Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:12 09.03.2019
მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები

“მმართველ პარტიაში უკვე ღიად საუბრობენ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. ეს ცვლილებები, როგორც ამბობენ, ისედაც დაგეგმილი იყო, მაგრამ თიბისი ბანკის გარშემო აგორებულმა სკანდალმა რაღაცები შეცვალა და “ოცნება” იძულებულია პროცესები დააჩქაროს. 8 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია “ოცნებაში” დაუდასტურეს რამდენიმე მედიასაშუალებას, თუმცა საჯაროდ იუსტიციის მინისტრის გადადგომას არავინ არ ადასტურებს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით გადადგა თუ არა თეა წულუკიანი / დავით ზალკალიანი და დავით ბაქრაძე თანამდებობებს ცვლიან.

 

 

“არის ვარაუდი, რომ ეს ამბავი მომავალ კვირას, სამუშაო დღეებში გახმაურდება. ოპოზიცია და ხელისუფლების მოწინააღმდეგეები უკვე ზეიმობენ წულუკიანის წასვლას. მის გადადგომას დიდი ხანია ითხოვენ ოპონენტები, მაგრამ ივანიშვილი მას აქამდე ვერ შეელია. ხმები მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ადრეც გავრცელდა. იმ პერიოდისთვის “ოცნება” ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე და არც ეკა ბესელიას ეჩვენებოდა მურუსუძე პირსისხლიან ჯალათად. მაშინ “ოცნების” კულუარებში ითქვა, რომ წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნებოდა. მის ადგილს კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი დაიკავებდა, თუმცა წულუკიანს ივანიშვილი ვერ ელეოდა... “ოცნებასთან” დაახლოებული წყაროს თქმით, იუსტიციის მინისტრის გადადგომა შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებასთან იყოს დაკავშირებული. როგორც წყარო ამბობს, იუსტიციის მინისტრს და ღარიბაშვილს დიდი უთანხმოება აქვთ. ყველას ახსოვს დრო, როცა ბევრს საუბრობდნენ პრემიერ ღარიბაშვილის ნათესავებზე. პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ ღარიბაშვილის “კეთილისმსურველებმა” პრემიერის ნათესავებზე მასალები ივანიშვილს დასტა-დასტა აუტანეს. ჩვენი წყარო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი, ვინც ივანიშვილს კომპრომატებით სავსე საქაღალდეები აუტანა, თეა წულუკიანი იყო. აქედან გამომდინარე გასაგებია, რომ ღარიბაშვილს მასზე მზე და მთვარე არ ამოსდის. “ოცნების “ კულუარებში ამბობენ, რომ თეა წულუკიანის გადადგომა ყოფილმა პრემიერმა მოითხოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს განათლების მინისტრი ბატიაშვილიც. “ოცნებაში” მის შემცვლელად ზურაბ ხონელიძეს განიხილავენ, ეს უკანასკნელი სოხუმის უნივერსიტეტის რექტორია. ცვლილებები მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. 8 მარტს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ზალკალიანი და დავით ბაქრაძე თანამდებობებს გაცვლიან. დავით ბაქრაძე რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გახდებოდა, ამის შესახებ “ახალი თაობა” ერთი თვის წინ წერდა. ამ ინფორმაციას “ოცნებაში” ახლა ადასტურებენ და ამბობენ, რომ ბაქრაძის მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში მოქმედი მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დაინიშნება. თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ პრემიერის მოვალეობას გიორგი გახარია შეასრულებდა. მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადების შემდეგ მისმა შანსებმა მკვეთრად იკლო. ის შეიძლება ისევ შს მინისტრად დატოვონ ან საერთოდ გაუშვან მთავრობიდან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გახარიას “ოცნებაში” თავისი გუნდი არ ჰყავს და მას მმართველი პარტიის დიდი ნაწილი ვერ იტანს. ალბათ, ამით არის გამოწვეული, რომ ხაზარაძის ბრალდებებისგან ის ძალიან ლაითად დაიცვეს... გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობას დატოვებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც. სამთავრობო ცვლილებები “ოცნებას” გუნდის შიგნით არსებული დაძაბულობის გასანეიტრალებლად სჭირდება. თუმცა არაა გამორიცხული, ამ ცვლილებებმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს”, - დასძენს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : “ახალი თაობა”