Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:34 15.05.2019
ტრაგედია დამცავი ღვედით - თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაღუპული მუშა თოკმა ვერ შეიმაგრა

"სიკვდილის ქრონიკა სამშენებლო ობიექტებზე გრძელდება - 14 მაისს კოსტავას 75 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის სავარაუდოდ, მე-15 სართულიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას მუშაობის დროს თოკი გაუწყდა. მამაკაცი მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ამაგრებდა და წინასწარი ინფორმაციით, ხარაჩო ჩამოინგრა, ხოლო მუშა თოკმა ვეღარ დაიკავა. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მუშაობისას დამცავი ღვედი ეკეთა. ამიტომ მათთვის გაუგებარია როგორ მოხდა ახალგაზრდა მამაკაცის სიმაღლიდან ვარდნა. ადგილზე ექსპერტკრიმინალისტები მუშაობდნენ და გამოძიება სამშენებლო წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ტრაგედია დამცავი ღვედით - თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაღუპული მუშა თოკმა ვერ შეიმაგრა.


"შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნით, უსაფრთხოების ნორმების უხეში იგნორირება იკვეთება, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მაია მიქაია განმარტავს, რომ სამშენებლო ობიექტზე ხარაჩოს დემონტაჟი მიმდინარეობდა. მისი თქმით, ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები დარღვეულია. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ხარაჩოს ჩამონგრევა გახდა. შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით კომპანიისგან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას ელოდებიან. კომპანიის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. „სამშენებლო სამუშაოები დამთავრებულია და მიმდინარეობდა ხარაჩოს დემონტაჟი. რაც ერთი შეხედვით ჩანს და დავათვალიერეთ, არის, რომ ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები არის დარღვეული. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას დასაქმებულთა აღჭურვასთან დაკავშირებით, შესაბამის სწავლებასთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც უნდა მოგვაწოდოს კომპანიამ და ამ ინფორმაციის შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის, სხვა დასაქმებულების გამოკითხვის შემდგომ იქნება შესაძლებელი, რომ დავდოთ ერთიანი დასკვნა, თუ რა კონკრეტულმა შემთხვევამ გამოიწვია,“ - განაცხადა მაია მიქაიამ“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"2019 წლის იანვრიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მშენებლობაზე 10 მუშა დაიღუპა და 10 მძიმედ დაშავდა. მსგავსი ფაქტები მოხდა: 15 თებერვალს, როდესაც თბილისში, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. 40 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი ლიფტის შახტში ჩავარდა. 14 მარტს, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, კაპანელის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა. 53 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 16 მარტს, ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის #12-ში მშენებარე კორპუსიდან, სამი მუშა გადმოვარდა. ორი მათგანი დაიღუპა. 30 მარტს, ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. ის ადგილზე დაიღუპა. 31 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, საძირკვლის გამაგრების სამუშაოების დროს მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. 26 წლის ჭიათურელი დავით აბესაძე, მაშველებმა მიწის მასიდან მალევე ამოიყვანეს. 40 წლის ედვარდ ვარიშოვის ძებნა დაახლოებით 8 საათს გაგრძელდა. 14 მაისს, კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა“, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ყველა შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. არასამთავრობო სექტორი, დასაქმებულები, პროფკავშირების წარმომადგენლები დიდი ხანია ამბობენ, რომ სხვადასხვა სახის საწარმოო ტრავმების მიზეზი ხშირად დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფაა და სწორედ იმიტომ, რომ დასაქმებულთა ბედი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებელთა კეთილსინდისირებაზე, საჭიროა შრომითი ინსპექციის არსებობა. ასეთი სამსახური საქართველოში უკვე ამოქმედდა. თუმცა კითხვა - რამდენად ქმედითია ეს ორგანო და რეალურად ახდენს თუ არა მისი არსებობა გავლენას დასაქმებულთა შრომით პირობებზე - ღიაა და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ესს ორგანო შესაბამის ზომებს ვერ ახორციელებს. „გაერთიანებული პროფკავშირების“ თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ქვეყანას აქვს კანონი, თუ როგორ უნდა იყოს შრომის უსაფრთხოება დაცული. თუმცა, მისი აღსრულება არ ხდება. როგორც ალექსანდრია ამბობს, შრომის ინსპექციას, რომელსაც უნდა ევალებოდეს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების შემოწმება, რეალურად მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორგანო ფაქტიურად ვერანაირ პრევენციას ვერ ახორციელებს. „რაც შსს-დან არის ხელმისაწვდომი სტატისტიკა, გასულ წელს სამუშაო ადგილზე 41 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან დაახლოებით 15-20 პროცენტი სამშენებლო ობიექტებზე დაშავებულთა და გარდაცვალებათა შემთხვევა იყო. დღეს შრომის ინსპექციას არ აქვს უფლება არც გეგმიურად და არც დაუგეგმავად შეამოწმოს სამუშაო ობიექტები. კანონით, მან დამსაქმებელ კომპანიას უნდა შეუთანხმოს და ისე შევიდეს. „სახელმწიფოს შიში აქვს, რომ ბიზნესი ქვეყნიდან არ გაიქცეს. სად უნდა გაიქცნენ, ვის რაში სჭირდებათ, ასეთი კომპანიები საქართველოს გარდა სხვა რომელ ქვეყანაში უნდათ? იმის ელემენტარული თავი არ აქვთ, რომ კორპუსებიდან მუშები არ გამოუცვივდეთ და მაგათი აშენებული რა უნდა იყოს?! არცერთ ნორმალრ ქვეყანაში ასეთ ბიზნესმენებს არ გააჩერებენ“, - აცხადებს ალექსანდრია“, - დასძენს გამოცემა.

 

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ლინა ღვინიანიძე კი „რეზონანსთან“ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ეს საწარმოში დაშავებულთა და გარდაცვლილთა საქმის გამოძიებაა, რომლის დროსაც გამოძიება თითქმის ყოველთვის დაშავებულის/გარდაცვლილის ბრალეულობას ამტკიცებს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით კვლევითი მონაცემები არ არსებობს და არც სისხლის სამართლის ყველა საქმეა შესწავლილი. თუმცა მთავარი ტენდენცია, რაც იკვეთება და რაც ძალიან საეჭვოა, ბრალი ყოველთვის დაზარალებულს ან გარდაცვლილს ედება. „იმ შემთხვევებში, როცა მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილზე, გამოძიება ადგენს, რომ ეს მუშის ბრალით იყო გამოწვეული. ეს მაშინ, როცა სამუშაო პირობები არის ძალიან მძიმე და, როგორც წესი, საწარმოების მხრიდან ხდება უსაფრთხოების ძალიან ბევრი ნორმის დარღვევა. ყველა შემთხვევაში მუშაზე პასუხისმგებლობის გადატანა ძალიან ცუდი ტენდენციაა და ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით. „მუშების დაშავებისას გამოკვეთილი კიდევ ერთი ტენდენცია ისაა, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ საშუალო და ქვედა რგოლის მენეჯერებს ეკისრებათ და პასუხისმგებლობის საკითხი ზედა რგოლამდე არასოდეს მიდის. ასეთი შემთხვევებისთვის კომპანიებში სპეციალური სქემა აქვთ შემუშავებული. თუკი საქმე სასამართლომდე მივიდა, საპროცესო შეთანხმებით, რომელიც თავისუფლების აღკვეთას არ გულისხმობს, ბრალი საშუალო ან ქვედა რგოლის მენეჯერებს ედებათ, ამის სანაცვლოდ კი კომპანია მათ თანხას უხდის. ამასთან, ხშირად სასამართლო დავის თავიდან ასაცილებლად კომპანიები დაშავებული/გარდაცვლილი მუშის ოჯახს კომპენსაციის მიზნით თანხას უხდიან და აქ სრულდება დავა“, - აცხადებს ღვინიანიძე“, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge