Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:15 14.03.2019
როგორ მოკლეს ქართველი გალში - რას ყვებიან ნათესავები და თვითმხილველები

“არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემდეგ, რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს - 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ის უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან ცხედარს ნათესავები და ახლობლები, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ. ირაკლი კვარაცხელიას მშობლები არ ჰყავდა და მისი ნათესავების განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ აფხაზებს ის თავადვე დაემარხათ. გარდაცვლილს 8 წლის შვილი დარჩა. ის მეუღლესთან განქორწინებული იყო. ნათესავები გამორიცხავენ, რომ მას თავი მოეკლა, რადგანაც ის მორწმუნე იყო და ეკლესიაში ცხოვრობდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როგორ მოკლეს ქართველი გალში, რას ყვებიან ნათესავები - “თავს არ მოიკლავდა, რადგანაც მორწმუნე იყო და ეკლესიაში ცხოვრობდა”.


“მათი თქმით, რადგან კვარაცხელიას სამსახური არ ჰქონდა, ის ოკუპირებულ რეგიონში ციტრუსის კრეფის დროს სამუშაოდ გადაჰყავდათ. მუშაობდა და 600-700 ლარამდე გამოსდიოდა, ის ხურჩიდან გადმოდიოდა. კვარაცხელიას ცხედარი თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზაზეა გადასვენებული და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ცხედარს საბოლოოდ კი ზუგდიდში ბიძასთან და ბიცოლასთან გადაასვენებენ. რა გახდა რეალურად 29 წლის ქართველის გარდაცვალების მიზეზი და რას არკვევს ქართული მხარე-თვითმხილველთა ინფორმაციით, ცხედარს ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნება, რაც ოკუპანტების მხრიდან, მასზე ძალადობის ფაქტზე მიუთითებს. ირაკლი კვარაცხელია, ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებენ, თუმცა ამ ვერსიის ოკუპანტების გარდა არავის სჯერა. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზი მისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენება გახდა. თვითმხილველის თქმით, ადგილზე შელაპარაკება მოხდა, ასეთ დროს კი ოკუპანტები ყოველთვის ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან. თვითმხილველები ამბობენ, რომ ირაკლი კვარაცხელია რუსულ ბაზაზე გარდაიცვალა. კვარაცხელია სავარაუდოდ, ზუგდიდში გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფს შელაპარაკება რუს სამხედროსთან მოუვიდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“გალელები “რეზონანსთან” ყვებიან, რომ რუსების მხრიდან ქართველების ფიზიკური შეურაცხყოფა ხშირია. ისინი პატარა შელაპარაკებაზეც კი ცემაზე გადადიან. ვინც მათ დამცირებას იტანს, ისინი სიკვდილს და ცემას გადაურჩებიან, ვინც არა და კვარაცხელიას და ოთხოზორიას ბედს გაიზიარებს. გალელები აცხადებენ, რომ ისინი უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ და მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე როგორც ნივთებს ისე ექცევიან, არანაირი უფლება და პროტესტის გამოხატვის საშუალება მათ არ გააჩნიათ. “თვითმხილველები არიან, რომ რუს სამხედროებთან შელაპარაკება მოუვიდა. ამის შემდეგ დაინახა იქ მყოფმა ხალხმა, რომ რუსებმა მანქანა გამოიძახეს და სულ ცემით ჩასვეს. ბუნკერში ჰყოლიათ დატყვევებული. იმასაც ამბობენ, რომ 11 მარტს რუსულ ბაზაზე ექიმი გამოუძახიათ და ვერ უშველეს. ცემაში შემოაკვდათ, თავში და ზურგის არეში ცემის კვალი ეტყობაო, ასე ამბობენ”, - აცხადებს გალის მცხოვრები. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ სრულიად სამართლებრივად საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ ცხედარს არ გადმოგვცემდნენ. თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა და ახლა მთავარია ექსპერტიზის პასუხი, რეალურად რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი”, - განაგრძობს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge