Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:47 26.03.2019
თბილისში ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნება

 

საქართველოს კვლავ სტუმრობს დიდი იტალიური ხელოვნება. გრძელდება იტალიის საელჩოს თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან - ამჯერად მნახველს შესაძლებლობა ექნება იხილოს გამოფენა "დე კირიკო, ეზოთერიკოსი. მოგზაური ორ სამყაროს შორის", რომელიც ორი თვის განმავლობაში, 27 მარტიდან 27 მაისამდე, ღია იქნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 11).



თბილისში პირველად იქნება წარმოდგენილი მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის "Pictor Optimus"-ად წოდებული, ჯორჯო დე კირიკოს უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავი ნამუშევრები. ექსპოზიცია, რომელიც 14 სურათსა და 1 ქანდაკებას მოიცავს, დამთვალიერებელს სთავაზობს მოგზაურობას, რომელიც იწყება 1923 წლით დათარიღებული სურათით და სრულდება სამოცდაათიან წლებში შექმნილი მხატვრის ერთ-ერთი უკანასკნელი ფერწერული ნამუშევრით.


 
"ამ გამოფენით შევეცადეთ წარმოგვედგინა დე კირიკოს იდუმალებით აღსავსე სამყაროს მთავარი თემები და ფილოსოფიური ასპექტები: ნატურმორტი, რომელსაც მხატვარი "უტყვს" უწოდებს; მანეკენი, რომელიც გაუცხოებისა და ეგზისტენციური მარტოობის სახეა; ხმელთაშუაზღვისპირეთის სინათლით სავსე ქალის სკულპტურული ფიგურები, ცხენების დაკუნთული სხეულების დინამიზმი და კლასიკური ხელოვნების რემინისცენცია; მეტაფიზიკური მოედნების ირეალური მდუმარება, მითოლოგიური არქეტიპები, სევდა, წუხილი და მოლოდინი. "მუდმივი მიბრუნება" რენესანსსა და ბაროკოსთან და საკუთარი ხელწერის ახლებური ინტერპრეტაცია. თავისუფლების სიყვარული. ზმანებები და სიზმრისეული სამყარო. ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევართა ექსპოზიციაში, რომელიც თბილისში პირველად წარსდგება, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანის ცხოვრება, ხედვა და სული იკითხება,"
- განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge