Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:06 11.01.2019
გაუშვებს თუ არა ივანიშვილი ბესელია-ფოფხაძეს "ოცნებიდან"

"ქართულ ოცნებაში" ე.წ. ძველ და ახალ სახეებს შორის უკვე მეორედ აგორებულ დიდ ბრძოლაში, როგორც იქნა, მთავარი ინტრიგა - ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდა და საგანგებო განცხადებით ის ღიად დაუპირისპირდა ეკა ბესელიას, ვისაც "გუნდისა და გუნდურობის პრინციპის დარღვევაში" დასდო ბრალი და ამით ასევე ნათლად გამოაჩინა, რომ ის ე.წ. ახლების მხარეს დგას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გაუშვებს თუ არა ივანიშვილი ბესელია-ფოფხაძეს "ოცნებიდან"

 

"ეკა ბესელია ივანიშვილის განცხადებას სტრასბურგიდან ერთგვარი მუქარანარევი პასუხით გამოეხმაურა და დააანონსა, რომ ორშაბათს ისაუბრებს და ნათელს მოჰფენს ყველაფერს. ის აცხადებს, რომ საზოგადოება მისი ბრძოლის სიმართლეში დარწმუნდება. ახლა მნიშვნელოვანია, დასრულდება თუ არა ეს დაპირისპირება ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვით. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ, დიდი ალბათობით, ის და გედევან ფოფხაძე დავით ჭიჭინაძის ბედს გაიზიარებენ და მათ "ოცნებიდან" გაუშვებენ. საგულისხმოა, რომ ფოფხაძე ასეთივე კრიტიკული იყო 2018 წელს აგორებული დიდი დაპირისპირების დროსაც, თუმცა მაშინ ის გუნდიდან გაშვებას გადაურჩა და მხოლოდ დავით ჭიჭინაძე შეეწირა ამ ყველაფერს. საინტერესოა, ივანიშვილს დაუპირისპირდებიან და ბესელიას გაჰყვებიან თუ არა ის დეპუტატებიც, ვინც ბოლო დღეებში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სიას, ასევე ირაკლი კობახიძეს, "ახლების" გუნდის ლიდერს, მკვეთრად აკრიტიკებდნენ. მოსამართლეთა სიის მიუღებლობის გამო კი ბესელიასა და ფოფხაძეს თანამოაზრეთა რიგი არცთუ ისე მცირეა. ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, შოთა ხაბარელი, რუსლან პოღოსიანი - ესენი ის დეპუტატები არიან, ვინც მოსამართლეთა სიას ღიად და მწვავედ აკრიტიკებენ და თვლიან, რომ ამ სიის მხარდაჭერა არ შეიძლება“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"რა მოხდება ამჯერად, ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ბესელია საქართველოში დაბრუნდება, გაიმართება ჯერ იურიდიული კომიტეტის სხდომა და შემდეგ - საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც თავად ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. მმართველი პარტიის შიდა დაპირისპირების ეს მეორე ტალღა დეკემბრის ბოლოს დაიწყო და ყველა ელოდა, რა პოზიციას დაიკავებდა ბიძინა ივანიშვილი. რამდენიმეკვირიანი ურთიერთბრალდებების შემდეგ მისი განცხადებაც გამოჩნდა და პარტიის თავმჯდომარის სახელით ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში სწორედ ის პოზიციებია დაფიქსირებული, რომლებსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთელი ამ შიდა დაპირისპირებისას აცხადებდა. ივანიშვილი განცხადებაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დაჩქარების აუცილებლობასა და გუნდურობის დეფიციტზე საუბრობს. მისი თქმით, ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღეს, რაც გუნდურობის დეფიციტიდან გამომდინარეობდა და ამიტომაც მისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ბესელიამ გადადგომა მოსამართლეთა სიას. ივანიშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ ბესელიამ პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძე აირჩია და თვლის, რომ ბესელია წავიდა "გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ", რისთვისაც ივანიშვილმა ბესელია უკვე დასაჯა კიდეც და როგორც წერილშია ნახსენები, "გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი", - განაგრძობს გამოცემა.

 

"ამასთან, ივანიშვილი უკმაყოფილოა იმ თანაგუნდელებითაც, ვინც მოსამართლეთა სიას დაუპირისპირდნენ და მათ მოუწოდებს, "დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისაგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესს". ივანიშვილის ამ კრიტიკას სტრასბურგიდან პასუხობს ეკა ბესელია. "ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც დარწმუნდება", - განაცხადა ბესელიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას. ივანიშვილის მიერ ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის გაკრიტიკების შემდეგ მედიაში უფრო თამამად დაიწყო იმის მტკიცება, რომ ბესელიასა და ფოფხაძის პარტიიდან გარიცხვა გარდაუვალია. გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ არც ერთ შეხვედრაზე ვინმეს გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მათი ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ, მაგალითად, ბესელიას მოუწიოს წასვლა“, - დასძენს გამოცემა.


"გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ის ამ გუნდის წევრად დარჩება და ივანიშვილს მოუწოდებს, ღიად დააფიქსიროს, უჭერს თუ არა მხარს პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატთა სიას. ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი "ახლების გუნდის" კრიტიკას კვლავ აგრძელებს ლევან გოგიჩაიშვილი. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან დეპუტატ ლევან კობერიძის ლანძღვა ისმის, "კეთილენებათ" და საკუთარი თანაპარტიელი უნდა დაეცვათ ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს. გააგრძელებს თუ არა "ახლებთან" ერთად ერთ გუნდში ყოფნას, გოგიჩაიშვილის თქმით, ეს კენჭისყრაზე გამოჩნდება - "წყალგამყოფი იქნება ის, პარლამენტი დაუჭერს თუ არა მხარს ჩინჩალაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კენჭისყრას" და ამბობს, რომ ამ სიის გაწვევისათვის ბრძოლას ის ბოლომდე გააგრძელებს. როგორც "ოცნებიდან" უკვე გარიცხული დავით ჭიჭინაძე ამბობს, ივანიშვილის განცხადებით დადასტურდა, რომ ის კობახიძის გუნდსა და უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა სიას უჭერს მხარს და ამ სიის დამტკიცებისა და მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შემთხვევაში დეპუტატი აქციებს არ გამორიცხავს“, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge