Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:17 11.02.2019
"ივანიშვილის აგებული მართვის სისტემა ბაბილონის გოდოლია, რომლის მკვიდრთაც ერთმანეთის ენა აღარ ესმით"

მოსამართლეების თემა უფრო საბაბია განხეთქილებისა, ვიდრე მიზეზი. შორს რომ არ წავიდეთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზევე გამოჩნდა, რომ ამ ხალხს, ვინც უმრავლესობაში მოიყარა თავი, არაფერი აერთიანებდა: არც იდეოლოგია, არც ფასეულობათა სისტემა, არც გეგმები...  - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს

 

"ქართული ოცნება" პარლამენტის ჩამოყალიბების დღიდან ჰგავდა იმ ოჯახს, რომელშიც ცოლ-ქმარი დასანახავად ვერ იტანს ერთმანეთს, მაგრამ თანაცხოვრების რაღაც ფორმულას­ პოულობენ, რადგან ჰყავთ მამა-მარჩენალი, რომელიც მათგან ამას ითხოვს.


ივანიშვილის მართვის ფილოსოფია მთლიანად ემყარებოდა იმას, რომ აქამდე მისი ვალი ჰქონდა ყველას, ის კი არავის მოვალე არ იყო, თუმცა მეორე ტურის შემდეგ ეს მოცემულობა შეიცვალა. 


"ქართულ ოცნებაში" ცალკეულ პირებს თუ დაჯგუფებებს გაუჩნდათ ამბიცია, რომ მათაც შეიტანეს მეორე ტურის გამარჯვებაში წვლილი და დაიმსახურეს, რომ ივანიშვილი კობახიძის შუამავლობით კი არა, პირდაპირ ელაპარაკოს.


ჩვენ ახლა ვართ ამ პროცესის შუაგულში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან არაკომფორტულია, რადგან მთელი მისი ნარატივი დაინგრა და იძულებულია მანევრირება დაიწყოს. შეხვედრა შეხვედრაზეც იმიტომ იმართება. ხისტად რომ დაარტყას მაგიდას მუშტი და განაცხადოს, ეს ასე უნდა იყოსო, აღარ გამოსდის, ამიტომაც ახლა მანევრირებს, რის ხელოვნებაც საკმაოდ კარგად იცის. ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგი.


ის შეეცდება, აღიდგინოს სტატუსი, ტაქტიკურად გადააგოროს ეს პერიოდი, დრო მოიგოს და იმავე სისტემაში დაბრუნდეს, რაც ძალიან ძნელი იქნება. ეს დროებით რომც მოახერხოს, გრძელვადიანი პერსპექტივა მაინც არ ექნება და შემდგომში უფრო დიდი პრობლემები გაუჩნდება.


მან არასწორი ტექნოლოგიური მონახაზით ააგო ხელისუფლების მართვის სისტემა. ეს არის ბაბილონის გოდოლი, რომლის მკვიდრთაც ერთმანეთის ენა აღარ ესმით. ახლა დაიწყო სწორედ ამის ნგრევის პროცესი. კოსმეტიკურად ბოძების შეყენებით თუ შეეცდება მის შენარჩუნებას, შემდგომში ეს უფრო მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს პირადად მისთვის. 


მოცემულობა ისეთია, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი ის არის, რასაც თვითონაც აღარ მალავს - თუ ადრე ამბობდა, რომ აკონტროლებდა ხელისუფლებას, მისი ბოლო დაპირება მეორე ტურის დასრულების შემდეგ იყო ასეთი, ახლა ჩემზეა ყველაფერიო. მან პასუხისმგებლობის ლეგალიზაცია ვერბალურად მოახდინა, ეს კი რეალურად შეიძლება მოხდეს ერთი გზით - ის უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად. შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი, ანუ ძალისა და ინსტიტუციური ცენტრები უნდა მოვიდეს თანხვედრაში. მას მხოლოდ ამ შემთხვევაში ეძლევა თეორიული შანსი, რომ გადარჩეს თვითონაც და გადაარჩინოს თავისი ხელისუფლებაც. არის ეს პანაცეა? არა, თუმცა არის მისი შანსი."- აცხადებს გია ხუხაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge