰყავს?!


.. ჩვენი სათქმელი, ალბათ მეათასჯერ, ისევ კი ვთქვით, მაგრამ რად გინდა?! პოლიტიკოსების ინტერესში, თუკი მართლა და მართლა მთელი ქვეყანა არ აბუნტდა, თურმე მიწის საკითხის სისტემური მოწესრიგება ისევ არ შედის. მმართთველ პარტიას მხოლოდ სხვათაშორის აღელვებს („აღელვებს“ აქ უადგილო სიტყვაა, ჯობს სხნაირად ვთქვათ, თუნდაც ასე: „ყურის ფხანასავით აწუხებს“) მიწის მოვლა-პატრონობის ფუნდამენტური პრობლემა, ხოლო ე.წ. ოპოზიციას კი - როგორც აშკარადა ჩანს, სულაც ფეხებზეცა ჰკიდია!


... მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის წინ ღია მიმართვა (რაზეც ხელს აწერდნენ არა მხოლოდ ცნობილი აკადემიკოსები და პროფესორები, არამედ ჩვენი ეკლესიის გამოჩენილი ეპისკოპოსებიც) გამოქვეყნდა, მოწოდებით - შეეშვან ნაცრის ქექვას, წყლის ნაყვასა და მწვალებლობას (რასაც ეს ყოვლად უსისტემო და მავნე პროექტები წარმოადგენენ) და პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარი მამულის ბედს, პოლიტიკოსების მხრიდან რაიმე საქმიანი ყურადღების მიპყრობა, როგორც ჩანს - ვერაფრით შევძელით....


...გუშინ კი იმ მიმართვაზე ეს გვიპასუხეს: "ვიცით, რომ მიწის საკითხი სისტემურად მოსაწერიგებელია, მაგრამ ახლა მაგისთვის აბა, სადა გვცალიაო!" (?!). ხოლო ერთ-ერთ შეკითხვაზე - "ერთი ქვეყანა მაინც დაგვისახელეთ მსოფლიოში, სადაც კანონით უშვებენ „ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების“ (საერთოდ - რა ჯანდაბაა?!) მიერ სასოფლო მიწის საკუთრებას?", პასუხი არ გაუციათ; ჩვენ უნდა გვეგულისხმა, რომ ამ უპასუხობით და უპასუხისმგებლობით, მხოლოდ მხრები აიჩეჩეს და თითი თავიანთივე მთავრობისკენ გაიშვირეს - საქმისთვის „იმათ“ ასე სწადიათო!


..... ეეჰ, ავაჰ და ვაი!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge