Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:56 04.03.2019
დღეს, თეატრალური უნივერსიტეტის დარბაზში კომედიის ფესტივალის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართება

4 მარტს, 13.00 სთ-ზე, თეატრალური უნივერსიტეტის დარბაზში, 2018 წლის კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, შემაჯამებელი ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართება.


წელს კომედიის ფესტივალი 5 ივნისს ტრადიციულად გორში გაიხსნა და ის 10 დღის განმავლობაში მასპინძლობდა როგორც ქართულს, ასევე უცხოეთიდან ჩამოსულ დასებსაც, წელს მხოლოდ ერთს - ყაზახეთიდან. კომედიის ფესტივალი, რომელიც 2018 წლის ივნისში მეხუთედ გაიმართა, სლოგანი კვლავ უცვლელი ქონდა -,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“. ფესტივალის მიზანი დაარსებიდან ერთი იყო, ერთ ლოკაციაზე ენახა მაყურებელს ქვეყნის მასშტაბით და არა მარტო, დადგმული კომედიური ჟანრის სპექტაკლები. ყოველწლიურად, ფესტივალის რეპერტუარს თეატრმცოდნეთა ჯგუფი აფასებდა. შეფასება  ძირითადად ღია ხასიათს ატარებდა და სპექტაკლების დასრულების შემდეგ კრიტიკოსები სცენაზევე უზიარებდნენ დასის წევრებს მათ შეფასებებს. წლევანდელი ფესტივალი განსხვავებულად წარიმართა, შეირჩა 5 თეატრმცოდნე, (ლამარა ღონღაძე, გოგი ყაჯრიშვილი, მანანა ტურიაშვილი, ნუცა კობაიძე, გვანცა გულიაშვილი) რომლებიც ფესტივალის ყველა სპექტაკლს წერილობითი სახით აფასებდნენ. კრიტიკული წერილები ჟურნალის სახით გამოიცა, რომლის პრეზენტაციაც, თეატრალური უნივერსიტეტის დარბაზში სწორედ, 4 მარტს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ წელს კომედიის ფესტივალმა კიდევ ერთი ტიტული შეიძინა, რამდენიმე წლის წინ იგი საერთაშორისო ფესტივალი გახდა, 2018 წელს კი იგი უკვე, კომედიის საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრია. პრეზენტაციას დაესწრებიან, რუმინეთის კომედიის ფესტივალის დამფუძნებლები და ამ გაერთიანების ხელმძღვანელები.


კომედიის ფესტივალი 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმ დროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დაარსა. რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველა ის თეატრი იღებდა, რომლის რეპერტუარშიც კომედიური ჟანრის სპექტაკლები იყო. მომდევნო წლებში ფესტივალმა უკვე საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა და მასში მონაწილეობის მისაღებად  რამდენიმე ქვეყნის დასიც ჩამოვიდა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge