Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:08 02.05.2019
ჰიტლერის ზეპირი ანდერძი, სადაც ას ოცი სიტყვიდან ნახევარზე მეტი სტალინს ეხება

1945 წლის 30 აპრილს, თვითმკვლელობამდე ერთი საათით ადრე, ჰიტლერი გამოემშვიდობება ვიცე-ადმირალ ჰანს-ერიხ ფოსს. გამოთხოვებისას ჰიტლერმა სთხოვა ფოსს, შემდეგი სიტყვები გადაეცა ფიურერის მემკვიდრედ დანიშნულ ადმირალ კარლ დიონიცისათვის: „გადაეცით გროს-ადმირალ დიონიცს, რომ მე ძალზე ამაყი ვარ მის მიერ საზღვაო ძალების მეთაურობით. გადაეცით მას ჩემი დიდი მადლიერება გაწეული სამსახურისათვის და სთხოვეთ მას, რომ შეინარჩუნოს ეს დიდი საბრძოლო ტრადიციები და სისხლის ბოლო წვეთამდე მედგრად იდგეს. მე მივხვდი, თუ რა ფატალური შეცდომა დავუშვი, როცა რუსეთს დავესხი თავს. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სტალინს შეეძლო ბოლშევიკური აზრები თავის ხალხში ამ დონემდე ჩაენერგა. უნდა იყო ნამდვილად გენიალური ადამიანი, გენიალური პოლიტიკოსი და გენიალური სტრატეგი, რომ შეძლო შენი ხალხის ორგანიზება ისეთ არახელსაყრელ მდგომარეობაში, რომ დარაზმო შენი ხალხი ისეთი უბადლო თავგანწირვისთვის, როგორიც რუსებმა აჩვენეს სამშობლოს დაცვისას... განსაკუთრებით სტალინგრადის, მოსკოვის და ლენინგრადისთვის ბრძოლებში. მე რომ ცოცხალი დავრჩენილიყავი და განმეგრძო ქვეყნის მართვა, მე სტალინისგან ავიღებდი მაგალითს. ამას გარდა, გადაეცით გროს-ადმირალ დიონიცს, რომ ჰიტლერი და მისი ცოლი სიცოცხლის ბოლო წუთამდე მხნედ იყვნენ“. 

 

ჰიტლერის ზეპირსიტყვიერი ანდერძის ას ოციოდე სიტყვიდან ნახევარზე მეტი სტალინს ეხება... ფიურერის ეს უკანასკნელი მონოლოგი დღესაც გაოცებულს ტოვებს ადამიანს. როგორ მოხდა, რომ ჰიტლერი, რომელიც სტალინს ქვეადამიანად და იუდეველ-ბოლშევიკების მარიონეტად მიიჩნევდა, უცბად გახდა ფიურერისთვის მიბაძვის ობიექტი? ჰიტლერის მიერ სტალინში ძმური სულის პოვნა ერთ დღეში არ მომხდარა. ბუნკერში გამოკეტილი ჰიტლერის ფსიქიკა სულ უფრო და უფრო ირყეოდა. როგორც ალბერტ შპეერი, „ბუნკერის პერიოდის“ ჰიტლერის ხშირი თვითმხილველი დაწერს: „თუ შეიძლება შენობა სიმბოლოს წარმოადგენდეს, ბუნკერი ამ მხრივ ყოვლისმთქმელი იყო. (...) ამ სამარხში, რომელიც გარეგნულად ანტიკურ ეგვიპტურ აკლდამას წააგავდა, ჰიტლერი მუშაობდა, ცხოვრობდა და ეძინა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ბუნკერის 5 მეტრის სისქის ბეტონის კედლები ჰიტლერს გარე სამყაროსგან აცალკევებდა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. და ეს კედლები უფრო და უფრო ამწყვდევდა მას მისსავე სიგიჟეში“.

სწორედ ომის ამ უკანასკნელ თვეებში, როცა აგონიაში ჩავარდნილი ჰიტლერი იარაღს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოაბრუნებს (ისე, როგორც ამას სტალინი აკეთებდა 1941-42 წლებში), დაიწყება ფიურერის მიერ ბელადში ძმური სულის ძიება. სწორედ წითელი კომისარი სტალინის იმიტაციასთან ერთად დაიწყება ფიურერის მიერ ბელადით აღფრთოვანება: „ჩვენ ისე ფანატიკურად უნდა ვიბრძოლოთ და დავიცვათ ზემო სილეზია, როგორც ამას სტალინი აკეთებდა მოსკოვის კართან!“ (1945 წლის 23 იანვარი)

 

თუმცა, მიუხედავად ამ აღფრთოვანებისა, ფიურერის აზრით, სტალინს მაინც ჰქონდა ერთი დიდი ნაკლი - იგი ებრაელების მარიონეტი იყო: „სტალინს დიდ პატივს ვცემ, იგი დიდი ფორმაციის პოლიტიკოსია (...). თუმცა იგი იუდაურ-ბოლშევიკური შეთქმულების თავშია. ბოლშევიკები მთლიანად ებრაელების მიერ არიან მართული. სტალინის მესამე ქორწინებაც ამის დასტურია. ამჟამად ხომ მისი ცოლი სახალხო კომისართა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ კაგანოვიჩის და არის. და ეს ქალი ყურადღებით ადევნებს თვალს, რომ ბოლშევიზმმა არ გადაუხვიოს იუდეველობის გზას.“ (1945 წლის 6 თებერვალი)

 

სტალინის იმიტაციის ვნებით მოცული ჰიტლერი 28 თებერვალს გამოსცემს ბრძანებას ქალთა ბატალიონების ჩამოყალიბების შესახებ. ხოლო 8 მარტს ჰიტლერი ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც იქნება სრული ასლი სტალინის ავადსახსენებელი ცნობილი N°270 ბრძანებისა. ფიურერის ამ განკარგულებით, „უბრძოლველად“ ტყვედ ჩავარდნილი ყველა სამხედროს ოჯახის წევრები უნდა დაპატიმრებულიყვნენ. ხოლო 19 მარტს ჰიტლერი ხელს მოაწერს ე.წ. „ნერონის დეკრეტს“, რომელიც ასევე იმიტაცია იქნება სტალინის „გადამწვარი მიწის პოლიტიკისა“ და რომელიც ვერმახტისგან ითხოვდა უკან დახევის დროს გერმანული ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას.

 

ფიურერის მიერ ბელადით აღფრთოვანება ყველა მოლოდინს გადააჭარბებს, როცა ჰიტლერი წითელი გენერალიტეტის განდიდებას დაიწყებს: „ჩემი გენერლები არიან ბებრები, დასუსტებულნი, რომელთათვისაც ნაციონალურ-სოციალისტური აზროვნება სრულიად უცხოა. ეჰ, ჩვენ რომ გვყოლოდა იმ დონის გენერლები, როგორიც სტალინს ჰყავს.“ (1945 წლის 15 მარტი).

 

და ზუსტად ისე, როგორც წითელი კომისარი სტალინი 1941 წელს პროფესიონალ სამხედროებს წითელი კომისრებით ანაცვლებდა, ასევე 1945-ში ჰიტლერი ჩაანაცვლებს საკუთარ სამხედროებს ნაცრისფერი კომისრებით: გუდერიანს კრებსითრაინჰარდტს შერნერითჰოსბახს რენდულიჩით და ა.შ...

 

1937 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ალბერტ შპეერი აღნიშნავს, რომ „გერმანულ და საბჭოთა პავილიონების შორის ჩუმი დიალოგი“ მიმდინარეობდა. 1945 წლის გაზაფხულზე მას არ გამოეპარება, რომ ეს „ჩუმი დიალოგი“ უკვე ჭეშმარიტ სასიყვარულო არიაში იყო გადაზრდილი...

 

 



რადიო თავისუფლება

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge