Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:25 26.02.2019
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ლეონარდო დავინჩის ნამუშევრების ციფრული რეპროდუქციების გამოფენა გაიმართება

ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავის აღსანიშნავად, 27 თებერვლიდან 29 მარტის ჩათვლით, საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს გამოფენას "ლეონარდო. Opera Omnia" (თბილისი ამ გამოფენის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობის პირველი ეტაპია). გამოფენაზე, რომელიც გაიმართება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (მის: შოთა რუსთაველის გამზ. 3), წარმოდგენილია ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომებისა და მაღალი რეზოლუციის მქონე ციფრული რეპროდუქციები. ექსპოზიცია უაღრესად შთამბეჭდავია (საკმარისია წარმოვიდგინოთ ლეონარდოს "საიდუმლო სერობა", რომლის ზომა 4,6x8,8 მეტრია). 

 

"ახლოდან ნანახი ლეონარდო და ერთად თავმოყრილი მისი ყველა ფერწერული ნამუშევარი - მისი შემოქმედებით აღფრთოვანებისა და შესწავლის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრებისა და მოსწავლე-სტუდენტებისათვის იქნება საინტერესო. მხატვარი, ინჟინერი და მეცნიერი, არქიტექტორი, ანატომი და გამომგონებელი, რენესანსის ეპოქის უნივერსალური გენიოსი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა არა მხოლოდ სახვით ხელოვნებაში, არამედ აზროვნებასა და მეცნიერებაში. ლეონარდო და ვინჩი უბრალო გენიოსი არ იყო: მისი ინტერესები ყველა მიმართულებას სწვდებოდა, იდეები და გამოგონებები, პროექტები და ნახაზები ცოდნის ყველა დარგს მოიცავდა. ლეონარდოს მიერ გაკვალული გზის მნიშვნელობა დღესაც განუზომელია - ცოდნა კონკრეტული დარგებით არ იფარგლება, ეს იმ უწყვეტი ძიების შედეგია, რომლისთვისაც საზღვრები არ არსებობს", - განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.

 

ღონისძიება, რომლის კოორდინატორია იტალიის  საელჩო საქართველოში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, საქართველოს მხრიდან კი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი და ქალაქ თბილისის მერია. 

 

ეს ექსპოზიცია, ისევე, როგორც თბილისში 2017 წელს დიდი წარმატებით ჩატარებული კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციების გამოფენა, Rai.Com-ის მიერ  ჩაფიქრებული და განხორციელებული პროექტია. "წარმოუდგენელი გამოფენა" - შედევრების ვირტუალური გალერეა, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების, წარსულისა და მომავლის შეხვედრა ერთიან საგამოფენო სივრცეში.

 

ლეონარდოს, უპირველეს ყოვლისა, მხატვრად მიიჩნევენ, რაც სრულიად გასაგებია: მისი შედევრები მშვენიერი და იდუმალია (თუმცა ბევრი მათგანი დაუმთავრებელია, ზოგიერთი კი ამჟამად დაკარგულია). ლეონარდოს აზრით, ფერწერა "ბუნების ქმნილებათა მიბაძვა და განმეორებაა", მისთვის ფერწერა მხოლოდ თვითგამოხატვის საშუალება კი არ იყო, არამედ სამყაროს შეცნობისთვის მეცნიერული კვლევის, ექსპერიმენტებისა და ძიების ინსტრუმენტი. 

 

15 აპრილს, ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღეს, იტალიის საელჩო შემოგთავაზებთ სემინარს, რომელიც წარმოადგენს იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის შედეგს და შეეხება ინოვაციებისა და იდეიდან წარმოებაზე გადასვლის თემას. შემოდგომაზე კი თბილისში გაიმართება Sky-ის მიერ შექმნილი ახალი ბიოგრაფიული ფილმის "მე, ლეონარდო" პრემიერა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge