Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:59 09.06.2019
„ევროკავშირი მზად არის, მოლდოვას დემოკრატიულად ლეგიტიმურ მთავრობასთან იმუშაოს“

მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებზე ევროკავშირი განცხადებას ​ავრცელებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი მზად არის, ლეგიტიმურ მთავრობასთან ითანამშრომლოს“.

 

„ევროკავშირი ცნობად იღებს გუშინ მოლდოვის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მათ შორის სამთავრობო კოალიციის ფორმირების შესახებ. ევროკავშირი მზად არის, დემოკრატიულად ლეგიტიმურ მთავრობასთან იმუშაოს, ორივე მხარის რეფორმებისადმი ერთგულების პრინციპისა და ასოცირების შეთანხმებაში გაწერილი მთავარი პრინციპების დაცვით. კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის დაცვა უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობის მთავარი შემადგენელი. ეს ყველაზე მთავარია, რასაც მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეები იმსახურებენ და ელოდებიან. გუშინ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და თანმდევი მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს თავშეკავებისკენ და სიმშვიდისკენ. დიალოგი დემოკრატიულად არჩეულ წარმომადგენლებს შორის უნდა იყოს გადამწყვეტი, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge