Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:45 19.02.2019
არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საფრანგეთში, ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში გამოიფინება.

 

გამოფენა “NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds”, ვენაში, ალბერტინას მუზეუმში სამი თვით იყო წარმოდგენილი და ის 400 ათასამდე ვიზიტორმა იხილა. ამჯერად, დამთვალიერებელი ფიროსმანის გამოფენას საფრანგეთში, არლის ვან გოგის მუზეუმში ნახავს. გამოიფინება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარი და ვინსენტ ვან გოგის მიერ 1884-1889 წლებში შესრულებულ 6 ნამუშევარი, მათ შორის ისეთი შედევრები, როგორებიცაა „არლელი ქალბატონი“, „ხის მჭრელი“, „ფეხსაცმელები“, „მთესავი ჩამავალი მზის ფონზე“.  გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პარიზის ზდანევიჩის ფონდიში დაცული ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914".  წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

 

გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, “Infinitart Foundation Vienna" და არლში ვინსენტ ვანგოგის მუზეუმის ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების სივრცე, მხატვრის შემოქმედებით შთაგონებულ, თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებს დაეთმობა. მათ შორის იქნება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით “Table Of Pirosmani”, რომელიც, იაპონელმა არტისტმა ფიროსმანაშვილის ხსოვნას მიუძღვნა. დამთვალიერებელი აგრეთვე იხილავს ჯორჯ ბაზელიცის, იოში მოტონარას, ანდრო ვეკუას, შირანა შაბაზის, კრისტინა ფორერის, ადრიან გენისა და რაფაელა ვოგელის ნამუშევრებს.

 

გამოფენების მთავარი მიზანია ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge