Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:17 23.01.2019
"დაყავი და იბატონე"- მირონ სულაქველიძე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და უკრაინის ირგვლივ განვითარებულ რელიგიურ-პოლიტიკურ საკითხებზე

 

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და უკრაინის ირგვლივ განვითარებულ რელიგიურ-პოლიტიკურ საკითხებზე გვესაუბრება ყოფილი დისიდენტი ჟურნალ „ლაზარეს აღდგინების“ რედაქტორ-გამომცემელი, საეკლესიო მწერალი და ღმრთის მსახური მირონ (მერაბ) სულაქველიძე.

 

როგორც ხედავთ - რიგი პოლიტიკოსები, არასამთავრობოები და ტელე-ჟურნალისტები უკრაინის ე.წ. ახალი ეკლესიის მიმართ განსჯისა და მოლოდინის რეჟიმში მყოფ ხელისუფლებისა და ეკლესიის პოზიციას „პრორუსულ“ განწყობაში სდებენ ბრალს.


ამ კუთხით საკითხის დაყენების შესახებ, უპირ­ვე­ლესად უნდა ითქვას, რომ ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერებანი აგებულია ფორმულებზე, განტოლებებსა თუ კანონებზე. რელიგიები, მითუმეტეს კი მარ­თლმა­დიდებლობა ეფუძნება ქრისტიანულ დოგმებს, წმიდა მოციქულთა და საეკლესიო კანონებს. ხოლო ქრის­ტიანობის განმსაზღვრავ ამ წმინდა მოცემულობებიდან გადახრა, თუ მათი იგნორირება ეკლესიის რიგით წევრსა და რელიგიური ტიტულის მქონე პირს, მოუნანიებლობის შემთხვევაში, განაყენებს (განკვეთს) ეკლესიიდან და ანათემასაც კი გადასცემს. ეკლესიური გადაწყვეტილებები კრებსითობით მიიღება. „პირადი უცდომელობის“ სტატუსით მხოლოდ რომის პაპია აღჭურვილი, რისი მიბაძვის მკაფიო მაგალითსაც კონსტანტინოპოლის პატრიარქის თვითშემოქმედება წარმოადგენს.


კონსტანტინოპოლელთა ქრისტიანობის სწავლებისადმი თავისუფლადმოაზროვ­ნეობრივი დამოკიდებულება მარტო კონკრეტული პატრიარქის შემთხვევაში არ გამოიხატება. ამგვარი ტენდენცია, თუ რელიგიურ-პოლიტიკური ინიციატივები კონსტანტინოპოლის სხვა პატრიარქებისთვისაც იყო დამახასიათებელი.


სამწუხაროდ, სწორედ მსგავსმა მიდგომამ გამოიწვია, ჯერ კიდევ ხუთი საუკუნის წინ, კონსტანტინოპოლის უნია - ცეზარო-პაპისტურ (რელიგიურ-პოლიტიკურ) მიმდინარეობასთან დაზავება და ბიზანტიისა თუ კონსტანტინოპოლის დაცემა... შემდგომ კი, საქმე იქამდეც მივიდა, რომ 1853-56 წლის რუსეთ-თურქეთის ომის მსვლელობისას სტამბულელმა პატრიარქმა - ანთიმოზ VI (იოანმნილისი) საბერძნეთის ყველა ეკლესია-მონასტერი და თვით ათონის წმინდა მთის მონასტრებიც დაავალდებულა, რათა წირვაზე (წმინდა ლიტურღიისას) ამ ომში თურქთა გამარჯვებისათვის ელოცათ...


მხოლოდ დიდმა სასულიერო მოღვაწემ და საკვირველთმოქმედმა ბერმა - ილარიონ ქართველმა (ყანჩელი) ამხილა და გაანეიტრალა დიქტატორის ფსევდო-ქრისტიანული იუდა-გამცემლობა და სულიერად შეკრა კიდეც ეს იერარქი... ნიშანდობლივია, რომ როდესაც პატრიარქობის მოვალეობის მქონე ეს პირი ომის შემდგომ დამხობილ იქნა და მან დარჩენილი ცხოვრება გადაწყვიტა სინანულში ათონის მთაზე გაეტარებინა - გემიდან მისი გადმობიჯებისთანავე მოხდა მიწისძვრა და მთელი წმინდა მთის მოღვაწეთათვის უფრო თვალსაჩინო გახდა თუ რაოდენ მძიმე ცოდვაში იმყოფებოდა ეს ქრისტიანი...


უთუოდ, საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილარიონ ქართველის წმინდანად კანონიზირება მხოლოდ 2002 წლის ოქტომბერში მოახერხა. ამ საზეიმო მოვლენამდე 22 წლით ადრე კი მისი ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი (რუსეთ-თურქეთის ომისდროინდელი) ფაქტი ქართულ ენაზე სრულად გამოქვეყნდა „ლაზარეს აღდგინება“ N4-ში. ამ მართალი ბერ-მონაზვნის მოხსენიების დღეა 27 თებერვალი. წმინდა ილარიონ ქართველის სულმაც მოგვიხსენიოს სრულიად საქრისტიანო და მის მიერ გაკვალულ გზაზე, ცილისმწამებელთა ამჟამინდელ ქარცეცხლში, ჩვენც უშიშრად გავიაროთ. 


შედარებითი (მამხილებელი) თეოლოგიის სიტყვით ჩვენ თითქმის ათწლეული ვააშკარავებდით ე.წ. მსოფლიო პატრიარქთა სეკულარულ კურსს „ლაზარეს აღდგინებაში“. როდესაც  ეს ჟურნალი ქართველ ბერ-მონაზონთა სამაგიდო წიგნი გახდა, მათი მოთხოვნების საფუძველზე საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საკრებო განჩინებით (1995-1997 წლებში) მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებანი იქნა მიღებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მწვალებლურ-ეკუმენისტურ (ანტიმართლ­მა­დი­დებ­ლურ) ტენდენციათა  საპირწონედ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს საპატრიარქოს ნოვაციები ჯერ კიდევ მანამდე ანათემტიზმების კონტექსტში იყო განსახილველი - ამ სამატიანო სულიერი მიღწევისადმი მისასალმებლად, აგრეთვე ღვთისმშობლის წილხვედრი - ათონის წმინდა მთის მონასტრებმა საეკლესიო დროშები გამოფინეს და ააფრიალეს.

 

რელიგიური პოლემიკის სპეციფიკით (კანონიკური, საეკლესიო ტრაქტატების ციტირებით), რომ არ გადავღალოთ თქვენი მკითხველი - შეიძლება მოკლედ და დაბეჯითებით ითქვას: აღნიშნული საპატრიარქოს სულისკვეთება ყოველთვის ეკლესიური მთლიანობის დარღვევისაკენ იყო მიმართული და მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს - მართლმადიდებლობის პროფანაციის, ეკლესიის სეკულარიზაციისა და პანეკუმენისტური მოდერნიზმისაკენ იხრებოდა. პოლიტიკური ინოვაციების დანერგვა ყოვლადდაუშვებელია ეკლესიაში. ამის დასტურია, აგრეთვე, ათონზე მოღვაწე ბერთა მონასტრებისა თუ სამღვდელ-მონაზვნო დასის (კინოტის) მთელი რიგი ოდინდელი მიმართვები თურქეთში მდებარე საპატრიარქოსადმი...


ახლა გამოდიან გრანტის, პიარის, პორტფელისა თუ სასულიერო წოდების მაძიებელი „თეოლოგები“ და პოლიტ-ლექციის ჩატარებასაც ცდილობენ ჩვენი ერის მამამთავრისათვის. ის კი არ უწყიან, რომ ჩვენს ქვეყანაზე პოლიტიკურადაც დამანგრეველად შეიძლება იმოქმედოს იმ ბატალიებმა, რომელთა იგნორირებას ახლომხედველობასაც ვერ დავარქმევთ... კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე აღზევებული ბართლომეოსი არამარტო ესოდენ მცირედმორწმუნეობისა თუ თვითმორწმუნეობის „რელიგიის“ მიმდევარია, არამედ, ერთ-ერთი ახლომხედველი პაიკია იმ სცენარის გათამაშებისა, რომლის ანკესსაც წამოგებული თავისი „მისიის“ შესრულების შემდეგ პატრონთა მომდევნო სვლისას მალევე გაიწირება... ეკლესიაში განხეთქილების დათესვის მცდელი - ეს ახლადტიტულირებული სუბიექტი განათლებით უფრო დაინტერესებული რომ ყოფილიყო, ის მაინც ექნებოდა გაგებული, თუ რას ბრძანებდა ჭეშმარიტი თეოლოგი - წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი, რომლის სიტყვებიც თვით არამართლმადიდებელი ოსკარ შპენგლერის „ევროპის დაისის“ ერთგვარ პერიფრაზსაც წარმოადგენს: „რელიგია ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, ქორწინება სიწმინდის გარეშე... სიცოცხლე აზრის გარეშე... ევროპამ მხოლოდ ის იცის, რასაც თვალით ხედავს და ის სრულიად ბრმაა... ისაა კაცობრიობის უღმრთო აჩრდილი... ნუთუ ვერ ხედავთ ამას... ნუთუ ვერ იგრძენით ანტიქრისტიანული ევროპის დაბნელება?... ვისთან ხართ: ევროპასთან თუ ქრისტესთან?!... ბაბილონთან თუ ქრისტესთან?!“...


ევროპაში პირველი საეკლესიო განხეთქილება ჯერ კიდევ 1000 წლის წინ მოხდა, როცა მართლმადიდებლობა არ დათანხმდა გარკვეული წრის მიერ შემოთავაზებულ მომხიბლავ წინადადებას „უფლის საფლავის“ და იერუსალიმის დაბრუნებისა, რადგან იცოდა რითაც დამთავრდებოდა ამგვარი მოწოდება... მაშინ ამ „მისიას“ სათავეში ჩაუდგა განხეთქილებაში ამ მიზნით ახლადგასული პაპისტური ინსტიტუტი და პაპის „უცდომელობის“ სტატუსით წარუძღვა ჯვაროსნულ ლაშქრობებს იერუსალიმისკენ... მათ დაიბრუნეს კიდეც იუდეა-ისრაელის დედაქალაქი, მაგრამ არაპროგნოზირებადი მუსლიმური სამყაროს შეტევებით დაკარგეს ისიც და გულუბრყვილოდ მათ აყოლილი უამრავი მეომრის სიცოცხლეცა და რომის ძლიერებაც...


მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, „ტექნიკური პროგრესით“ შესაძლებელი გახდა ძველი იუდეისა და ისრაელის ცენტრის დაბრუნება და ოდინდელი საზღვრების მიმართულებით მათი გაფართოება. ახლა კი ამ მოვლენას ხელი შეუწყო რეგიონში წარმოქმნილმა სამხედრო დაპირისპირებებმა და მშვიდობიანი მოსახლეობისგან ამ ტერიტორიების დაცლა-გამოთავისუფლებამ...


საქმე აგრეთვე ის გახლავთ, რომ იერუსალიმის ძველიუდაისტური ტაძრის ადგილზე ამჟამად ომარის მეჩეთი დგას. ამ ეტაპზე მისი გადაადგილება და იქ სოლომონის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების წარმართვა რომ ვინმემ სცადოს - მთელი მუსლიმური სამყარო (სუნიტები და შიიტები) ერთად აღდგებიან და მის ხელმყოფთა საპირწონედ  არა მარტო თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთიდან და პაკისტანიდან დაიძრებიან... ამიტომ, ძირძველი სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიის თანახმად მიმდინარეობს ეტაპობრივად მათი განეიტრალება და სათანადო ძალით დაბლოკვა. ამ გეგმის პროვოკაციული მეთოდებით განხორციელების პროცესში კი რუსეთსა და თურქეთს განსაკუთრებული როლი ეკისრებათ. ამ თემაზე 2008 წლის ცხელ ზაფხულში გამოვეცი წიგნი „ლაზარე - საქართველო და აპოკალიფსური ჟამი“, სადაც ჩართული იყო, აგრეთვე, მთელი რიგი წინასწარმეტყველებანი რუსეთ-თურქეთის, ჯერ კიდევ, არშემდგარი უკანასკნელი ომის, მისი შედეგებისა და ჩვენი ქვეყნის პოზიციური შესაძლებლობების შესახებ. ხოლო იმისათვის, რომ ამ წიგნებს ჯვრის მონასტერთან აქტიურად ვავრცელებდი, ბევრი დამიპირისპირდა. შალვა თათუხაშვილის მეთაურობით ჩემზე თავმდასხმელი სპეცრაზმის და მათი უფროსების სავალალო მომავალი კი, ალბათ, ყველასათვის ცნობილია...


პაიკი პატრიარქი ბართლომეოსის „მისია“ კი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის რელიგიურ ნიადაგზე პროვოკაციულად გააღვივოს დაპირისპირება  და გარდუვალ სამხედრო ქმედებებში გადაიზარდოს ის. ხოლო შავიზღვისპირა, ძირძველი რუსული პორტები  (ოდესის, მარიუპოლისა თუ სხვათა) რუსეთის საზღვაო ძალებით გამაგრდეს, ჩრდილო-აღმოსავლეთი კი საავიაციო ნაწილებით და თურქეთი სრულ ალყაში მოექცეს (საქართველოდან ხომ უკვე სამი ე.წ. სავაჭრო გზაა რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით გადაჭიმული)... ამის შემდეგ ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისი იქნება იმისათვის, რათა პირისპირ მდგომი ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის საომარი ალი ავარდეს. ასე მაგალითად - ვინმემ შეიძლება პროვოკაციულად რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდოს, ან გემი ჩაძიროს და ამაზე პასუხი თურქეთმა აგოს...


როდესაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა „სულიერი დამოუკიდებლობა უკრაინელ ხალხს“ სასწრაფოდ მიულოცა, ამით თავისი ლუსტრაცია მოახდინა - უფრო თვალსაჩინო გახდა თუ ვისი ინტერესები დგას ყოველივე ამის უკან. გარკვეულ ეტაპზე ისინი ხომ ქურთ მეომართა მოტივაციასა და საბრძოლო გამოცდილებასაც გაითვალისწინებენ თურქეთის დასაშლელ-გასანეიტრალებლად გარკვეული წვლილის შეტანისათვის (რაც, აგრეთვე, ბოლოდროინდელი პრაქტიკიდან გამომდინარე უტყუარია). ბართლომეოსმა, პოროშენკომ და სხვა ახლომხედველმა რელიგიურ-პოლიტიკურმა ფიგურებმა რომ იცოდნენ თუ როგორ ლაბირინთსა და ხაფანგს უმზადებს მათ პატრონი - ალბათ უკანდასახევი გზების ძებნას დროულად შეეცდებოდნენ. უკან დაიხევდნენ, აგრეთვე, ის ჩვენი მედასავლეთე ტელეპიარისტები, რომლებიც ქვეყნიურ კეთილდღეობას - მარადიულობაზე სცვლიან, ხორციელს კი სულიერზე და ზოგიერთ ეპისკოპოსს „ყველაზე გავლენიანი“ მღვდელმთავრის ტიტულატურათა მინიჭებით აქეზებენ... იუდას გზას ადგანან, აგრეთვე, ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი - სააკაშვილის, ახალაიასა და კუდის ის მოძღვრები, ფანები თუ ადვოკატები (რომელთა პერსონოფიკაციითა თუ სრული სასულიერო ტიტულატურის ჩამოთვლითაც ჩვენ ვერ დავწვრილმანდებით), რომლებიც თვითნებურად ამყარებენ „სულიერ“ კავშირს განხეთქილების მოქმედ „ეკლესიასთან“ და დაღუპვის ანტიკანონიკურ გზაზე შედგომას დათვურად ულოცავენ...


ჩვენი ისტორიულად მართლმადიდებელი ქვეყნისათვის ფრიად საყურადღებოა, რომ როდესაც თურქეთის ოფიციალური მეტოქე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხედრო პოზიციებს დაიკავებს (ან გამარჯვების შემდეგ, დაშლილ-დაქუცმაცებული თურქეთის ტერიტორიის ზედამხედველობის სტადიაში შევა) - ჩვენი ეკლესიოლოგიური თუ სახელმწიფოებრივად მოაზროვნეობის მიმართ არავითარი პრეტენზია არ ჰქონდეს. მართლაღმსარებლობის ერთგულებით უფალი ყოველთვის იფარავდა ერს. ასე იქნება ამჟამადაც თუ სინდისის ხმითა და მართლმადიდებლური კანონიკით შემოვიზღუდავთ თავს.


ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ფილოსოფოს ვლადიმერ სოლოვიოვის სტრიქონები გასული საუკუნის პოემა „მესამე რომი“-დან:

„ბიზანტია რომ დაფარა თალხმა,

საკურთხეველი გაცივდა ღვთისა,

როცა მესია უარყო ხალხმა

და ურწმუნობა მოედო ნისლად,

მაშინ აშალა აღმოსავლეთით

ხალხი უცხო და უცნობი ჯურის,

და ბედისწერამ რომი დაფლითა,

მეორე რომი დაემხო შიშით.

არ გვსურს ვიტვირთოთ ძველი ცოდვები

ბიზანტიური ნგრევის და ომის...

ვხედავთ - აპირებს ახალ სისხლისღვრას

ბრბო უცნობი და თავგასული“...


ყოველივედან გამომდინარე – ამჟამად მაინც არ უნდა ავყვეთ ე. წ. ევროპელი რეფორმისტების (თუ მეორე მსოფლიო ომში ერთ–ერთი გამარჯვებული აშშ–ს) ტენდენციებსა და ფინანსებს...


ხოლო იმისათვის, რათა ისტორიული წარსულიდან და ბიბლიური სწავლებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ეკლესიური მთლიანობა და ქვეყანაც შევინარჩუნოთ - ერთად გავითავისოთ უფლის ერთგული მოწაფის, პავლე მოციქულის გადამრჩენი სიტყვები: „შეიმოსეთ სრული საჭურველი ღმრთისა... აღმართეთ ღმერთის საჭურველი... წელზე შეირტყით ჭეშმარიტება და შეიმოსეთ სიმართლის აბჯრით... იპყართ რწმენის ფარი... აღიღეთ ხსნის ჩაჩქანი  და სულის მახვილი“ (ეფ. 6, 11-17). წმინდა მამებიც ხომ ამას გვიმეორებენ: ხალხის მომავალს განსაზღვრავს არა სიმდიდრე და პოლიტიკა, არამედ რწმენის, ჭეშმარიტებისა და ეკლესიის - ამ განუყოფელი ფასეულობის ერთგულად მიმდევრობა!...


ეკლესიის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო და სინონიმი - უფლის განუყოფელი კვართი სვეტიცხოვლის უმნიშვნელოვანეს ტაძარშია დავანებული. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ „განხეთქილების ვაშლის“ შემოგდება ჩვენთან თავის შედეგს ვერ გამოიღებს: ჭეშმარიტების უფრო მეტად გათვალსაჩინოებისათვის - ვფიქრობ, ჩვენი სამოციქულო ეკლესიის ბრძენი მამამთავარი  ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული – ეკლესიის კრებსითობის ძალმოსილებას გამოიყენებს და არა წმინდა სინოდის, არამედ საეკლესიო კრების საფუძველზე წარმოჩინდება ივერიის ეკლესიის შეუვალი, მადლმოსილი გადაწყვეტილება (რის შემდეგაც განეიტრალდება ეკლესიის წინმსწრებ-პატრიარქის ტახტის მაძიებელთა თუ დასავლეთის გამღმერთებელ რელიგიურ-პოლიტიკური დაჯგუფებათა არამართლსარ­წმუ­ნოებრივი ინიციატივები).


ხოლო ის, რომ ეს მართლაც ასე იქნება - საქართველოს ეკლესია არ აჰყვება პროვოკაციას, სულიერი თუ მისგან განუყოფელი ფიზიკური განსაცდელისგან თავსა და ერსაც დაიცავს და სხვებისთვისაც სასიკეთო მაგალითის მიმცემი იქნება - ამის საფუძველს არამარტო იოანე-ზოსიმეს და უფრო ადრინდელი წინასწარმეტყველებანი, არამედ არაქართველი სასულიერო მოღვაწეებიც გადმოგვცემენ. ასე მაგალითად - განსაკუთრებული სიწმიდისა და ასკეტური გამოცდილების მქონე სულიერი მნათობი ღირსი სერაფიმე საროველი ბრძანებს, რომ ქვეყნიერი ისტორიის მიწურულისას (აპოსტასიურ ჟამს) „უფლის ტრაპეზზე ღვინო საქართველოდან მოვა, ხოლო პური რუსეთიდან“... ხოლო კირილე ლავრიოტისსა და ასტერიოს არგირიუსს საქართველოს ეკლესია აპოკალიფსური „ფილადელფიის“ გამარჯვებულ ეკლესიად მიაჩნიათ, რომელზეც (მიუხედავად „მცირე“ ძალისა) გავლენას ვერ მოახდენენ წუთსოფლის ძალნი...


საკუთარი თავისა და ქვეყნიურ ძალებთან დამოკიდებულებისათვის კი მაცხოვარი თავის მიმდევრებს ასე გვამხნევებს: „არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ, ღმერთის ყოველი სიტყვით... უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველივე შეგეძინოთ თქვენ“ (2 რჯული 8,3; მთ. 4,4; ლკ. 4,4; მთ. 6,33). და თუ მართლაც დავუჯერებთ მაცხოვარს და მის ეკლესიას - აღმოგვხდება ფსალმუნისეული სამადლობელი ღმრთისადმი: „განვვლეთ ჩვენ ცეცხლი და წყალი და გამომიყვანენ ჩვენ განსასვენებელად“ (ფს. 65,12). ხოლო, ერთმანეთს აღმსუბუქებით ვახარებთ საუფლო სიტყვებს: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად აღმსარებლობამ და „სარწმუნოებამან“ ჩვენმან გადაგვარჩინა ჩვენ (შდრ. მთ.9,22). ამინ!

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge