Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:10 20.02.2019
კონსტანტინეპოლი ბართლომეოსისა და ბართლომეოსტთა გარეშე

„ჯორჯიან თაიმსს“ ყოფილი დისიდენტი - ჟურნალ „ლაზარეს აღდგინების“ რედაქტორ-გამომცემელი, საეკლესიო მწერალი და ღვთის მსახური მირონ (მერაბ) სულაქველიძე ესაუბრება:

 

 

საზოგადოებრიობის წინაშე კვლავ მწვავედ განიხილება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის ტომოსის გადაცემის კანონიკურობა, თუ უკანონობა, რის გამოც, თავს უფლებას ვაძლევ - თქვენი ანალიტიკური გაზეთის მეშვეობით გამოვეხმაურო ამ საკითხს.

 

„პაპის უცდომელობის“ აღიარებით, 1054 წელს რომი (ახლანდელი ვატიკანი) გამოეყო ეკლესიას „კათოლიციზმის“ („საყოველთაოს“) სახელწოდებით.


კონსტანტინეპოლის (მსოფლიო) პატრიარქებმა პაპიზმის მიბაძვითა და პაპთა მიერ წაქეზებით კარგა ხანია გადაწყვიტეს შეექმნათ აღმოსავლეთ რომის ინსტიტუტი, თავიანთი ინიციატივები კი უცთომელობის რანგში წარმოეჩინათ და შემდეგ პაპისტური ინსტიტუტისთვის მიეერთებინათ. ყველაზე მკვეთრად ეს პროცესი 1902-1920 და 1952 წლების ცირკულარებში აისახა. საეკლესიო კალენდარული სტილის შეცვლისა და ე.წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ჩამოყალიბებით. ავტოკეფალურ ეკლესიებთან პროტესტანტული საკრებულოების გათანაბრებისა და გაიგივების მოტივაცია იყო „არასულიერი, არამედ პოლიტიკური“ (Паракатаонкн N32, 2004). ამ ეკუმენისტურ გაერთიანებაში განიხილავენ აგრეთვე „ქალთა მღვდლობის, ჰომოსექსუალთა ქორწინების და სხვათა ანემისტურ, კერპთაყვანისმცემლურ საკითხებს, რითაც სახარებას, ეკლესიის ტრადიციასა და თავად ქრისტიანობას უარყოფენ“ (იქვე).


ის ფაქტი, რომ ეკუმენისტური ალიანსი ე.წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (რომელსაც ოფიციალურად კონსტანტინეპოლელი პატრიარქები მეთაურობენ) მართლაც პოლიტიზირებულია, კარგად სჩანს თუნდაც ათენის უმაღლესი სემინარიის პროფესორის  - პროტოპრესვიტერ სარანტიოს სარანტუს მიმართვიდან პატრიარქ ბართლომეოსის წინამორბედ, დიმიტრიუსისადმი: „ძლიერნი ამა სოფლისანი ისწრაფვიან გააერთიანონ მსოფლიო, რისთვისაც უნდა შექმნან ერთიანი - საერთო ბაზარი, საერთო მთავრობა, საერთო ეკონომიკა, საერთო ზნე-ჩვეულებანი და, მათ შორის, საერთო რელიგია“.


ხოლო ის, თუ რა უფრო უწყობს ხელს იერარქთა გაეკუმენისტებასა და გაპოლიტიკოსებას - მღვდელმსახური პატრიკ რანსონი ასე ხსნის: „როცა კონსტანტინეპოლის პატრიარქებმა (გაპატრიარქებამდე - ე.მ.ს.) საღვთისმეტყველო განათლების მისაღებად ინგლისში იწყეს მოგზაურობა, იქ ისინი მასონური ლოჟების წევრები ხდებოდნენ. ერთ-ერთმა ასეთმა მასონმა პატრიარქმა, მელეტიოს  მეტაქსაკისმა 1920 წელს მიიღო მოდერნისტული პროგრამა, სადაც წამოყენებულია ყველა ის მართლმადიდებლობის საწინააღმდეგოდ მიმართული ზომები, რომლებიც განხორციელდა“. მედასვლეთე რეფორმატორები იყვნენ აგრეთვე კონსტანტინეპოლელი ახალ მესტილე პატრიარქი ათენაგორე და დიმიტრიუს I, რომელმაც წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა - პაპთან სტუმრობისას მან მასთან ერთად მოახდინა (1987 წელს) წმინდა ლიტურგიის (წირვის) იმიტაცია. „რომში თავიდანვე დიდი სიხარულით შეხვდნენ პატრიარქად ბართლომეოს პირველის არჩევას - ბრძანებს პატრიკ რამსონი, რადგან ამ უკანასკნელმა საღვთისმეტყველო განათლება რომის გრიგორიანულ უნივერსიტეტში მიიღო. ხოლო უნიატურმა ჟურნალმა „ირენიკონმა“გამოთქვა აზრი, რომ სწორედ ბართლომეოს პირველმა უნდა შეცვალოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები კათოლიკურით. ამ პროგრამას კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ბნელ ძალთა მიერ კარგად მოფიქრებული გეგმის მიხედვით ახორციელებს“.


ბერი თეოკლიტე გერმანოსი თავის ახნა-განმარტებაში (მსოფლიო საპატრიარქო დელეგაციისა და საგანგებო ორმაგი კრების წევრების მიამრთ) პატრიარქ დიმიტრიუსს წერს: „უნდა გვრცხვენოდეს, რომ თქვენი წინამორბედი პატრიარქები შეიქნენ საგნად მასონურ ლოჟათა განცხადებებისა, რომლებიც ირწმუნებიან - ისინი ჩვენს წევრთა შორის ირიცხებოდნენო“. კონსტანტინეპოლის ზოგი პატრიარქის რელიგიურობას კი ეს სწავლული ბერი შემდეგნაირად ახასიათებს: „ათენაგორე მწვალებელი იყო და ჩვენ მას ერთ რიგში ვაყენებთ კონსტანტინეპოლის სხვა მწვალებელ პატრიარქებთან: აკაკისთან, ანთიმოზ მეექვსესთან (იოანნიდისი, რომელიც 1853-56 წლების ოსმალური კოალიციის რუსეთთან ომისას მონასტრებს თურქთა გამარჯვებისათვის ლოცვას ავალდებულებდა და რომელიც წმ. ილარიონ ქართველმა შერისხა, სულიერად შეკრა და დააყენა – მ.ს.), პიროს IIს-თან, პავლეIIს-თან,  იოანე VIს-თან, ნესტორთან, თეოდოსი Iს-თან, იოანე XI ბეკას­თან, მელეტი მეტასტაკისთან და ბასილი III ს-თან“.


ჩვენ თანამედროვე კონსტანტინეპოლელ პატრიარქ ბართლომეოსს კი ნიკოლოზ ფსარუდაკისი ღია წერილით აი როგორ მიამრთავდა: „ნუთუ არ იცით თქვენ,  ათენაგორე მასონების ყველაზე მაღალ ხარისხს რომ განეკუთვნებოდა და  მართლმადიდებლობის მოღალატე რომ იყო?... ქრისტიანი მორწმუნეების სინდისი ფრიად შეწუხებულია ცნობების გავრცელებით იმ პატრიარქებზე, რომელთა კუთვნილება მასონობისადმი სავსებით დადასტურებული, უტყუარი ფაქტია!“ („ორდოქსოს ტიპოს“, 1991 წლის 1 ნოემბერი).


„ვინც ხედავს უკეთურობას და სდუმს, ის სცოდავს“! - ამბობდნენ ამ ეკლესიურ აქსიომას ბიბლიური წინასწარმეტყველნი და წმინდა მამები და უფლის ეკლიანი გზით ემიჯნებოდნენ უსჯულოებას. რაც შეეხება მონარქისტული ეპოქისას კულუარებში მსხდომ მასონიზმს მათი საშუალო და დაბალი ფენების „მოღვაწეობის“ სტილი დღეს საჯაროა და ღია წესდებების დაცვითა თუ გრანტებისმანიპულირებით იმართება. მამონასა თუ იუდას ვერცხლის მოტრფიალე კი გაჭირვებულ ქვეყანაში შეიძლება არაერთი სულმოკლე ადამიანი აღმოჩნდეს. საჯარო საშუალებების  ტენდენციურობას ჯერ კიდევ 30 წლის წინ ამხელდა ელადის ფლორინელი მიტროპოლიტი ავგუსტინე (თავის წერილში პატრიარქ დიმიტრიოსისადმი): „საჯაროა და გამომწვევი სიცრუისმოქმედთა საქმენი დღეს. საკმარისია, მართლმადიდებლობის ერთგულმა შვილებმა პროტესტი გამოთქვან უსამართლობის წინააღმდეგ, რომ იმ წამსვე თავს ესხმიან, დევნიან, ძირს უთხრიან“. ამ უთანასწორო ბრძოლის ფერხულში კი ჩვენთანაც არაერთი ინსტრუქტირებული საჯარო საშუალებაა ჩართული.


კაცობრივ სიბრძნეს არავითარი საერთო არა აქვს ღვთაებრივთან და ყოველგვარი საეშმაკო სვლები არაა ღვთისგან. სამწუხაროდ, ჩვენი ეკლესიის სასულიერო დასის წევრთა შორისაც მოიძებნებიან ისეთი პირნი, რომლებიც ღიად ან ორმაგი სტანდარტებით ცდილობენ „დროს ალღო“ აუღონ (ან ხალხურად რომ ვთქვათ „არც მწვადი დაწვან და არც შამფური“) და  ხსენებულ საჯარო საშუალებებს თავიანთი გამოსვლებით ასაზრდოებენ. ასეთი პოზიცია ჰეგელისეული - „დაპირესპირებულთა ერთიანობის“ პრინციპს წარმოადგენს და ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო. თავის მიმდევრებს კი მაცხოვარი გვასწავლის ვთქვათ რასაც ვფიქრობთ და შევასრულოთ კიდეც ის: „თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო, და არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტის მიერია“. წუთისოფლის „სიბრძნეს“ ასევე არაფერი აქვს საერთო ღვთაებრივ სიბრძნესთან; როგორც კეთილსა და ბოროტს შორის არ არსებობს შუალედური გზა და წყალი და ზეთივით შეურევნელია. ჩვენ არ უნდა თანავეზიაროთ ორპირობის ორმაგ იანუსობასა თუ ბიბლიურად შეჩვენებულ „ნელ-თბილ“ ქრისტიანობას (აპოკალიფსი 3,16).

 

ასეთ მედროვეთ, რომლებიც  უფლის მაგივრად ძლიერთა ამა სოფლისაზე არიან ორიენტირებულნი - მიწიერი იმედები უნდა განვუქარწყლოთ და  შევახსენოთ, რომ რაც ჭეშმარიტებაზე არ არის დაფუძნებული - არამყარი და წარმავალია!


ჯერ კიდევ თითქმის ორი ათეული წლის წინ, როდესაც ვმომლოცველობდით უკრაინაში და არც საეკლესიო განხეთქილების წინაპირობა აღინიშნებოდა იქ მაშინ - მონასტრების ცნობილი ხუცესებისგან გაგონილი გვქონდა, რომ მათ ქვეყანაში საეკლესიო განხეთქილება წარმოიქმნებოდა (მთელი თავისი საშინელებებით), მაგრამ ყოველივე ამას  „მხოლოდ მცირე ჟამს“ ექნებოდა ადგილი. ხოლო, როცა მათი წინასწარხედვით ღრმად დავინტერესდით - მივაკვლიეთ მჭვრეტელ წმინდა მამათა მთელ რიგ წერილობით წყაროებსა და წიგნებს. ასე მაგალითად: განსაკუთრებული სიწმინდითა და ასკეტიზმით გამორჩეული ღირსი სერაფიმე საროველი, როდესაც აპოკალიფსური ანტიქრისტეს წინარე და მის დროს განვითარებულ მოვლენებზე, ჯერ კიდევ ორასი წლის წინ, საუბრობდა - ამბობდა, რომ „რუსულ-სლავური ქვეყანა“ ძალიან ძლიერი გახდებოდა დედამიწაზე. ხოლო გასული საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე მჭვრეტელი მღვდელ-მონაზონი ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი (ეკლესიაში მოიხსენიება 11 იანვარს), რომელმაც ტელევიზორის გამოგონებამდე აღწერა მისი ზემოქმედება ადამიანზე და მასობრივი განადგურების (ატომური) იარაღის შექმნა და პრაქტიკული „შესაძლებლობანი“ - ნათლით გასხივოსნებული ამბობდა, რომ „რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის სლავი ხალხები ოდითგანვე ერთი სამშობლოს შვილები იყვნენ და ეს მოძმე ხალხნი კვლავაც ერთად იქნებიანო.


1994 წელს გამოცემულ წიგნში „ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველის სწავლანი და წინასწარმეტყველებანი“ აგრეთვე ასახულია ის მოვლენები, რასაც დღეს აქვს ადგილი უკრაინაში: „როცა წამოიშვება მცირე თავისუფლება... უკრაინაში მართლმადიდებლური, კანონიკური ეკლესიის მთლიანობისა და საყოველთაობის საწინააღმდეგო ძლიერი აჯანყება მოხდება. ამ მწვალებლებს უღვთო ხელისუფლება დაუჭერს მხარს, რის შედეგადაც - მართლმადიდებლებს ტაძრებს წაართმევენ და ეკლესიის ერთგულთ სცემენ“. აქვე კიევის, ე.წ. მიტროპოლიტი და მისი მიმდევარი „სასულიერო“ თუ საერო დამქაშები შედარებულნი არიან „იუდა გამცემელს“. შემდეგ კი ღირსი მამა ამბობს: „მაგრამ ყოველივე ეს საეშმაკო ცთუნება და ცრუსწავლებანი განქარწყლდებიან რუსეთში და იქნება ერთიანი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია“.


მათთვის ვინც საკვირველთმოქმედი, ღირსი სერაფიმე საროველისა და ლავრენტი ჩერნიგოველის წინასწარმეტყველურ ჭვრეტებს რუსოფობიურად აღიქვამს - შეიძლება მოხმობილ იქნეს,  აგრეთვე, ადრექრისტიანული ეპოქის ამდაგვარი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი წინასწარმეტყველებანი. მოვიხმობთ ზოგიერთ მათგანს.


ლუკიის პათარისა და ოლიმპოს ეპისკოპოსი, წმინდა მღვდელმოწამე მეთოდე (312 წ.) ­ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში აღწერდა თურქების მომავალ შემოსევას და საბოლოოდ ქრისტიანთა მიერ მათ ძლევას...


მართლაც, თურქები ძალზედ დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ კონსტანტინეპოლს უსათუოდ დაეუფლებიან ქრისტიანები, „ქერათმიანი ხალხი“... ამიტომაც შეძლებული თურქები თავიანთ მიცვალებულებს ქვეყნის სიღრმეში, აზიის სანაპიროზე მარხავენ. სპარსულ ენაზე არსებობს ერთი წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვითაც ოტომანთა სამეფო ქრისტიანთა მახვილით დაეცემა. იგი ლათინურ ენაზეც ითარგმნა. წინასწრმეტყველებაში ნათქვამია: „მოვალს მავანი იმპერატორი... ქრისტიანული მახვილი აღიმართება და განდევნის თურქებს“.


ხოლო ბერძენი იმპერატორი ლეონ VI ბრძენი (912 წ.). ჯერ კიდევ ოთხასი წლით ადრე კონსტანტინეპოლის დაცემამდე წერდა: „ქერათმიანთა მოდგმა, თავის თანამდგომებთან ერთად, გააქცევს ისმაიტელთა მთელს ჯილაგს, დაეუფლება შვიგორაკოვან ქალაქს და მისი მპყრობელი გახდება“.


ძველი დროის სახელგანთქმული არაბი მკვლევარი მუსტა-ედ-დინი, სიკვდილმისჯილი თავის წინასწარმეტყველებათა გამო, ასე ეუბნებოდა სულთან ამურატის ჯალათებს აღსასრულის წინ: „ღმერთის მსჯავრი არ აგცდებათ... თქვენც და მთელს სამეფოსაც ჩრდილოელი ხალხი (ერი) დაეუფლება“.


თურქთა შორის ბევრი ამდაგვარი წინასწარმეტყველებაა გავრცელებული:


1.    მოვა დრო, როცა მექა, მედინა და სხვა არაბული ქალაქები დაინგრევა და ყოველივე ამას მავანი ქრისტიანი მმართველი იქმს, რომელიც ჩრდილოეთიდან მოვა.


2.    მუჰამედის მეფობა მხოლოდ ქერათმიან ჭაბუკთა - ჩრდილოეთის ქერა ძეთა - მოსვლამდე გაგრძელდება, „ჩრდილო ქვეყნების განმგებელი აიღებს ეპტალოფონს და მასში გამეფდება“.


3.    თურქები ასევე აღიარებენ და ამბობენ: ყურანში არის დადასტურება იმისა, რომ კონსტანტინეპოლს ქრისტიანები აიღებენ. ეს დადასტურება შემდეგია:


ა. მაჰმადიანები უნდა უფრთხოდნენ იმ ერს, რომლის სახელწოდებაც ასო-ნიშან „რ“-თი იწყება;


ბ.სტამბოლის დაცემამდე სამი სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართება, ქრისტიანები გაიმარჯვებენ მაჰმადიანებზე და აიღებენ ქალაქს... მაჰმადიანებს განდევნიან ჯერ ალეპომდე, შემდეგ კი დამასკომდე.


ცნობილმა წინასწარმჭვრეტმა - მღვდელმა აგათანგელოსმა ასი წლით ადრე სრული სიზუსტით იწინასწარმეტყველა კონსტანტინეპოლის დაცემა, ხოლო საუკუნეთა შემდგომ - მისი გათავისუფლება ქრისტიანთა მიერ...


წმინდა კონსტანტინე დიდი 337 წელს გარდაიცვალა. მისმა ძემ - იმპერატორმა კონსტანტინე II-მ მისი სხეული კონსტანტინეპოლში გადაასვენა და იქ დაკრძალა. ამ დიდი ხელმწიფის საფლავზე არის ბერძნულენოვანი წარწერა, შედგენილი ოდენ თანხმოვანი ასო-ნიშნებისაგან. პატრიარქმა გენადიმ მათ შორის ხმოვნები ჩასვა და სავსებით ცხადი ტექსტი მიიღო, ხოლო მოციქულთა სწორი ხელმწიფის საფლავზე ძველი დროის ბრძენკაცთაგან ზედაწერილის სრული განმარტება სულ მალე ამის შემდეგ მოგვცა გრიგოლ სქოლასტიკოსმა, 1421 წელს, ანუ 32 წლით ადრე ბიზანტიის დაცემამდე. მასში, სხვა წინასწარმეტყველებათა თანად, დაწერილია შემდეგიც: „... ქერათმიანი ერი, გაერთინადება რა ყველა იმ ერთან, რომელთაც შურისგება სურთ ისმაილზე, მეორედ სძლევენ მას და აიღებენ შვიდგორაკოვან ქალაქს მის სამფლობელოებთან ერთად“.


ახლა იმ წინასწარმეტყველებებზე გადავიდეთ, რომლებიც კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ იქნა დაწერილი.


მჭვრეტელობით ცნობილი მონოზონი ქადაგი აბელი,XVIII საუკუნის ბოლოს ამბობდა: „სოფიას ტაძარზე, სამეფო ქალაქში, გაბრწყინდება მართლმადიდებლური ჯვარი...“


ას ექვს წელს მიტანებული მეუდაბნოე წინათმხედველი მარტინ ზადეკა 1769 წელს ამბობდა: „თურქები მთელს საბერძნეთსა და უნგრეთს დასტოვებენ... ისინი დაკარგავენ თავიანთ ყველა მიწას ევროპაში და იძულებულნი გახდებიან, აზიაში, ტუნისში, ფეცანსა და მაროკოში წავიდნენ“.


XVIII საუკუნის შუა წლებში იგივეს წინასწარმეტყველებდა სხვა წინათმხედველიც - წმინდა კოზმან ეტოლიელი (1714-1779).


კრებულებში, რომლებიც ცნობილია სახელწოდებებით „ყვავილნარი“, „გედი“, „ლეონ ბრძენის წიგნი“ და „ხარისხთა წიგნი“, სავსებით გარკვევითაა ნაწინასწარმეტყველები, რომ ბოლო ჟას ქერათმიანთა მოდგმა სძლევს მთელს ისლამს და დაეუფლება შვიდგორაკოვან ქალაქს.


ეს წინასწარმეტყველებანი მოყვანილია არაერთი სამეცნიერო კრებულიდან.


ახლა ვნახოთ, რას ამბობს ამის შესახებ თითქმის ჩვენი თანამედროვე, მეტად პატივდებული და ცნობილი ათონელი მოძღვარი წმიდა ბერი პაისი (1924-1994). სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, როცა სსრკ ჯერ კიდევ ძალზე ძლიერი იყო ყველა მიმართებით და ვერავინ ვერც კი წარმოიდგენდა მის დაშლას, ეს ბერი ცხადად წინასწარმეტყველებდა: „საბჭოთა კავშირი დაირღვევა!“


სსრკ-ში  ბრეჟნევის მმართველობისას და მომდევნო წლებშიც იგი აგრეთე თურქეთის შემდგომი ხვედრის შესახებაც წინასწარმეტყველებდა, ბერი პაისი მრავალ ადამიანს აღუწერდა შორეულ, ჯერეთ არ აღსრულებულ მოვლენებს: „სსრკ-ც დაიშლება და თურქეთიც... კონსტანტინეპოლს დაგვიბრუნებენ, თქვენ თვითონ ნახავთ. მათ (თურქებს) უდიდესი უბედურება დაატყდებათ ჩრდილოეთიდან. თურქთა მესამედი დახოცილი იქნება, მეორე მესამედი ქრისტიანობას მიიღებს, ხოლო დანარჩენნი აზიის სიღრმეში წავლენ.


ბერი პაისის გამონათქვამები მოხმობილია დიონისე სტასისის წიგნებიდან: „პანუგუდას მოსაგრე ბერი“, „რჩეული ჭურჭელი“ და „მოძღვარი ბერი პაისი“.


თუკი გავითვალისწინებთ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის წარმმართველი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტის, ბ-ნი ბუშის გამონათქვამებს ერაყის კრიზისის დროს თურქეთის მთავრობის მისამართით და თანამედროვე ეტაპობრივ სამხედრო მოვლენებს - მაშინ უძველეს, საშუალო საუკუნეებისა და თანამედროვე წინასწარმეტყველებებს თურქეთისა და კონსტანტინეპოლის შესახებ - უფრო მთლიანი და სრული ხასიათი ექნება. ხოლო მოვლენები, როგორც ვხედათ - თანამედროვე მსოფლიოში სწრაფად ვითარდება.


საგაზეთო სტატიაში ჩვენ არ შეგვიძლია გაგიზიაროთ აგრეთვე სხვა  (ძველი თუ ახალი) წინასწარმცნობელური ციტატები, მაგრამ ერთი კი ცხადია - ქრისტიანული თუ მუსლიმური გადმოცემების თანახმად კონსტანტინეპოლის გრანდიოზულ „აია–სოფიას“ ტაძარში (სადაც ამჟამად მუზეუმია) კვლავ აღდგება „შეჩერებული“ წირვა-ლოცვა. ჯერ კიდევ ანტიქრისტესა და ქრისტეს საბოლოო დაპირისპირებამდე მოხდება ქვეყნად მიწიერი, მებრძოლი ეკლესიისა და ჭეშმარიტების გამობრწყინება, როგორც მოზეიმე - ზეციური ეკლესიის წინასახისა (აპოკალიფსი 3,7-11).


რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ჯდება, აგრეთვე, მაცხოვრის წინასწარმეტყველებაში ანტიქრისტეს წინარე პერიოდზე (მთ. 24,14,15). საეკლესიო გადმოცემების მიმართ ნიჰილისტურად განწყობილ დაჯგუფებათა საყურადღებოდ კი ერთ ციტატასაც მოვიხმობთ სახარებიდან: „და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის დასამოწმებლად და მაშინ მოიწევა დასასრული“.


ასე რომ, უკრაინელ ნაციონალისტებს აყოლილ - ჩვენს მოლავირე მედასავლეთე მებართლომეებს გულითადად ვურჩევ სინდისის ხმას მიენდონ და ის მიიყვანს მათ ჭეშმარიტებამდე. ჭეშმარიტება კი ქვეყნიური თვალსაზრისითაც იქნება მათი გადამრჩენელი - როგორც ბრძანებს წინასწარმეტყველი ფსალმუნში: „საჭურველად გა-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი“! ამინ!

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge