Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:30 11.06.2019
„ამ თორმეტი წლის განმავლობაში, ვერ ვიტყვი, წინ წავედით-მეთქი, მაგრამ შორს წავედით ძალიან - სიცრუეს ისე შევეჩვიეთ, რომ სიმართლის გაგონებაზე სირცხვილისგან ვწითლდებით“

 სოციალისტური მოძრაობის ლიდერი ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს.იგი ვირტუალურად მიმართავს პარლამენტის ყოფილ სპიკერს, ვახტანგ გოგუაძეს. დღეს მისი გარდაცვალების დღეა: 

 

შორს წავედით... (ღია წერილი აწ განსვენებულ ვახტანგ გოგუაძეს, გარდაცვალების დღეს)

 

ჩემო ვახტანგ!
მეთორმეტე წელიწადია, რაც, ასე, ვირტუალურად, ვესაუბრებით ერთმანეთს. 
პრესაში რასაც ვწერ, ეს შენთვის კი არა, აქ დარჩენილთათვისაა თორემ მე და შენ რაში გვჭირდება პრესა და სოციალური ქსელები, ისედაც მშვენივრად გვესმის ერთმანეთის. 
უკვე თორმეტი წლის მანძილზე გაღმა-გამოღმა მყოფებს გვესმის ერთმანეთის და აქ მყოფებს რა დაემართათ, საკვირველია: ორ ადამიანს ვერ იპოვი, ერთმანეთის რომ ესმოდეს...

 

ერთ, დიდ საგიჟეთს დაემსგავსა ქვეყანა.

* არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობთ (მადლობა ღმერთს, ყოველ წელს ტარდება რაღაცა სახის არჩევნები)...
* სამშობლოდან გაქცევის სულისკვეთებით ვცხოვრობთ (იცი შენ, ქართველებს აქ აღარ დაგვედგომება რა ხანია)...
* უსაფუძვლო იმედებითა და მათი გაცრუებით მოგვრილი სასოწარკვეთილებით ვცხოვრობთ (ეგ შენს სიცოცხლეშიც ასე იყო)...
* რუსეთის დაშლის ოცნებით ვცხოვრობთ (არადა, ჩვენს ჯიბრზე, სულ უფრო ძლიერდება ის შობელძაღლი)...
* ამერიკის დახმარების გარდუვალობისა გვწამს (მაგრამ, შენც არ მომიკვდე)...
* მაპ-ი და ნატო გვასულდგმულებს (მაგრამ ფეხებზე დაგვიკიდეს)...
* აფხაზეთი და ცხინვალი ხომ დაკარგული გვქონდა, ახლა ჯავახეთს, ქვემო ქართლსა და აჭარასაც ვკარგავთ (ხალხი აღარ გვყავს და ამხელა უზარმაზარი ტერიტორიები რა ჯანდაბად გვინდა?!)
* სიცრუეს ისე შევეჩვიეთ, რომ სიმართლის გაგონებაზე სირცხვილისგან ვწითლდებით (კიდევ კარგი, რომ არც ისმის არსაიდან)...
* მარიხუანას ვეწევით (მთლად ჩამორჩენილი ვინც არ არის)...
* გეიპარადისთვის ვემზადებით (ნუ, იმათ გარდა, ვისაც... რა ერქვა? ჰო, მგონი, ღირსებას ეძახდნენ... მოკლედ, იმათ გარდა ვისაც კაცური და ქალური ღირსება შერჩა, მაგრამ წარსულის ამგვარ გადმონაშთთა რაოდენობა დღითი-დღე მცირდება)...

ერთი სიტყვით, ამ თორმეტი წლის განმავლობაში ვერ ვიტყვი წინ წავედით-მეთქი, მაგრამ შორს წავედით ძალიან.

ჰო, ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს კიდევ: მთელი ამ თორმეტი წლის განმავლობაში დასავლეთს წუთითაც არ შეუწყვეტია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ზრუნვა და ამ საქმეში სიტყვიერი მხარდაჭერა.

ლაკონიზმის მომხრე ხარ შენ და, აჰა, ეგაა სულ!

P.S.
არის კიდევ რამდენიმე საინტერესო საკითხი, მაგრამ ისეთი თემებია, ასე საჯაროდ საუბარი რომ არაა მიზანშეწონილი. იქ არ ვიცი როგორაა ეს საქმე, მაგრამ აქ ხომ გახსოვს, ათასი თვალი, ათასი ყური...

ვალერი კვარაცხელია
მონატრებითა და ძმური სიყვარულით
10 ივნისი, 2019 წ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge