Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:13 15.05.2019
"ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილი დავიკავოთ“ - სალომე ზურაბიშვილი

 

ევროპის სამაუწყებლო ტელეკომპანია EuroNews-ის ეთერში (მისი შტაბ-ბინა ლიონშია, საფრანგეთში) 14 მაისს საღამოს გადაიცა დებატები (ფორუმი) ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც მაისის ბოლოს უნდა ჩატარდეს.


დებატებში, რომელიც პარიზში გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის კომისარმა პიერ მოსკოვისმა, ევროპარლამენტის ლიბერალთა ფრაქციის თავმჯდომარემ გი ვეროფსტადმა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და სხვა ევროპელმა პოლიტიკოსებმა.


როგორც დამკვირვებლებს მიაჩნიათ, არაა გამორიცხული, რომ ევროპარლამენტში არჩევნების შედეგად ევროსკეპტიკოსებმა და პოპულისტებმა თავიანთი პოზიციები განიმტკიცონ, ევროკავშირში მიმდინარე რყევების ფონზე (იგულისხმება „ბრექსითი“ და ევროკავშირის წევრ-ქვეყნების უთანხმოება რიგ საკითხებში).


დაკარგა თუ არა თავისი მიმზიდველობა ევროკავშირმა მის რიგებში გაწევრიანების პრეტენდენტებისათვის?


დებატების დროს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუმრობით განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილი დაიკავოს იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული სამეფო ამ ორგანიზაციას საბოლოოდ დატოვებს.


„ჩვენ არ გვესმის დიდი ბრიტანეთის მოქმედება [ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით]“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, - თუმცა მოხარული ვიქნებით მისი ადგილი დავიკავოთ. ჩვენი პოზიციით, საქართველოს პერპსექტივას ევროპა წარმოადგენს, საითაც ქვეყანა უკვე დიდი ხანია მიისწრაფვის. საქართველოს ევროპაში დაბრუნება სურს“.


იმ დროს, როცა ევროკავშირის მოსაზღვრე სხვა ქვეყნები ბრიუსელსა და მოსკოვს შორის გავლენისათვის „ბრძოლის ველს“ წარმოადგენენ, საქართველო მათგან განსხვავდება.


ათი წლის წინათ რუსეთთან მომხდარმა სამხედრო კონფლიქტმა (სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით) საქართველოს ბიძგი მისცა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ეფიქრა. 2014 წელს კავკასიურმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ბრიუსელთან ასოცირების შეთანხმებას, თუმცა ეს ევროკავშირში წევრობას არ ნიშნავს.


„ჩვენ ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ ჩვენი პასუხი ამ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაა, რომ გვსურს ევროპასთან ახლოს ვიყოთ, გვინდა, რომ ევროპაში ვიყოთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


„მიუხედავად რუსეთის პოზიციისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეტოქე [2018 წლის ბოლოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში] პრორუსი კანდიდატი იყო, საქართველომ მაინც ევროპა და ევროპული გზა აირჩია... 2008 წლის ომის დროს და მის შემდეგაც, მრავალრიცხოვანი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა თავის მიზნებში ერთიანია - დღეს 80 პროცენტი, ისევე როგორც გუშინ, ისევე როგორც 18 წლის წინათ, ევროპულ გზას მხარს უჭერს“, - ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge