Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:26 21.03.2019
„გახარია დადის და გასათხოვარი ქალიშვილივით უპაჭუნებს თვალს ჟურნალისტებს, მაშინ როცა ერთმანეთზე გადადიან მომსახურების სააგენტოში ადამიანები მართვის მოწმობის ასაღებად“

„ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა იმისთვის, თუ ვინ უფრო ახლოს დაიკავებს ადგილს ივანიშვილის გვერდით. მთავარი პრობლემა ყველაფრის, როგორც მმართველ პარტიაში, ასევე ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „თავიდან ისმოდა შეფასება, თითქოს ადგილი ჰქონდა თაობებს შორის დაპირისპირებას. სინამდვილეში ეს სიცრუეა. „ქართულ ოცნებაში“ ხდება დაპირისპირება იმისთვის, თუ ვინ უფრო ახლოს დაიკავებს ადგილს ივანიშვილის გვერდით. ერთადერთი არ მინდა ჩრდილი მივაყენო ლევან გოგიჩაიშვილს, მის მიმართ მაქვს განსაკუთრებული პატივისცემა და მის ნაღვაწს არ მინდა ჩრდილი მივაყენო. დანარჩენი ყველაფერი არის ბუტაფორიული დაპირისპირება, რადგან კინკლაობენ იმისთვის, ვინ უფრო ახლოს იქნება ივანიშილთან. მთავარი პრობლემა სულ სხვა რამეშია და ამ პრობლემის სათავე არის ერთი ადამიანი - როგორც „ოცნებაში“ დაპირისპირების, ასევე ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემის. ამ ერთ ადამიანს ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. ამ ადამიანმა დაამტკიცა ერთი მარტივი ჭეშმარიტება. ეს ადამიანი მეშვიდე წელია ქვეყანაში აშენებს რაღაცას, რომელსაც ვერ გავარკვიე რა ჰქვია და აშენებს ტალახით, თან ფუნდამენტს არ უკეთებს და მერე უკვირთ ხოლმე, რატომ არის ასეთი რყევები სახელისუფლებო პარტიაში. ამ ადამიანმა ვერ შეძლო რაღაც პროექტის შექმნა, რომელიც დაანონსა. ვერც ტელევიზია გააკეთა, ვერც არასამთავრობო დააფუძნა, ვერც სახელისუფლებო პარტია შექმნა, ვერ შექმნა ვერც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, ძველიც ვერ გააძლიერა. შესაბამისად, ამ ადამიანს არ გააჩნია გამოცდილება, სურვილი , შესაძლებლობა რაღაც პოზიტიური შექმნას“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში იმატა კრიმინალმა, კორუფციამ და ფაქტობრივად საქართველოში სახელმწიფო აღარ არსებობს. „დღეს, ჩვენ საქართველოში სახელმწიფო აღარ გვაქვს. გვაქვს პლუტოკრატია, როდესაც რამდენიმე მდიდარი ოჯახი მართავს ქვეყანას. იმატა კრიმინალმა, კორუფციამ, ქურდების გავლენამ, ჩინოვნიკების მხრიდან რაღაცებზე წაყრუებამ. პატრული იქცა ვიდეოჯარიმების ამომღებ ორგანიზაციად. გახარია დადის და გასათხოვარი ქალიშვილივით უპაჭუნებს თვალებს ჟურნალისტებს, მაშინ როცა ერთმანეთზე გადადიან მომსახურების სააგენტოში ადამიანები მართვის მოწმობის ასაღებად. ეს მარტივი პრობლემა ვერ მოუგვარებიათ“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge