Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:14 19.04.2019
19 და 20 აპრილს, რუსთავის თეატრი მაყურებელს ორ ახალ სპექტაკლებს წარუდგენს

 

19 და 20 აპრილს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი მაყურებელს ახალ სპექტაკლებს წარუდგენს.


19 აპრილს, 20.00 სთ-ზე,  დიდ სცენაზე , რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე და რეჟისორი ლევან სვანაძე, ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ,,თოვლივით თეთრი თოვლი“ შემოგვთავაზებენ.


თბილისური ამბავი, რომელიც ყველა დროსა და ეპოქას ერგება, სცენაზე ფასტასმაგორიული ჟანრით გაცოცხლდება. როგორი შეიძლება იყოს პაბი ბიბლიოთეკა და ვინ შეიძლება იყრიდეს მასში თავს, თუ არა რომანტიკოსი და არაორდინალური იდეებით შეპყრობილი საზოგადოება. დრამატურგი, რომლის პიესებიც 80-90 იან წლებში აქტიურად იდგმებოდა ქართულ თეატრში, რუსთაველ მაყურებელს თავს ისევ შეახსენებს. ,,თოვლივით თეთრი თოვლი“  ლაშა თაბუკაშვილის მეორე პიესაა, რომელიც რუსთავის თეატრის რეპერტუარში დაიმკვიდრებს ადგილს. სპექტაკლში კი  თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები: ზვიად დოლიძე, თეონა ხვედელიძე, მაია ჯავახიშვილი, ვაკო კობერიძე,  გიორგი რევაზიშვილი და ირაკლი (კუკური) ბექაია მონაწილეობენ. მხატვარი ლომგულ მურუსიძე, მუსიკალური გამფორმებელი კი გოგიტა მაისურაძე გახლავთ.

 


20 აპრილს, 20 სთ-ზე, ემიგრანტების ტრაგიკომიკური ბედის შესახებ, ორ მოქმედებიან კომედიას ,,დილამშვიდობისა ასდოლარიანო“! რეჟისორი ქეთი დოლიძე, ამჯერად რუსთავის თეატრის ცისფერ სცენაზე წარმოადგენს.  პიესის  ავტორები  პეტრე ხოტიონოვსკი და ინგა გარუჩავა არიან. სად იყივლებს გენეტიკური სისხლი და რა ძალა აქვს ქართულ სიტყვას.. შეიძლება თუ არა, დაგავიწყდეს ენა რომელზეც მთელი ცხოვრება მეტყველებ და რამ შეიძლება გადაგაწყვეტინოს საკუთარი ადგილსამყოფელის სამუდამო დატოვება. სპექტაკლი, რომელიც ქართულ ტრაგედიის კომიკურ და ამავე დროს ოპტიმისტურ განცდას გადმოსცემს,  რუსთავის თეატრის მსახიობებთან  ნათელა მუხულიშვილი, ნათია არბოლიშვილი, ლაშა კანკავასთან ერთად მოწვეული მსახიობი  იური ფოფხაძეც მონაწილეობს.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge