Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:44 26.03.2019
"დედამიწას სიყვარული ატრიალებს..."- გურამ დოჩანაშვილი დღეს 80 წლის გახდა

დღეს, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 80 წლის გახდა.

 

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ციტატებს მწერლის შემოქმედებიდან:

 

1. "ცხოვრებაში ძალიან ძნელია, კაცი რომ გამოიცნო, ლიტერატურაში კი, იცოცხლე, გაგიხარია — გმირი ან ცუდია, ან კარგი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმცირესობაა მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი, უმრავლესობა კი ცუდ-კარგია… ასეთია შინაარსობრივად ჩემი აზრი, ამ ცუდ-კარგებს კი მოფერება უნდა, გაგება უნდა, დაყვავება; გაწყრომაც კი უნდა ხანდახან, დარიგებაც — მთავარია, უშუალო იყო. გაპრანჭულ ხალხს ვერ ვიტან, ის რა კაცია, სანამ პასუხს გაგცემს, ჯერ გუნებაში რომ აწონ-მოწონის და მერე ვერცხლის ლანგრით ჭკვიანურ პასუხს მოგართმევს — იმისი სიტყვა სხვაა, ის არაა ნამდვილი სიტყვა."

 

2. "ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი."

 

3. "სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე – სიცოცხლეა… მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე სიკვდილი რომ არ იყოს."

 

4. "ისიც იცოდე ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას ადრე მოკვდები, თუ შედარებით გვიან. რადგან ბოლო მაინც ეგ არის...მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ."

 

5. "იმეორე უსასრულოდ, სანამ არ გაიაზრებ: "არ მჭირდება ის, ვისაც არ ვჭირდები მე".

 

6. "ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაირებოდეს… ოღონდ უნებურად..როგორც დევნილი.. ან მდევარი.. – და როცა მოვა,როდესაც მოვა, და შემოგხედავს,რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს – დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი..

ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე – მხარი , კისერი, ნამვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ…და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ..

თვალებით ყევლაფერის თქმა უნდა სეძლოს ..ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია უნდიხარ შენ თუ არა.."

 

7. "დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას.."

 

8. "არაფერი ისე გადამდები არ არის როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი..'

 

9. „ნიჭიერი და ზარმაცი არ მწამს. ვაჟა-ფშაველა, ვან გოგი, მიქელ-ანჯელო, ფიროსმანი… ნიჭიერები კატორღელებივით მუშაობდნენ… “

 

10. “ის ნიადაგი სადაც მცენარე მტაცებელი იზრდება ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება. ნიადაგის ბრალია.კარგად დაიმახსოვრე!”

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge