Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:16 26.04.2019
დაგვიანებული მიმართვა წმინდა სინოდისადმი

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მი­ზე­ზე­ბისა და ბრძოლის მიზან­მი­მარ­თუ­ლებას­თან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმის. 


საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, 80 წელი 31 მარტს შეუსრულდებოდა. მის სიყრმისეულ თანამებ­რძოლს - მერაბ კოსტავას კი, საქართველოს და­მოუ­კიდებლობის (გამოცხადების) დღეს, 26 მაისს. 25 წელია, რაც საქართველოს ჭეშ­მა­რიტი დამოუკიდებლობისთის მებრძოლი პრე­ზიდენ­ტი სამუდამოდ განისვენებს. მეო­თხე­დი საუკუნის გადასახედიდან კი, უფრო ნათლად სჩანს თუ რა ტენდეციებთან უხდებოდა მას შერკინება. საეკლესიო მწერალ, კეთილმსახურ მირონ (მერაბ) სუ­ლაქველიძეს მიჩანია, რომ მიუხედავად მისი გარდაცვალების გამოძიების გაჭიანურებისა - დაბრკოლებად არ უნდა იქცეს წმინდა სინოდისადმი მიმართვა.

 

კიდევ რატომ ფიქრობთ რომ დაგვიანებულია სინოდისადმი თქვენი მიმართვა?

 

არასამთავრებო გამოძიებიდანაც ნათლად სჩანს, რომ მას თავი არ მოუკლავს და ამდენად - პირველი პრეზიდენტის იდეური თავგანწირვა ქრისტიანულ ასპექტში გან­სა­ხილველი და დასაფასებელია. ადამიანის უფლებათა დაცვის ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კერვალიშვილი ოდითგანვე ითხოვდა ზვიად გამსახურდიას კანონიზაციისათვის სინოდისადმი მიგვემართა, მაგრამ ორი მიზეზის გამო მას მხარს ვერ ვუბამდი. 

უპირველესად საქმე იმაშია, რომ რაც დრო გადის - მით უფრო ნათლად იკვეთება თუ რა ძალებისგან უხდებოდა წამებულ ბატონ ზვიადს სამშობლოს მომავლის დაცვა.

მეორე საკითხი კი წმინდანად ზვიად გამსახურდიას კანონიზაციის შესახებ საკითხის დასმის შეყოვნებისა გახლდათ - ეროვნულ მოძრაობასთან საინტერესოდ დაახლოებული ერთი ამჟამინდელი იერარქის მოფანატიკოსო-სოფისტური ცრუმორ­წმუ­ნე­ობის ტენდენცია.


ხომ არ დაასახელებთ ვის გულისხმობთ?

 

ეს სუბიექტი მიტროპოლიტი არაა, მხოლოდ საეპისკოპოსოს განაგებს, მაგრამ ისეთი პროვოკაციული და მღვდელმთავრისთვის შეუფერებელი ლექსიკით გამოდის ხოლმე თავისი ამბიონიდან, რომ ჩვენი სულიერი მამამთავრისათვის ოპონენტთა სანუკვარ კადრადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ...

 

კერძოდ, რა რელიგიური არგუმენტები გააჩნია ამ ეპისკოპოსს ზვიად გამსახურდიას კანონიზაციის საწინააღმდეგოდ?

 

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ჯერ კიდევ მღვდლობის პერიოდში მან „შტაინერისტობაში“ ბატონი ზვიადის ისტერიულად დადანაშაულება დაიწყო. იგი აკრიტიკებდა აგრეთვე ზვიად გამსახურდიას ზოგიერთ რელიგიურ-ფილოსოფიურ აზრს, რომლებიც დაიბეჭდა „საქართველოს სულიერ მისიასა“-სა და „რუსთაველი და ანტონ პირველ“ -ში (გვ.22,74).

უპირველესად, უნდა ითქვას, რომ უცთომელი მხოლოდ  ქრისტეს ერთი წმიდა მართლმადიდებელი საყოველთაო ეკლესიაა და მის სწავლებაზე დაფუძნებული სამოციქულო და სჯულის კანონის სახელმძღვანელო, სადაც წმიდა მამათა ის წერილები შედის, რომლებიც საკრებო გადაწყვეტილებით ეკლესიამ ერთსულოვნად მიიღო.

არსებობს ასეთი წიგნი - „წმიდა მამათა ავტორიტეტისათვის“, სადაც წერია: წმიდა მამათა უმეტესობა წარჩინებულთა წრეს ეკუთვნოდა და ყველა პირობა ჰქონდა საუკეთესო განათლების მისაღებად. მეცნიერების ყველა სფეროში ისინი იმდენად განსწავლულნი იყვნენ, რომ თანამედროვეთ აოცებდნენ.  ხოლო სანამ საეკლესიო მსახურებას შეუდგებოდნენ - კლიმენტი რომაელი, იპოლიტე პორტუელი და გრიგოლ დიოლოღოსი სენატორებიც იყვნენ, ამ წოდებას კი ფართო განათლების გარეშე ვერავინ მიიღებდა. ლენინისა და ტროცკის თაოსნობით ჩამოყალიბებული ათეისტური დიქტატურისას მრავალი სასულიერო ნაწარმოები იქნა „ექსპროპრირებული“ თუ ტაბუირებული. ხოლო ბატონი ზვიადი თავისი რელიგიურ-ფილოსოფიური განწყობის სულს იმით არწყულებდა, რაც მაშინ იყო ხელმისაწვდომი. ბატონმა ზვიადმა  1991 წელს „ახალგაზრდა ივერიელისადმი“ მიცემულ ინტერვიუში შტაინერიზმის მიმდევრობა უარყო და ახალგაზრდობაში ამ ოკულტური ფილოსოფიით გატაცების გამო მოიბოდიშა. საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ არაერთი წმიდა მამის რელიგიური სწავლება იქნა ეკლესიურად მიუღებელი. ავიღოთ თუნდაც ისეთი დიდი მამები, როგორებიც არიან: გრიგოლ ნოსელი, იუსტინე ფილოსოფოსი, ირინეოს ლიონელი, იპოლიტე რომაელი, მეთოდიოს პათარიელი. რელიგიურ-ფილოსოფიურ საკითხებში ბატონი ზვიადის კერძო მოსაზრებები კი   არ  იყო  სწავლებითი ხასიათის და ამიტომ არც ეკლესიის შემგონებლურ გამოხმაურებას ჰქონია მის მიმართ ადგილი.

 

ე.ი. ზვიად გამსახურდია მართლმადიდებლური სწავლების ერთგული მიმდევარი იყო.

დიახ, ბატონი ზვიადი ეკლესიის ერთგული შვილი გახლდათ, განსხვავებით კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსისგან, რომელიც რევიზიონისტულად უდგება სჯულის კანონს და მრავალნაირად ცდილობს შერყვნას ეკლესიიის დოგმატურ-კანონიკური სწავლება. ისიც ცხადია, თუ რა ძალების წახალისებით იქნა მართლმადიდებლობის ერთგული ჩვენი პრეზიდენტი კომუნისტური დიქტატურის შემდგომ დევნილი და ფიზიკურად მოშთობილი.

 

თუ  მიგაჩნიათ  ვისი წახალისებით  მოხდა  მისი  გაუვნებელყოფა - დააკონკრეტეთ კიდეც.

 

არსებობენ ბანკირები და მილიარდერი „ქველმოქმედები“, რომელთაც სურთ თავიანთი ფინანსები გავლენიან პოლიტიკოსთა კარზე, რელიგიურ ლიდერთა თუ მედიაში და კულტურა-განათლების „განვითარებაში“ დააბანდონ. ამ სფეროში ყველაზე ცნობილი მაგნატი - ჯორჯ სოროსია. ასე, რომ ზოგიერთი ოლიგარქი ცდილობს, მატერიალური პერსპექტივებით, სენატორებისა და პრეზიდენტებისთვისაც მისაღები გახადოს თავისი ინიციატივები.

 

ეს როგორ? ამერიკელი და ევროპელი ქვეყნის მეთაურები ხომ ბიბლიაზე ხელის დადებით დებენ ფიცს, იყვნენ ქვეყნის ინტერესების ერთგულნი.

 

ერთ-ერთი ნიუანსი ნაკლებ რელიგიური ქვეყნის მმართველთა შეცდომაში შეყვანისა გახლავთ ის, რომ თითქოსდა დემოგრაფიული რეგულირებით შესაძლებელია მატერიალური დოვლათის დაგროვება ქვეყანაში და მოსახლეობის კეთილდღეობა. ამ დემაგოგიის განხორციელებისათვის კი მათ ხშირად იყოლიებენ კიდეც გარყვნილების აღვირახსნილებათა პროპაგანდის გაღვივებასა და მის ექსპორტში. ასე იყო, მაგალითად, ბუშებისა და ე.წ. თავისუფლად მოაზროვნე ობამას მართველობისას აშშ-ში.  ამგვარი ტენდენციის გამო თქვა ჯორჯ ბუშ უფროსმა ზვიად გამსახურდიაზე: „დინების საწინააღდეგოდ მიემართება“-ო, რასაც ბატონმა ზვიადმა წმინდანთათვის დამახასიათებელი უშიშარობით უპასუხა: „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“-ო. რა თქმა უნდა, აქ გამსახურდია სულიერად და სამუდამოდ მკვდარ ადამაინებს გულისხმობდა და  ამ მქადაგებლური სიტყვით მან თავის მიწიერ განაჩენს მოაწერა  ხელი. მაგრამ რაღა შორს წავიდეთ ან თითქმის სამი ათეული წლის წინანდელ ავადსახსენებელ ფაქტებს დავეყრდნოთ? ზვიად გამსახურდიას მკვლელი - სულიერად მკვდარი, სოროსის გრანტების მოყვარულნი დღესაც კლავენ და დემოგრაფიულად ამცირებენ საქართველოს. სოროსული საერთაშორისო ფონდი ისეთ მედია საშუალებებს, ორგანიზაციებსა და ბანკებს სწყალობს, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში მის იდეოლოგიას დანერგავენ. ჩვენთან კი ამის მოქმედი უმსხვილესი ბანკის მფლობელი - მამუკა ხაზარაძეა, რომელიც მკრეხელობის, ცრუ კულტურისა და ფსევდოდემოკრატიის „მოამაგე“ მამად მოგვევლინა საქართველოში. ნუთუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის ან ოპოზიციაში მისი ყოფნისას მსგავს უზნეობას ექნებოდა ჩვენთან ადგილი?

 

ნუთუ მხოლოდ სახელმწიფოებისა და ხალხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა თუ ბუნებრივი რესურსების დაზოგვისათვის უწევენ დათვურ სამსახურს მსოფლიო საზოგადოებრიობას სოროსისტები?

 

უსჯულოების საიდუმლო მატერიალისტური მიზნებითა და ანტიქრისტიანული მსოფლმხედველობითაა ნაკარნახევი.  ოლიგარქთა ამ კლანს სურს, რომ მთელ საბანკო მიმოქცევაზე დაამყაროს კონტროლი. ამისათვის კი მათ საყოველთაო პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდებათ. მიმდინარე პირობებში ისინი, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებენ ყველა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის აყოლიებას და ეს ცხადია. ამიტომ ცდილობენ ფსევდოდემოკრატიის ანტიზნეობრიობისა და ანტიკულტურის პროპაგანდისტულ ფერხულში ჩათრევით, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკოსის დისკრედიტაცია მოახდინონ. შემდეგ კი თავიანთი ნდობით აღჭურვილი პირი ასპარეზზე იმ იმედით წარმოაჩინონ, რომ ის იყოს მათი მფარველი და ე.წ. მსოფლიო ბიზნეს მარეგულირებელი. სოროსისტებს სურთ, რომ ყველა პოლიტიკოსის გასვრის შემდეგ - თავიანთი ყველაზე ავტორიტეტულ, პოლიტიკურ (და თუნდაც რელიგიურ-ზნეობრივ) ფიგურად „თავიანთი კაცი“ წარადგინონ. მისი საარჩევნო დევიზი კი უნდათ, რომ გახდეს დიდი უმრავლესობისათვის მომხიბლავად მისაღები: აგრესიული ლიბერალიზმის საპირწონე - ანტისოდომისტური, „ზნეობრივი“ და მოჩვენებითად ქრისტიანული. ქრისტეს ანტიპოდის პოპულარობის ზენიტში კი უნდათ რომ გაცხადდეს მისი აღზევების მომამზადებელთა ნამდვილი მიზნები. ამგვარი მანევრით ცდილობენ კოლექტიური ანტიქრისტე სოროსისტები პერსონალური ანტიქრისტესთვის პიარის გაიოლებას.


სოროსისტული მაფია იმდენად ძლიერია, რომ ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ვერ უმკლავდება მათ გავლენას, თავიანთი ბიზნეს-პოლიტიკური მიზნებისათვის გარყვნილების პროპაგანდის შესაჩერებლად. საერ­თა­შო­რისო ასპარეზზე თავიანთი პროტეჟესთვის გზის გაკვალვის პროცესში სო­რო­სის­ტთა ვნებათაღელვის ობიექტს ისეთი პოლიტიკური ლიდერები წარმოადგენენ, რომლებიც სოროსული „ქველმოქმედებისგან“ თავიანთ ქვეყნებს მიჯნავენ. როგორც საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.


30 წლის წინ, სხვა დისიდენტებთან ერთად, ჩემს საოჯახო წვეულებაზე ყოფნისას - ბატონმა ზვიადმა მორიგი სიტყვა მეშვიდე ფსალმუნის ციტირებით დაიწყო: „არა თუ მოექცეთ, მახვილი მისი ლესულ არს, მშილდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი; და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი“. შემდეგ კი დასძინა: თუ ჩვენში გაძლიერდება ღმრთისმოშიშება - განელედება კაცთა მიმართ შიში და გაღვივდება სიყვარული, სიყვარულის ძალა კი საქართველოს გადაარჩენსო.


 ნეტავ ყველას გაგვეთავისებინა მაშინ ხსნის ეს აქსიომა და მყარად შევდგომოდით საქართველოს დამოუკიდებლობის აღმართს.


წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის საეკლესიო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. ეს აქცია - ჩვენი ეკლესიის სულიერი მისიის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია, მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყნის მოსახლეობის სულიერი დეგრადაცია და გენოციდი შევანელოთ - სასარგებლო იქნებოდა აგრეთვე სოროსისტებთან ქრისტიანული ფასეულობებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ მებრძოლი ლიდერის - ზვიად გამსახურდიას  სახელი,  სულიერ-ზნეობირივი  კვალიფიკაციით უკვდავ-ვყოთ.


ამჟამად ყველა არატენდენციური ადამიანი ნანობს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ ჩადენილ ნებსით თუ უნებლიე შეცდომებს. ჩვენ კი, სამშობლოს საკურთხეველზე უშიშრად მსხვერპლშეწირული პირველი პრეზიდენტის ხსოვნა და სინდისი გვავალებს, რომ წმინდა ილია მართალ ჭავჭავაძეზე არანაკლები პატივი მივაგოთ  ზვიად გამსახურდიას  და ახლა მაინც ვაღიაროთ წმინდა მოწამეთა დასში მისი სულის დამკვიდრება. ამინ!

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge