Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:56 26.03.2019
„ორკესტრის ხელმძღვანელს დაემართა გიგანტომანია, 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მილიონ ევროზე გამოაგზავნა მოთხოვნა“

ორკესტრის ხელმძღვანელს დაემართა გიგანტომანია, 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მილიონ ევროზე გამოაგზავნა მოთხოვნა ახალი შენობის ასაშენებლად, რაც სრულიად არაადეკვატურია, - ამის შესახებ განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტრომ დამატებით 150 ათასი ლარი სხვადასხვა სივრცეების დაქირავებისთვის გამოუყო ორკესტრს, ამიტომ ის, რომ ორკესტრი უსახლკაროა, მხოლოდ სპეკულაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„კულტურის სამინისტროს ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორკესტრის ხელმძღვანელმა მანტია მოისხა დაჩაგრული, გაუბედურებული ხელმძღვანელისა და ორკესტრის, რომელზეც არავინ ზრუნავს, თუმცა მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მენეჯმენტის პირობებში პირველად ორკესტრის ისტორიაში, მათ გამოეყოთ 250 ათასზე მეტი მხოლოდ პროექტის, ახალი შენობის პროექტის შესაქმნელად, თუმცა მესამე წელია ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა და თავი ვერ მოაბა ახალი პროექტის შექმნას, ორკესტრისთვის 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული 2019-2021 წლებისთვის, თუმცა თუ პროექტი არ არსებობს, ეს თანხაც ვერ იქნება გამოყენებული. ამ პერიოდში სანამ პროექტი შეიქმნებოდა, იმისთვის, რომ ორკესტრი ასეთი დაჩაგრული და გაუბედურებული არ ყოფილიყო, დამატებით სამინისტრომ 150 ათასი ლარი სხვადასხვა სივრცეების დაქირავებისთვის გამოუყო ორკესტრს.

 

რაც შეეხება ფილარმონიასთან დაკავშირებულ საკითხს, მოგეხსენებათ, სამინისტროს კომპეტენცია არ გახლავთ ეს საკითხი და ის რეგულირდება სხვა საჯარო უწყებების და კერძო კომპანიას შორის კონტრაქტით და ამ ურთიერთობაში შეჭრა ჩვენი კომპეტენცია არ გახლავთ. ორკესტრის ხელმძღვანელს დაემართა გიგანტომანია, 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მილიონ ევროზე გამოაგზავნა მოთხოვნა ახალი შენობის ასაშენებლად, რაც სრულიად არაადეკვატურია. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას აწყობს ისპეკულიროს ყველა დონეზე“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი პრემიერ-მინისტრს, კულტურის მინისტრს და ეკონომიკის მინისტრს მიმართავს თხოვნით, თბილისის საკონცერტო დარბაზში დააბრუნონ. როგორც ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, ორკესტრი იმსახურებს, რომ მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც შეძლებს საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარებას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge