Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:09 29.03.2019
"აჰა შენ დიპლომი, ახლა ის უნდა გავაკეთო, რაც მე მინდა“- დემნა გვასალიას ბიოგრაფიული დეტალები

1981 წლის 25 მარტს, სოხუმში დაიბადა დემნა გვასალია. მამას (გურამი) მანქანის სამრეცხაო ჰქონდა (ინფორმაცია ჟურნალ ნუმეროს ინტერვიუდან) და იქ მუშაობდა, დედა (ელა) დიასახლისი, ძირითადად სახლის საქმეებით იყო დაკავებული. გვასალიებს საკმაოდ დიდი ოჯახი აქვთ. როგორც დემნა იხსენებს, ბევრი ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილი. ბიძაშვილები იზრდებოდნენ, როგორც ძმები. ჰქონდათ დიდი სახლი ეზოთი, ბაღით, საიდანაც მარწყვებს იპარავდა.:დ 4 წლის შემდეგ, 1985 წლის ოქტომბერში გაჩნდა გურამ უმცროსი. დემნა 4 წლიდან ხატავდა და თოჯინებით თამაშობდა. როგორც გურამი იხსენებს, ჯერ ხატავდა, შემდეგ ჭრიდა კაბებს და თოჯინებს აცმევდა, შემდეგ ჩვენებებსაც აწყობდა, რომლისთვისაც ბილეთებს გურამი ჰყიდდა მეზობლებში:დ მოკლედ, ხატვა რომ უყვარდა და ტანსაცმელი ეს თავიდანვე გამოკვეთილი იყო, თუმცა ოჯახს დემნასთვის სხვა მიზნები ჰქონდა: საერთაშორისო ეკონომიკა!

 

დემნა 12 წლის ხდებოდა, ხოლო გურამი 8 წლის, როდესაც ომი დაიწყო. სახლიდან მხოლოდ ფოტოალბომი წაიღეს, სხვა ყველაფერი სოხუმში დარჩა. რამდენიმე დღე მთებში დადიოდნენ, თუმცა ბებიამ სიარული ვეღარ შეძლო, ამიტომ გაჩერდნენ. გურამი დედასთან ერთად ცხენით გაუშვეს, მამა თვითმფრინავისთვის წავიდა, ხოლო დემნა ბებიასთან დატოვეს. რამდენიმე დღე ტყეში იყო ბებიასთან ერთად, ორმოში, ტყვიების ზუზუნში ეძინა. ხედავდა როგორ იღუპებოდა ხალხი. მოგვიანებით მამა და ბიძა გამოჩნდნენ თვითმფრინავით და მთებიდან პირდაპირ უკრაინაში გაფრინდნენ. უკრაინაში რამდენიმე თვე გაჩერდნენ. მამას სამსახური არ აეწყო, ამიტომ თბილისში დაბრუნდნენ. დემნამ თინეიჯერობის წლები აქ გაატარა. აქ სწავლობდა სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც. გურამი გერმანიაში გაუშვეს. იქ დაასრულა სკოლა და მიიღო უმაღლესი განათლება. რაც შეეხება თინეიჯერობის წლებს: იყო ბულინგი, იყო დეპრესია, იყო გაქცევის სურვილი, სკოლას ხშირად იცვლიდა. არ ჰყავდა ბევრი მეგობარი და როგორც ამბობს სუპერ ასოციალური იყო: „ვაფრთხილებდი მშობლებს, რომ ცუდად ვარ, დეპრესია მაქვს და აუცილებლად წავალ, გავიქცევი,არ აქვს მნიშვნელობა სად, სადმე აუცილებლად წავალ!“

 

არ იცოდა დიზაინერობა, როგორც ასეთი, პროფესია თუ არსებობდა. ხატვა უყვარდა, ამიტომ მშობლებს უთხრა, რომ მხატვარი იქნებოდა. მშობლებისგან უარი მიიღო: „მხატვარი რა პროფესიაა? ფული როგორ უნდა იშოვო? მოკლედ იმ დროს ჩემს ოჯახში მოდაში იყო საერთაშორისო ეკონომიკა და ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტში, კარგად ვისწავლე, სტიპენდიასაც მაძლევდნენ. დიპლომი ავიღე, მოვუტანე მამას და ვუთხარი: აჰა შენ დიპლომი, ახლა ის უნდა გავაკეთო, რაც მე მინდა.“

 

ამ პერიოდში დემნას პატარა წარმატებები უკვე აქვს. კერძოდ, სამოყვარულო დონეზე შექმნილი ჰქონდა კოლექცია, რომელიც კავკასიის კონკურსზე მეორე ადგილზე დასახელდა. ჰქონდა ლუქბუქი გაკეთებული და ერთი ჩვენება დასავლეთ საქართველოში, რომელიც თურქეთიდან ჩამოტანილი 5 ლარიანი ნაჭრებით შეკერა. იხსენებს, რომ პირველი ჩვენების მოწყობაში ია კიწმარიშვილი დაეხმარა. რამდენიმე თვეში გერმანიაში გადადის საცხოვრებლად, სადაც ეძებს მოდის სასწავლებლებს,თუმცა ვერსად ვერ მიდის, რადგან სწავლა ძვირია და საკერავი მანქანის ფულიც არ აქვს. ამიტომ კარგავს იმედს და იწყებს ფიქრს, რომ ჩააბაროს მაგისტრატურაზე და გააგრძელოს ეკონომიკის სწავლა, საბოლოოდ კი ბანკში დასაქმდეს, თუმცა ამ დროს შემთხვევით აწყდება სტატიას, რომ ბელგიაში აკადემია 1 წლით იღებს 70 სტუდენს უფასო სწავლებაზე, ხოლო წლის ბოლოს 16 საუკეთესოს ტოვებს უფასო სწავლებაზე. გახარებული ტოვებს გერმანიას და ჩადის ბელგიაში გამოცდაზე. გამოცდაზე რამდენიმე საათით ადრე ქალაქს ათვალიერებს და მოდურ მაღაზიებს. მაშინ პირველად ამოიკითხა სახელი: Dries Van Noten. წარმოდგენა არ აქვს ვინ არის დრისი, ან როგორი აკადემიაა Royal Academy of Fine Arts. მიდის უფასო სწავლების გამო, იქნებ ეკონომიკის მაგისტრატურას და ბანკში მუშაობას ასცდეს. აკადემიაში შესვლის დროს ოცდება, რადგან ელოდა დაახლოებით 100 კანდიდატს, დახვდა 800. მათ შორის მსოფლიოს ყველა წერტილიდან, მოსულები მომზადებულები, სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობებით. თვითონ ჯიბეში 3 ფანქარი და 2 თაბახი უდევს:დ შედის გასაუბრებაზე და იღებს ორიანს, რადგან გარტყმაში არაა მოდის ინდუსტრიის, იცის მარტო ვერსაჩე და არმანი:დ გასაუბრების შემდეგ შეუშვეს დასახატად. გურამმა თქვა, რომ დემნა ხატვაში უფრო მაგარია, ვიდრე კერვაში. ალბათ ასეც არის, რადგან გასაუბრებაზე დაბალი ქულა მიიღო, თუმცა ნახატების ნახვის შემდეგ, 800 კონკურსატიდან 70-ში მოხვდა.

 

მცირე ინფორმაცია Royal Academy of Fine Arts-ს შესახებ - ევროპაში ერთ-ერთი უძველესი აკადემია. 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 5 საუკეთესო აკადემიაში შედის ხელოვნების, დიზაინის მიმართულებით. ამ აკადემიის გამოზრდილია ინდუსტრიის ძალიან ბევრი რევოლუციონერი, რომლებმაც შეცვალეს დამოკიდებულება მოდის მიმართ.

 

დემნა გადადის ანტვერპენში და იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. როგორც თავად ამბობს, ანტვერპენში ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობების, ისწავლა დამოუკიდებლად პრობლემების მოგვარება. იქ ჰქონდა პირველი საკუთარი სახლი და პირველი სიყვარული. იქ ჩამოყალიბდა პიროვნებად.

 

გადის 1 წელი. 70 მიღებული სტუდენტიდან 16 უნდა დატოვონ. გვასალიას ტოვებენ. ინტერვიუში ამბობს: „ვფიქრობ ჩემმა პიროვნულობამ ითამაშა დიდი როლი" ამასობაში დემნა მიყოლებით იგებს თითქმის ყველა კონკურსს, მეორე კურსზე 720 დიზაინერს აჯობა საერთაშორისო კონკურსზე. იწვევენ გამოფენების მოსაწყობად, იმარჯვებს სუნამოების, ფეხსაცმელების, მაკიაჟის, მოკლედ ყველა ტიპის კონკურსში, რაც ვიზუალს,მოდის ხელოვნებას ეხება. ეტაპობრივად გვასალია წამყვანი აკადემიის კურსის საუკეთესო სტუდენტი ხდება. დაატარებდნენ ბელგიიდან, პარიზში, პარიზიდან ლონდონში, ლონდონიდან ნიუ-იორკში. ფინალურ წელს მამაკაცის კოლექცია გააკეთა. კურსზე დემნას ფინალური კოლექცია საუკეთესოდ დაასახელეს. ჯამში 120 სტუდენტის კოლექცია იყო წარდგენილი. სწავლის დასრულების შემდეგ, ანტვერპენის ექვსეულის წევრი სთავაზობს სამსახურს და იწყებს მუშაობს უოლტერ ვან ბეირენდოქთან. წელიწადი და ნახევარი დაჰყო უოლტერთან, თუმცა მობეზრდა მხოლოდ კაცის სამოსზე მუშაობა, ამიტომ თავის ნახატებს გზავნის პარიზში, საიდანაც ზუსტად 10 დღეში მარჯიელა უკავშირდება და სთავაზობს სამსახურს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge