Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:04 14.03.2019
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზად, ნებიერიძემ მოსამართლისთვის გაგზავნილ განცხადებაში კვლავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მიუთითა. თუმცა, მოსამართლემ ჩათვალა, რომ იაგო ნებიერიძე არასაპატიო მიზეზით აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე უარს და ის შეგნებულად არიდებს თავს სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, მოსამართლე ლევან დარბაიძემ სხდომის იაგო ნებიერიძის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

„ის განცხადებაში აღნიშნავს, რომ თავს გრძნობს შეუძლოდ, აქვს თავბრუსხვევა, არ შეუძლია გადაადგილება და ითხოვს, რომ პროცესი კვლავ გადაიდოს, რადგან აქვს სურვილი, რომ სხდომას დაესწროს. ის მიუთითებს - მინდა ჩემი სიტყვებიც ვთქვა, თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე გულწრფელად", - განაცხადა პროცესზე მოსამართლე ლევან დარბაიძემ.


მისივე განმარტებით, იაგო ნებიერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისი სამსახურის მიერ გადამოწმდა და გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია.


„გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია და არავითარი ჩივილი არ აღენიშნება. დღეის მდგომარეობით სასამართლოს არავითარი ობიექტური მიზეზი არ აქვს, რომ სხდომა გადადოს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული არასაპატიო მიზეზით უარს აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას", - აღნიშნა მოსამართლემ.

 

სასამართლო სხდომა მოსამართლემ სრულად დახურა.

 

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge