Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:53 23.04.2019
აზერბაიჯანელი მწერლის - მირ ჯალალის რომანის, ქართული თარგმანის "ერთი ახალგაზრდის მანიფესტის" პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში, მწერლის - მირ ჯალალის რომანის, ქართული თარგმანის –"ერთი ახალგაზრდის მანიფესტი" პრეზენტაცია გაიმართა.

 

მირ ჯალალ ფაშაევი აზერბაიჯანელი მწერალია, რომელმაც ლიტერატურული მოღვაწეობა 1928 წლიდან დაიწყო. მისი ავტორობით 60–მდე წიგნია დაბეჭდილი. რომანი – "ერთი ახალგაზრდის მანიფესტი" კი პირველად 1964 წელს დაიბეჭდა.

 

წიგნის პრეზენტაციას აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩი დურსუნ ჰასანოვი ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა  წიგნის მთარგმნელებსა და რედაქტორებს გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ ასეთ აქტივობებს სამომავლოდ კიდევ გეგმავენ.

 

წიგნის შესახებ "ჯორჯიან თაიმსს" თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი ესაუბრა:

 

"მირ ჯალალის – "ერთი ახალგაზრდის მანიფესტი" ძალიან საინტერესო წიგნია. მიმაჩნია, რომ რაც მეტი ითარგმნება ქართულ ენაზე აზერბაიჯანელი მოღვაწეების ნამუშევრები და პრიქით, ძალიან კარგი იქნება. ახლა კიდევ იგეგმება რამდენიმე აზერბაიჯანელი მწერლის წიგნის თარგმნაც. ამ ორმა მეზობელმა ერმა ერთმანეთის კულტურა აუცილებლად უნდა იცოდეს. ეს ურთიერთობები კი მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის, ურთიერთთანაცხოვრებისთვისა და მომავალი თაობისთვის."

 

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ქართულიდან აზერბაიჯანაულად რამდენიმე წიგნიც ითარგმნა. ამ საკითხზე "ჯორჯიან თაიმსს" მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი ესაუბრა.

 

"აზერბაიჯანში, აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა ქართველ მწერალთა ანთოლოგია, სადაც სხვადასხვა მწერლის მოთხრობებია შესული. კონკრეტულად კი –  კონსტანტინე გამსახურდიას, ოთარ ჭილაძის, რეზო მიშველაძისა და  სხვა მწერლების ნამუშევრები. ახლა, ორმხრივი ხელშეკრულების შედეგად,  აზერბაიჯანულ ენაზე "ზღაპრების კრებული" გამოიცემა. მთარგმნელი აზერბაიჯანელი იქნება, ხოლო მხატვარი – ქართველი.  ეს ყველაფერი კეთდება აზერბაჯანის პრეზიდენტისა და ბაქოში არსებული "წიგნის სახლის" მხარდაჭერით. ვაპირებთ, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და ერთად ბევრი წიგნი ვთარგმნოთ,"– აღნიშნა მაყვალა გონაშვილმა. 

 

წიგნის პრეზენტაციას "ჯორჯინ თაიმსის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი ესწრებოდა:

 

"დღეს ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ქართველი მკითხველი გაეცნობა ისეთ დიდებულ მწერალს, როგორიცაა - მირ ჯალალი. 


მიმაჩნია, რომ როცა  წიგნები ითარგმნება აზერბაიჯანულიდან -ქართულ ენაზე და პირიქით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს ნიშნავს, რომ ამ ორ ერს შეუძლიათ უკეთ გაუგოს ერთმანეთს, აჩვენონ საკუთარი ცხოვრება და ერთმანეთის მიმართ სიყვარული გამოხატონ. მწერალი კი ის ადამიანია, რომელიც  თავისი ერის ცხოვრებას აღწერს,"–განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge