Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:40 06.04.2019
რატომ შედგა მამა გაბრიელი ლენინის დიდ პორტრეტზე ფეხით

ღვდელ-მონაზონი კირიონი (ონიანი) ყვება: „სვეტიცხოვლის კრების დღეები (1995 წელს გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაფართოებული სამღვდელო კრება) გადავლილი იყო. მის გარდაცვალებამდე, ალბათ, ოციოდე დღე თუ იქნებოდა დარჩენილი, როდესაც თავი ეკლესიის წინ გაგვაყვანინა და მცირე ხანს ჩუმად ყოფნის შემდეგ გვითხრა: მე აი, იქ დამასაფლავეთ, იქ დამასაფლავეთ! მაშინ ეს დაუჯერებელი ჩანდა, რადგან იმ ადგილას, სადაც მამა გაბრიელმა მიგვანიშნა, ძალიან დიდი ოდენობის სამშენებლო ნაგავი ეყარა და ეს იქ ვინმეს დასაფლავებას შეუძლებელს ხდიდა. მაგრამ მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებისამებრ, მის გარდაცვალებამდე 6-8 დღით ადრე ეს ნაგავი მთლიანად გაიტანეს მონასტრიდან და მამა გაბრიელიც სწორედ მის მიერ ნაჩვენებ ადგილას დასაფლავდა. თითქოს ყველა უნდა მივხვედრილიყავით, რომ მოწევნულ იყო ჟამი მისი ამ ქვეყნიდან განსვლისა, მაგრამ მაშინ ეს არავის სჯეროდა, რადგან წყალმანკის დაავადებიდან განკურნებულს, სასიკვდილო თითქოსდა არაფერი სჭირდა… ძალზე ნუგეშინისმცემელი არის დღეს ის სიტყვები, რომელთაც ახალ კელიაში გადასვლის შემდგომ ყველა მიმსვლელს ეუბნებოდა: მივდივარ და თქვენს სიყვარულს ღმერთს ავუტან. მერწმუნეთ, თქვენს სიყვარულს ღვთის საკურთხეველზე დავდებ და უწმინდეს ძღვნად შევწირავ… გარდაცვალებამდე ხუთი დღით ადრე მამა გაბრიელმა  დეტალურად აუხსნა დედა პარასკევას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მისი გარდაცვალების შემდეგ: სადაც განახეთ, იქ დამასაფლავეთ. უკუბოოდ, ჭილობში გახვეული დამმარხეთ, ხოლო ჩემს კუბოს დედაჩემს ვუტოვებ. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, ვიდრე მამა გაბრიელს ტკივილისაგან საუბარი აღარ შეეძლებოდა, მასთან მონასტრის დედები იყვნენ შესულები. მამა გაბრიელი თითქოს ნერვიულობდა, მისი სიკვდილის მერე როგორ გავაგრძელებდით ცხოვრებას. გვემახსოვრებოდა თუ არა ქრისტიანული ცხოვრებისთვის და ცხონებისთვის მის მიერ მოცემული მაგალითი და სწავლება: გევედრებით, არ გააცუდოთ ჩემი თქვენდამი სიყვარული და იმედი. გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც პური ვერ გამოცხვება ცეცხლის გარეშე, ისე არცერთი სათნოება არ აღორძინდება და არ დამკვიდრდება თქვენში ღვთისა და მოყვასის თავდადებული სიყვარულის გარეშე. გახსოვდეთ, ეს ჯვარი თქვენამდე სულ სისხლით ვატარე. ამის შემდგომ დედებმა მამა გაბრიელს სთხოვეს, რომ მათთვის რაიმე სწავლის სახით დაეწერა, რაზეც მამა გაბრიელმა მიუგო: რა საჭიროა რაიმეს დაწერა ჩემგან. რაც სულის ცხონებისთვის საჭიროა, ყოველივე კეთილად და სრულად უწერიათ ეკლესიის წმიდა და ღმერთშემოსილ მამებს. ჩემგან ეს მხოლოდ განმეორება და სიამაყე იქნება. სიყვარულს გიტოვებთ სწავლებად. გახსოვდეთ სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. ეს მამა გაბრიელის დღიურებია, რომელმაც იწინასწარმეტყველა: „ჩემს საფლავზე ნახევარი საქართველო მოვა…“

 

არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში დაიბადა. გოდერძი ჩვილობაშივე მოუნათლავთ წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში, ნავთლუღის უბანში. გოდერძის ნათლია გახლდათ ყოფილი მოწყალების და თამარ ბეგიაშვილი. 

 

წმიდა გაბრიელის მღვდლობა 

 

იმ პერიოდში საქართველოში მძვინვარებდა კომუნისტური რეჟიმი. იდევნებიდა სარწმუნოება, ინგრეოდა თუ იხურებოდა ეკლესიები, უდანაშაულოდ კლავდნენ და ასახლებდნენ მოსახლეობას. გოდერძი დაახლოებით ორი წლის იყო, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში მოუკლეს მამა – ვასილ ურგებაძე. შემდგომში ოჯახის წევრები მამის პატივსაცემად ბავშვს ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. კენჭებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა. დედას (შემდგომში – მონაზონი ანა. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში) ეშინოდა, რომ არავის შეენიშნა ვასიკოს ამგვარი გატაცება, რადგან არ იყო გამორიცხული ოჯახის დასმენა ბავშვის კომუნისტური იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ აღზრდისთვის. ვასიკო ყრმობიდანვე უცნაურად იქცეოდა – თანატოლებთან თამაშს განერიდებოდა ხოლმე და ამჯობინებდა მარტოობასა და მდუმარებას. ბავშვს ერთი საკვირველი გართობა მაინც ჰქონდა: ხელში მოგრძო ჯოხს დაიჭერდა და გაიქცეოდა. ირგვლივ მყოფი ჩიტები ამ ჯოხს მოეხვეოდნენ და ჟღურტულით დაჰყვებოდნენ. ეს მოვლენა ყველას აკვირვებდა. ვასიკო საოცრად ლმობიერი იყო. სახლში თაგვის ხაფანგი არაფრით დაადგმევინა; თაგვს ცოცხლად იჭერდა გალიაში და შემდეგ ეზოს გარეთ უშვებდა. სკოლაში 6 წლის ასაკში შეიყვანეს. წერა-კითხვა და არითმეტიკა ადვილად შეისწავლა, ხოლო კეთილი ზნეობით საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. ქრისტეს სახელი პირველად 7 წლის ასაკში გაიგო, რამაც ვასიკოს ჩვეული ცხოვრება სრულიად შეცვალა. მალევე შეაგროვა ფული და შეიძინა სახარება, რაც ახალი ცხოვრების საწყისად იქცა. 12 წლის ვასიკოს წრფელი სიყვარულისა და მოღვაწეობრივი  ცხოვრებისთვის უფლისგან ძალმოსილებისა და საღმრთო გამოცხადებათა მადლი მიენიჭა. მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვასა და ასევე, ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებულს, ოჯახის წევრებმა ცოლის შერთვა დააძალეს; ერთი ლამაზი გოგოც აჩვენეს. შეხვედრისას მან ქუდიც არ მოიხადა, ისე დაჯდა, სიტყვა არ წამოსცდენია, ადგა და გავიდა გარეთ. ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნა რომ აეცდინა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წავიდა, რათა თვითონვე ეთქვათ უარი მის ცოლობაზე. ექიმებს უკვირდათ: აქ ხალხი ძალით მოჰყავთ, ეს კი თავისი ფეხით მოვიდაო. თუმცა, იმ უღმერთობის ჟამს, დაიწყო თუ არა ქრისტეს დიდებაზე ქადაგება, მაშინვე დაუსვეს დიაგნოზი: სულიერ ავადმყოფად მიიჩნიეს და სახლში მხოლოდ დედის ზედამხედველობის 

 

პირობით გაუშვეს. ბერმა გაბრიელმა სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ეზოში საკუთარი ხელით ეკლესიის აშენება. ხშირად ამბობდა: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა“. რწმენისგან დაცლილი იმჟამინდელი ხელისუფალნი ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ფიზიკურად ანადგურებდნენ ღვთისმსახურებს. ამიტომაც ხშირად აწიოკებდნენ ახალი ეკლესიის ამშენებელს და მის დანგრევას აიძულებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც მივიდოდნენ, რაღაც ნაწილს ეკლესიისას დაანგრევდნენ, ხოლო მეორე დღეს ჩუმად ფულს სთავაზობდნენ, რაც დავანგრიეთ, აღადგინეთო. ერთხელაც მასთან მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი მივიდა. მამა გაბრიელს არ გასჭირვებია მათი მიზნის ამოცნობა. არც აცალა ხმის ამოღება, ისე უთხრა: „მე არ დავანგრევ და თქვენ თუ შეძლებთ, დაანგრიეთ“. შეშინებიათ, წასულან და მუშები მოუყვანიათ. ბერს მათთვის კიდევ უთქვამს: „ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი“. ამჯერად უფრო შეშინებიათ და წასულან. ასე გადაარჩინა ღვთის შიშმა მისი ეკლესია მთლიანად დანგრევას. ბერი გაბრიელი ღვთის გზას ბავშვობიდანვე დაადგა, მაგრამ რომ განემტკიცებინა ყოველივე და დედაეკლესიის ოფიციალური მსახური ყოფილიყო, 1954 წლის 25 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოს გაბრიელს (ჩაჩანიძეს) მიმართა: „გთხოვთ, მიმიღოთ თქვენს საკათედრო ტაძარში მსახურად, რადგან სიყრმიდანვე ჩემს მიზანს ეს შეადგენს“. მღვდელმსახურმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. 1955 წლის იანვარში ვასიკო დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 23 თებერვალს ქუთაისის მოწამეთას მონასტერში ბერად აღიკვეცა და მისი სურვილისამებრ ეწოდა გაბრიელი. 3 დღის შემდეგ წმიდა პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მღვდელ-მონოზვნად დაასხა ხელი. მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წლის 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა… 

***

„ერთ დღეს მიამბო, როგორ დაწვა ლენინის სურათი, მერე ცეცხლმოკიდებულ სურათზე როგორ შედგა და იცეკვა. ამის გამო დააპატიმრეს. იხსენებდა: „კაგებეში“ რომ წამიყვანეს, უკან 7 ავტომატიანი კაცი მომყვებოდა. ვეუბნებოდი, – შვილო, თქვენ ეშმაკისგან შეშინებულები ხართ, ხელში ჯოხიც კი არ მიჭირავს და 7 ადამიანს რა უნდა გიქნათ-მეთქი. კამერაში რომ შემიყვანეს, სამოსელი გამხადეს, მაისურის ამარა დამტოვეს, ჯვრები და ხატები ჩამომართვეს. ვთხოვე, არ წაეღოთ; ვუმეორებდი, – ბერი ვარ-მეთქი. მპასუხობდნენ: ბერი კი არა, ხალხის მტერი ხარ და მალე გაგანადგურებთო. კამერაში მარტო დავრჩი. ლოცვის ჟამმა რომ მოაწია, ვიფიქრე, რა ვქნა-მეთქი. დავინახე, კუთხეში ცოცხი იდო, მისი სახელურიდან 2 ღერო გამოვაძვრე, გადავაჯვარედინე, მაისურიდან გამოღებული ძაფით შევკარი და ჯვარი გავაკეთე. მერე ეს ჯვარი კუთხეში დავდე და ლოცვა დავიწყე, მაგრამ ეშმაკის მოციქული ჭუჭრუტანიდან მითვალთვალებდა, საკნის კარი გააღო, შემოვიდა და ჯვარი წამართვა, – აქ ლოცვა არ შეიძლებაო. გავბრაზდი, კედელთან დავდექი, ხელები გავშალე და ვუთხარი, „მე თვითონ ჯვარი ვარ. აბა, მოდი, წამართვი!“ – იხსენებს წმიდანის მკურნალი ექიმი. მისივე განცხადებით, მამა გაბრიელი დაკავების შემდეგ კომისიაზე გაატარეს, სადაც ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელიც წმიდანს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში „ამოლპობით” დაემუქრა. „იხსენებდა: კომისიაზე გამატარეს, უფროსობა იყო შეკრებილი, მათ შორის ედუარდ შევარდნაძეც გახლდათ. მან რომ დამინახა, თქვა, ეს ადამიანი სულიერად ავადმყოფი თუ არის, ფსიქიატრიულში ამოვალპობთ, თუ არა და, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოსო. მამა გაბრიელს უპასუხია, – ცოტა ხანი გაივლის და მოედანზე ხელგაშვერილი ეშმაკის ძეგლი რომ გიდგათ, თქვენი ხელით გადმოაგდებთ და მის ადგილზე ვარდებს დარგავთო. შევარდნაძეს უთქვამს: შენ მაგას ვერ მოესწრებიო. – მეც მოვესწრები და შენცო…“

ავტორ(ებ)ი : http://tbiliselebi.ge