Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:41 16.04.2019
"2019 წელს ავაშენებთ ექვს ამბულატორიას, არსებული შვიდი – კი რეაბილიტირდება" – გიორგი შენგელია

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს კორცხელის, ნაცატუსა და ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდა და მათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა. ასევე, მოისმინა ადგილობრივების პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე მათთან ერთად იმსჯელა.

 

მერობის კანდიდატმა სოფელ კორცხელის ამბულატორია დაათვალიერა, გაიცნო მედ-პერსონალი და მათ დაჰპირდა, რომ მომავალ წელს სოფელს აუცილებლად ექნებათ ახალი ამბულატორია. როგორც გიორგი შენგელია განმარტავს, მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აშენდება ექვსი ახალი ამბულატორია, ხოლო, არსებულ შვიდ ამბულატორიას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

 

„რასაკვირველია პრიორიტეტს წარმოადგენს ამბულატორიების საკითხები და სწორედ ამიტომ ჩვენ 2019 წელს ავაშენებთ ექვს ამბულატორიას, არსებული შვიდი ამბულატორია კი რეაბილიტირდება. ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით სოფელ კორცხელის ამბულატორიაში, სადაც მედ-პერსონალს, მართლაც მძიმე პირობებში უწევს მუშაობა, თუმცა, მე პირობას ვდებ, რომ მომავალ წელს სოფელ კორცხელს ექნება ახალი ამბულატორია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს სრულფასოვანი მომსახურება", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge