Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:26 04.04.2019
„მინდა დავიბადო იქ, სადაც დავიბადე და როდესაც დავიბადე, ანუ, თბილისში, 1930 წელს“

ლელა ანჯაფარიძის ბლოგი: რანაირად “არ იდარდო“...

 

ერთხელ ბატონ გია დანელიას კითხეს - „შესაძლებლობა რომ გქონდეთ, სად ისურვებდით თავიდან დაბადებას და როდის?“... მან უპასუხა - „მინდა დავიბადო იქ. სადაც დავიბადე და როდესაც დავიბადე, ანუ, თბილისში, 1930 წელს... თუ მაგალითად, გავჩნდები სადმე ჰოლანდიაში ან საფრანგეთში, ხომ ვერასდროს ვერ შევხდები ჩემს მეგობრებს და ახლობლებს... შევხვდები სხვას... შეიძლება, ძალიან კარგ ჰოლანდიელებს ან შესანიშნავ ფრანგებს... მე კიდევ მჭირდებიან ჩემიანები, ისეთები, როგორც არიან... ის, ვინც ცოცხალია და ისიც, ვინც მეხსიერებაში დარჩა“... ძალიან ძნელია იმის დაჯერება და გაცნობიერება, რომ ძალიან-ძალიან ჩვენი, ბატონი გიორგი დანელია დღეს გადადის მეხსიერებაში... ჩვენ კი მასზე საუბრისას უნდა ვიხმაროთ წარსული დრო...

 

ბატონი გიორგი იძახდა, რომ მისი ცხოვრება - მისი შემოქმედებაა... ჩვენ ყველას გვახსოვს მისი ლამაზი, თბილი, კეთილშობილური და ამავე დროს ღრმა ფილმები...ბატონი გიორგი თვლიდა, რომ მას სულ 1 კომედია ჰქონდა გადაღებული... ეს იყო „33“ და ერთი კომედიის „იღბლიანი ჯენტლმენების“ სცენარის თანაავტორი იყო - დანარჩენი ფილმების გადაღების წინ კი, ფილმის გრაფაში „ჟანრი“, ის წერდა „კომედიას“ მხოლოდ იმის გამო, რომ კომედიაზე მეტი ფირის დახარჯვა შეიძლებოდა... მართლაც, რა კომედიაა „არ დაიდარდო“ ან „შემოდგომის მარათონი“? ეს ძალიან სერიოზული ფილმებია, რომლებსაც სვდანარევი იუმორი ან იუმორდართული სევდა ახლავს...

 

ბატონი გიორგი დაიბადა თბილისში 1930 წელს, მაგრამ სულ პატარა იყო, როდესაც მისი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში... მიუხედავად იმისა, რომ მათ მოსკოვის ბინაში იკრიბებოდნენ საბჭოთა კონოს კლასიკოსები - ეინშტეინი, პუდოვკინი, დოვჟენკო, კალატოზოვი და ხშირად სტუმრად ჩამოდიოდნენ გიორგის დეიდა ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელთან ერთად და ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ გიორგი გაყვებოდა მათ კვალს, ის ოცნებობდა ახალი ქალაქების მშენებლობაზე და ჩააბარა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში... შემდგომში ბატონი გიორგი ყვებოდა, რომ არქიტექტურამ დიდი როლი შეასრულა მის სარეჟისორო შემოქმედებაში... მისთვის ფილმის ჩანაფიქრი იწყებოდა ვიზუალური ხედვით, სურათებით, პროპორციების შექმნით, რიტმული თანაფარდობებით... საოცრად სიმბოლურია ის, თუ როგორ გადაწყვიტა ბატონმა გიამ პროფესიის შეცვლა... ერთხელ ის, დამწყები არქიტექტორი, მეგობართან ერთად გავიდა ეზოში მოსაწევად და შეამჩნიეს კარგად ჩაცმული მთვრალი მამაკაცი, რომელიც იწვა პირდაპირ ქუჩასი... შეეცოდათ და ეცადნენ ხელში აეყვანათ, მაგრამ მან გაუღიმა და თხოვა - „ვიწვებიო, რა“... მაშინ ბატონმა გიამ დააფარა გაზეთი და სწორედ ამ გაზეთის ბოლო გვერდზე შეამჩნია განცხადება, რომ «Мосфильм»-ზე ცხადდება მიღება უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე...

 

ამ გაზეთმა გადაწყვიტა გიორგი დანელიას ბედი...დამავიწყდა მეთქვა, რომ როდესაც გიორგი 10 წლის იყო, ის პირველად, გავიდა გადამღებ მოედანზე ფილმში „გიორგი სააკაზე“, ოღონდ მსახიობის როლში... თანაც რამდენიმე სიტყვასაც კი იძახდა კადრში... მან მეგობრებში ეს მოყვა და ამაყად წაიყვანა ფილმის პრემიერაზე, მაგრამ... ეკრანზე ის არავის დაუნახია... თურმე, მონტაჟის დროს, მისი კადრი ამოჭრეს... ძალიან მიყვარს ბატონი გიორგის პირველი საოცრად კეთილი ფილმი პატარა ბიჭზე - „სერიოჟა“, რომელიც მან იგორ ტალანკინთან ერთად გადაიღო... კოლმეურნეობის თავმჯდომარის როლზე პარტიამ დაამტკიცა მაშინ უკვე ცნობილი მსახიობი, სერგეი ბანდარჩუკი, რომელიც, დანელიას აზრით, როლს სულ არ უხდებოდა,,, ამოტომ მათ გამუდმებით მოსდიოდათ კონფლიქტები... ბონდარჩუკმა რამდენჯერმე გადამღები მოედანიც კი მიატოვა... მაშინ „ზემოდან“ გასცეს განკარგულება - ბონდარჩუკს მიხედოს ტალანკინმა, დანელიამ კი - ბავშვებსო...

 

რა კარგია მისი „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“, რომელიც სადებიუტო ფილმი გახდა ნიკიტა მიხალკოვისთვის...სხვათაშორის, სწორედ ამ ფილმის გადაღებისას, 18 წლის ნიკიტა მისულა ბატონ გიორგისთან და მოუთხოვია ხელფასის გაზრდა... თურმე, მაშინ დამწყებ მსახიობს გადაღებაში ყოველდღე აძლევდნენ 8 მანეთს, ცნობილს კი - 25-ს... ნიკიტასაც 25 მოუთხოვებია... თანაც დაუმატებია, თუ არ გადამიხდით, არ გავაგრძელებ გადაღებასო... ამ დროს ნახევარი ფილმი იყო გადაღებული და თავს დაცულად გრძნობდა... დანელიამ წყნარად მოუსმინა და თავის თანაშემწეს თხოვა - „დარეკე და სხვა მსახიობი იპოვეო“... ნიკიტა გაშეშდა... მერე ცრემლები წამოსვლია და ბოდიში მოიხადა, - „ძმამ, ანდრონმა მასწავლაო“... გადაღებები გაგრძელდა, მიხალკოვს კი, ძველებურად 8 რუბლი დაუტოვეს... ფილმი „არ იდარდო“ შემიძლია ვნახო დაუსრულებლად... თურმე, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დანელიამ დაარღვია პრინციპი - არ გადაიღოს ფილმეში ოჯახის წევრები და მიიწვია სოფიკო ჭიაურელი... მისი მონაყოლით, სიფიკო საშინლად უშლიდა ნერვებდს იმით, რომ შესვენებების დროს მზესუმზირას მიირთმევდა. ბატონი გია უბრაზდებოდა, უყვიროდა, მაგრამ ამაოდ...ერთხელაც მიუჯდა სოფიკოს და გამოართვა მზესუმზირა... იმის მერე, ერთად აკნატუნებდნენ...

 

შესანიშნავია ბატონი გიორგის „აფონია“... აღსანიშნავია, რომ თავიდან სანტექნიკოსის როლზე მოიაზრებოდა 3 მსახიობი - დანიილ ოლბრიხსკი, ვლადიმერ ვისოცკი და ლეონიდ კურავლიოვი... მაგრამ დანელიამ ჩახედა თუ არა კურავლიოვს კეთილ თვალებში, გამოიტანა ვერდიქტი - „ასეთ სევდიანთვალებიან სანტექნიკოსს მაყურებელი ყველაფერს აპატიებსო“... კურავლიოვს კი იმდენად მომხიბვლელი გმირი გამოუვიდა, რომ საბჭოთა ქალები „მოსფილმში“ გაბრაზებულ წერილებს წერდნენ... ერთ-ერთმა მიწერა პირადად დანელიას - „თქვენ როდისმე დაგიძინიათ მთვრალ სანტექნიკოსთან? რაზედაც რეჟისორმა უპასუხა - „არა, არც მთვრალთან და წარმოიდგინეთ, არც ფხიზელთანო...“

 

„მიმინო“
ხომ საერთოდ უბერებელი ფილმია... ფილმის ყველა ქუჩის სცენას იღებდნენ 30 გრადუსიან სიცივეში, ბატონი გიორგის ჩანაფიქრით კი, ბუბა კიკაბიძეს და ფრუნზიკ მკრტჩიანს უნდა ცმოდათ თხელი ტყავის ქურთუკი და ლაბადა... ამიტომ, გადაღებების შემდეგ, ყველანი მიდიოდნენ დანელიას ოჯახში, ცხელი ჩაის და კონიაკის მისართმევათ - პროფილაქტიკისთვის..., უამრავი რამ მინდა მოვყვე... უსასრულოდ ბევრი...თანაც, აუცილებლად იუმორით...

 

როდესაც ასეთი გულღია და გულწრფელი ადამიანები მიდიან,თითქოს სპეციალურად გიტოვებენ თავის მხიარულ მოგონებებს... რომ ნაკლებად გეტკინოს... არ შემიძლია არ გავიხსენო კიდევ ერთოი მოგონება, ბატონი გიორგის საოცარი წიგნიდან „კატა წავიდა... ღიმილი დარჩა“ ... ბატონი გიორგი და ევგენი პრიმაკოვი ძალიან დიდი ხნის და ახლო მეგობრები იყვნენ...როდესაც პრიმაკოვი დანიშნეს საგარეო დაზვერვის უფროსად, დანელია აპირებდა კანში წასვლას, ფესტივალზე და მანამდე ესტუმრა მეგობარს... ასე უთხრა 

- ჟენია, მივდივარ კანში და რამე დავალება მომეციო...


-რა დავალებაო?


-აი, მაგალითად, სასტუმროში ფანჯრის რაფაზე კონსპირაციისთვის ყვავილების ქოთანი გადავდგა, ან... სანაპიროზე საიდუმლო წერილი მივაკრა სკამს ქვევიდან „ჟუვაჩკით“... მაშინ ხომ დამიმატებთ თანხას ტაქსზე, პრესაზე, წარმომადგენლობით ხარჯებსაც, თორემ დღეში სულ 3 დოარს მიყოფენო...


პრიმაკოვმა ჩაიცინა და უპასუხა: - „გიორგი ნიკოლაევიჩ, გპირდები, თუ დაგვჭირდა ქოთნების გადადგმა და წერილების მიწეპება ჟუვაჩკით, შენს გარდა არავის არ მივმართავთო... მანამდე კი, გაივარჯიშეო..._, გამოაღო უჯრა და “ჟუვაჩკა“ მიაწოდა...

 

რომ წაიკითხოთ ბატონი გიორგის მოგონებები, დატკბებით, რა იუმორით, სიყვარულით, კეთიმსურველობით არის სავსე...


ერთხელ ჟურნალისტმა მას შეკითხვა დაუსვა - „თქვენს მოგონებებში სულ კარგ ხალხზე წერთო. ნუთუ, ცხოვრებაში ნაძირლები არ შეგხვედრიათო“?

 

ბატონმა გიორგიმ უპასუხა...
„ნაძირლებიც შემხვედრია, მოღალატეებიც, მაგრამ მე ყველა ისინი გულის ნაგვის ყუთში ჩავაგდეო, რომ ჩემს მეხსიერებამდე ვერ მიაღწიონო“.


ვის შეეძლო კიდევ ასე ლამაზად ეთქვა...

მე დღეს ვდებ სწორედ ამ ფოტოს, სადაც ბატონი გიორგი სევდიანია, მაგრამ იმედიანი...
მაგიდაზე დადგმულ ბოთლს კი აწერია „Не горюй!» «არ იდარდო!“

 

როგორ არ ვიდარდოთ... 
ასეთი კაცი დავკარგეთ...
მაგრამ, რა ბედნიერებაა, რომ
ასეთი კაცი გვყავდა!!!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge