Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:48 06.06.2019
“ივანიშვილის ამოცანაა, არ გააძლიეროს პარტიის შიგნით არცერთი ჯგუფი” - პაატა ზაქარეიშვილი

“საერთოდ, ბიძინა ივანიშვილს უყვარს სიმშვიდე და წესრიგი, რაც პოლიტიკას არ უხდება. პოლიტიკას უყვარს დაპირისპირება და კონკურენცია. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ ივანიშვილს თავისი ადვოკატი უნდოდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და არც ის, რომ ივანიშვილი ასუსტებს კობახიძის ფრთას, რადგან ივანიშვილის ამოცანაა, არ გააძლიეროს პარტიის შიგნით არცერთი ჯგუფი, რომ ამან არ გამოიწვიოს ერთმანეთთან დაპირისპირება და სიტუაცია იყოს დაბალანსებული, ყველას ჰქონდეს თავისი სახრავი. სამწუხარო ისაა, რომ ქვეყანაში არაფერი არ იცვლება და მივყვებით დინებას”, - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილის ამოცანაა, არ გააძლიეროს პარტიის შიგნით არცერთი ჯგუფი” - პაატა ზაქარეიშვილი.

 

“ქართველმა ხალხმა “ოცნება” დაიქირავა, რომ გაესტუმრებინა “ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ ამ პოლიტიკური ძალის მძევლად იქცა და დღეს “ნაციონალური მოძრაობის” შავ -თეთრი ასლია. ოპოზიციაშიც ერთობას ვერ ვხედავ, ეს აჩვენა მთაწმინაზე მეორე ტურის წინა პერიოდმა, ოპოზიცია არ ეხმარება შავგულიძეს. მოკლედ ერთი და იგივე სერიალებს ვუყურებთ. ერთადერთი იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნებისთვის შეიცვალოს სიტუაცია - მიუხედავად იმისა, რომ “ოცნებას” უმრავლესობა მაინც ეყოლება პარლამენტში, ოპოზიციამ შეძლოს ხმების 60%-ის მოგროვება, რათა გაჩნდეს შანსი შეიქმნას უმცირესობის მთავრობა, რომელსაც ექნება ბიუჯეტის და მთავრობის დამტკიცების შესაძლებლობა. რაც შეეხება ეკა ბესელიას ახალი პარტიას “სამართლიანობისთვის”, მისასალმებელია, რომ ახალი პოლიტიკური ძალა იქმნება მაგრამ ერთია პარტიის დაფუძნება, მეორეა წარმატების მიღწევა. რაც შეეხება შანსებს, ბარიერი დაბალია 3%-ი და იმედია რომ გაალახავენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“ერთადერთი, რაზეც ნამდვილად არ მიყვარს საუბარი, არის სააკაშივლის თემა და ვფიქრობ, რომ საზოგადოება ძალიან დიდ დროს უთმობს სააკაშვილის პერსონას, არადა, იგი ამდენ ყურადღებას არ იმსახურებს. მაგრამ, რადგან საზოგადოებას აინტერესებს, გეტყვით ჩემს აზრს. მერე რა რომ ბახატაძე და ზელენსკი შეხვდნენ ერთმანეს, დაშავდა ამით რამე? ასე ივანიშვილიც შეეჩეხა დავოსში პუტინს და მედვედევს ლიფტში და ატყდა ერთი ამბავი. რა, არ უნდა შეხვდნენ ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს? რაც მეტი შეხევდერები იქნება ოფიციალური თუ არა ოფიციალური ეს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. რაც შეეხება, ზელენსკის, როგორც დემოკრატიულ გზაზე მდგომი პრეზიდენტი, არ შეიძლებოდა რომ სააკაშვილს, რომელსაც უკანონოდ ჰქონდა მოქალაქეობა ჩამორთმეული, არ დაებრუნებინა. მან ეს გააკეთა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მის მთავრობაში მიიწვევს. ზელენსკის სააკაშვილი სჭირდება პოროშენკოსთან საბრძოლველად. ერთგვარი ხელკეტი მის ხელში, თუ პოროშენკო თავს წამოყოფს. უკრაინაში ძალიან კარგად ესმით, რომ სააკაშვილის ფაქტორის გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ უნდა გაფუჭდეს. ერთ ბნელ ოთახს მისცემენ, რომ არ იხმაუროს და პრობლემები არ შექმნას. სააკაშვილს ხომ ერთ თემაში ყოფნა წელიწადნახევარზე მეტი არ შეუძლია...” - დასძენს პოლიტოლოგი.

ავტორ(ებ)ი : “რეზონანსი”