Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:39 14.05.2019
„შესათანხმებელია 1/3 სასაზღვრო ზოლისა, მათ შორის, დავით-გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია“

მთავარი ამოცანა არის ის, რომ მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც გაითვალისწინებს ორივე ქვეყნის ინტერესებს და რომელიც მისაღები იქნება ორივე ქვეყნის საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ბაქოში გამართული შეხვედრის კომენტირებისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ლაშა დარსალიას თქმით, მოლაპარაკება კონსტრუქციულად წარიმართა, შედგა გაცნობითი-სამუშაო ტიპის შეხვედრა და მხარეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს შემდეგი სამუშაო პროცესი. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია ის საკითხი, რომ ორივე მხარე ხელმძღვანელობს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით.

 

,,მოგეხსენებათ, რომ წინა კვირას მოხდა განახლება დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის, მე ვარ ხელმძღვანელი ამ კომისიისა. დღეს შედგა გაცნობითი-სამუშაო ტიპის შეხვედრა(კომისიის ხემძღვანელების დონეზე), გავეცანით ერთმანეთს და დავსახეთ მომავალი სამუშაო გეგმები. მთავარი არის ის, რომ კომისიამ განაახლოს მუშაობა შემდეგი კვირიდანვე. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ დავსახოთ სამუშაო პროცესი. ორივე მხარე ხელმძღვანელობს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. მთავარი ამოცანა არის ის, რომ მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც გაითვალისწინებს ორივე ქვეყნის ინტერესებს და რომელიც მისაღები იქნება ორივე ქვეყნის საზოგადოებისთვის“ , - აღნიშნა დარსალიამ.

 

რაც შეეხება დავით-გარეჯის საკითხს, კომისიის ხელმძღვანელის თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს მთელი საზღვრის გასწვრივ შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მუშაობის დაწყებასა და განახლებაზე და არა მარტო დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

,,სასაზღვრო ზოლის 2/3 არის შეთანხმებული, შესათანხმებელია 1/3 სასაზღვრო ზოლისა(მათ შორის, დავით-გარეჯის კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ზოლი, რომელიც სამუშაო დონეზე კომისიების მიერ არ არის შეთანხმებული), ამიტომ მოლაპარაკება მიმდინარეობს მთელი საზღვრის გასწვრივ შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მუშაობის დაწყებასა და განახლებაზე. ატმოსფერო არის იმგვარი, რომ ორივე მხარე საკითხს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით უდგება და არ დგას საკითხი ისე, რომ ვინმემ ვინმეს აჯობოს, საკითხი დგას ორივე მხრიდან ისე, რომ შევძლოთ შეთანხმების მიღწევა და პოზიციების შეჯერება, რომელიც მისაღები იქნება ორივე ქვეყნისთვის“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

კითხვაზე, თუ როგორია ქართული მხარის გეგმა, მინისტრის მოადგილის თქმით, მთავარია, ეს საკითხი არ იქცეს ორი ქვეყნის უთანხმოების საგნად, რადგან აბსოლუტურად შესაძლებელია პოზიციების შეჯერება.

 

დღეს ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა. ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, აზერბაიჯანული მხრიდან კი, ამ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი ესწრებოდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge