Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

08:21 18.12.2018
„ბეტონის ჯუნგლები“, - ეკონომიკური პროდუქტი თუ ფინანსური მოგება?!- რა ხდება დედაქალაქში?

ბოლო ათწლეულებში, მოუწესრიგებელი და დაგეგმვას მოკლებული მშენებლობების გამო, დედაქალაქის გამწვანებული ტერიტორიები სამშენებლო ზონებად იქცა. არც თუ ისე დიდ ქალაქში უკვე მაღალი შენობები "ყვირიან".  აქ, ბუნებაში სიმშვიდეს უკვე ვეღარ მოიპოვებ, თავს ქალაქიდან გაქცევით თუ უშველი. ერთ დროს მართლაც სიცოცხლით სავსე და მარადმწვანე ქალაქი, ბეტონის ურჩხულებმა შთანთქეს. ქალაქში უკვე სეზონი აღარ იგრძნობა, ძნელად განასხვავებ შემოდგომასა და გაზაფხულს. ჰაერი მძიმეა, ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო ნივთიერებებით სავსე. ბეტონის ქალაქის სივრცეებში პარკებია, იქ თავქუდმოგლეჯილი გარბიხარ, თუმცა "რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!"...  

 

თითქმის ყველა ვთანხმდებით, რომ თბილისში დაუსრულებელ მშენებლობებს ბევრი ხე და სკვერი ეწირება, ქალაქი კი ნელ-ნელა ბეტონის ქაოტურ ჯუნგლებს ემსგავსება. ტროტუარებიც მანქანებისგანაა ოკუპირებული და ადამიანებისთვის ადგილი მხოლოდ ბეტონის კედლებს მიღმა რჩება. მშენებლობები კი გრძელდება და გრძელდება. 

 

"შენობებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ..." , "თუ დროზე არ მოვეგებით გონს, ქალაქი დაემსგავსება ბეტონის ჯუნგლებს" , "შემოდგომის ყვითელი სიმშვიდეები ბეტონის ნაცრისფერ ქალაქში",  „ჩვენ მივიღეთ ბეტონით სავსე ქალაქი"- ამ და სხვა სათაურებით ინტერნეტ სივრცეში ბევრ საინტერესო მასალას წაიკითხავთ. დღეს  კი ჩემი სტატიაც შეემატა, რომელშიც ქალაქის განაშენიანებასა და გამწვანების პრობლემაზეა საუბარი.

 

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით,  გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 წ. მომზადდა.  არსებული სტრატეგია მუნიციპალიტეტის გარემოს გრძელვადიან განვითარებას, ქალაქის მდგრადი განვითარების ხედვას, პრიორიტეტულ სტრატეგიულ მიზნებს, მიმართულებებსა და იმ აუცილებელ ამოცანებს ემსახურება, რაც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს. ერთ-ერთი ქვეთავი (3.3.2.) ურბანული დაგეგმარება და დიზაინია, რომელზეც უნდა გესაუბროთ.

 

თბილისის ურბანული განვითარება ხშირად მწვანე ზონების ფართობის მნიშვნელოვნად შემცირების ხარჯზე ხდება. ქალაქის გენერალური გეგმის ბოლო მონაცემების თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ადგილი 5,6 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც 80-იანი წლების ამავე მაჩვენებელს (13,0მ2), ასევე არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმას (11მ2).

 

 

სტრატეგიაში განსაზღვრული ძირითადი პრობლემებია: 1.ქალაქის ზონირების მკაფიოდ ჩამოყალიბებული სისტემის არ არსებობა; 2.ქალაქის სივრცითი დაგეგმარების თანამედროვე მიდგომების ნაკლებობა; 3.ქალაქის ისტორიული ნაწილის არასისტემური განვითარება (ტრადიციული იერსახის შეცვლა); 4.ქალაქის განვითარების ტურისტულ-რეკრეაციული სივრცის სიმწირე.

 

სტრატეგიის მიზანია: ისეთი ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც მიმზიდველი იქნება  ქალაქის მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის, რაც მიიღწევა მიწის ეფექტური გამოყენებით, ბუნებრივი და კულტურული ღირებულებების,  ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავლაფეროვნების შენარჩუნებით, კულტურული და საცხოვრებელი გარემოს განვითარებით.

 

სტრატეგიაში ძირითად ამოცანებად დასახულია შემდეგი პუნქტები:

– ურბანული განვითარების დაგეგმვის დროს სათანადო ყურადღება მიექცეს და ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად განიხილებოდეს ქალაქის გაფართოებული საზღვრების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის მწვანე ზონების შენარჩუნებისა და შექმნის საკითხი;

– ქალაქთმშენებლობითი  პროექტების განხორციელება ინტეგრირებული მართვის ფორმატში გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების და გაუმჯობესების მოთხოვნათა დაცვით;

– „მწვანე შენობების“ სტანდარტების დანერგვა;

– თბილისის, როგორც ევროპული, ფეხით მოსიარულეზე ორიენტირებული დედაქალაქის კონცეფციისთვის აუცილებელია ქალაქის სარეკრიაციო ზონების, ბაღებისა და პარკების განვითარება. ასევე ახალი პარკების მოწყობა;

– დაცული და გამწვანებული ტერიტორიების, ღია საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება;

– ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება;

– ურბანული განვითარების გენერალურ გეგმებში ადეკვატურად იქნეს ასახული დამატებითი მწვანე ზონების განვითარების საკითხები; (ვრცლად იხილეთ ბმულზე)

 

რა შესრულდა და როგორ? ამ საკითხთან დაკვშირებით "ჯორჯიან თაიმსი"თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს გიგა გიგაშვილის ესაუბრა.

 

– ქალაქ თბილისის 2018 წლის გამწვანების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩებში, გზაგამყოფ კუნძულებზე, სკვერებსა და ბაღებში, 12 000-ზე მეტი მერქნიანი მცენარის დარგვა მიმდინარეობს. მერქნიანი მცენარეები შერჩეულია მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხიდან, რომელიც დედაქალაქის ლანდშაფტისა და კლიმატისთვის სპეციალურად არის შერჩეული. 

გზაგამყოფი კუნძულები, რომელიც ძირითადად ბეტონის იყო, გამწვანებით შეიცვალა. კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ბალახი და სხვადასხვა სახეობის ბუჩქები. საერთო ჯამში, თბილისის მასშტაბით, 7000-მდე დეკორატიული ბუჩქის დარგვა მიმდინარეობს. 

მიმდინარე წლის ბოლომდე გამწვანების ფარგლებში თბილისის მასშტაბით დაახლოებით 110-მდე ლოკაციაზე (ჯამში 6500 ძირი, 3 მეტრზე მაღალი, 23 სახეობის დიდტანოვანი ხე) დაირგვება. პარალელურად ხდება თბილისის ტერიტორიაზე არსებული სკვერების აღდგენა/რეაბილიტაცია.

 

- დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობის დროს, რამდენად არის გათვალისწინებული გამწვანების ზონის არსებობა? 

 

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში წარმოებული მშენებლობის დროს, ყველა იმ ზონაში, რომელსაც საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული აქვს გამწვანების კოეფიციენტი, მოეთხოვება გამწვანების პროექტი. ყველა სახის საცხოვრებელ სახლს/კორპუსს, გარდა მე-2 კლასის ინდივიდუალური საცხოვრებლისა, მოეთხოვება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე გამწვანების პროექტის წარმოდგენა. პროექტი გულისხმობს, ტერიტორიაზე დასარგავი მერქნიანი მცენარეების (ხეები; ბუჩქები) ექსპლიკაციას. ყველა ახალი მშენებლობის დროს ტერიტორიაზე სავალდებულოა გამწვანების მოწყობა. 

 

- გამწვანებასთან დაკავშირებით რა პრობლემებს აწყდებით და როგორ ხდება მათი აღმოფხვრა?

- გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ხე-მცენარეების ფიტოსანიტარული კვლევა ჩაატარა. აღმოჩენილ მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლის ღონისძიებების შესაბამისად, რეგულარულად ხორციელდება ხეების შეწამვლის სამუშაოები. ასევე, მიმდინარე წელს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე აღირიცხა ხმელი და ზეხმელი ხეები და მოინიშნა შემდგომში მოჭრის მიზნით. ჯამში 20 000 ძირი ხმელი და ზეხმელი ხის მოჭრა უკვე დაწყებულია. 

დედაქალაქის მერია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სისტემატურად ებრძოდა ფიჭვის ხეების ხმობის პრობლემას და ახორციელებდა დაავადებული ხემცენარეების წამლობას, ასევე, ხმელი და ზეხმელი ხემცენარეების სანიტარულ ჭრას. ამის მიუხედავად, პროცესის შეჩერება და ხეების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მერიამ საერთაშორისო ექპერტებთან თანამშრომლობით უკვე დაიწყო აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა. ექსპერტები კვლევებს ევროკავშირში აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ჩაატარებენ. 

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება  2019 წლიდან დაიწყება, მას შემდეგ, რაც დასრულდება სანიტარული ჭრები. 

 

- რა ძირითადი ამოცანები გააჩნია თბილისის მერიას, რომლის საშუალებითაც აპირებს მწვანე ზონების აღდგენას?

- არსებული პარკებისა და სკვერების აღდგენა/რეაბილიტაცია; მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე ახალი ტერიტორიების იდენტიფიცირება/განვითარება და მათი სარეკრეაციო დანიშნულებით განვითარება; გენ. გეგმითა და მწვანე ქალაქის კონცეფციით გათვალისწინებული სივრცეების გამოვლენა/განვითარება; ურბანულ სივრცეში (პარკები, სკვერები, მწვანე თარგები) სხვადასხვა სახეობის მერქნიანი მცენარეების დარგვა. ასევე, ტყის გაშენების ღონისძიების  ფარგლებში დაახლოებით 19.8 ჰა ფართობზე დაირგვება 23437-მდე ნერგი.

 

 

დედაქალაქის სისტემატიური გამწვანების მიუხედავად, არქიტექტორები აცხადებენ, რომ მშენებლობა ნებისმიერი ქალაქის ჯანმრთელი პროცესია და მას წინ ვერ აღვუდგებით. 

 

„ზოგადად, მშენებლობა ქალაქში ბუნებრივი პროცესია. ქალაქები ამ მხრივ მუდმივად ვითარდება, განაშენიანება მიმდინარეობს და არ კონსერვდება. ასევე არის მეორე სტრატეგია, როდესაც  ისტორიულ ცენტრს აღარ ეხებიან და  პერიფერიებს ითვისებენ,“- აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში არქიტექტორი ალესანდრე ჩუბინიძე

მისი თქმით, თბილისი ქაოტურ მდომარეობაშია და ის ქალაქის ისტორიული ცენტრის განაშენიანების პრინციპშია მოქცეული. 

 

„ახლა შეინიშნება ისეთი ტენდენცია, როცა მსხვილი დეველოპმენები ქალაქის ცენტრალური უბნებიდან პერიფერიებში გადიან და იქ ახორციელებენ დიდ პროექტებს.  ეს თავისთავად კარგია და საშუალებას იძლევა, რომ ტერიტორიების გამწვანება მოხდეს. ქალაქში ეს უკვე   ნაკლებად ხდება. ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე, სპორტის სასახლის უკან. იქ არანაირ ლანდშაპტზე და გამწვანებაზე აღარ შეიძლება საუბარი. 

განვითარებულ და ძლიერ ქვეყნებში ახალი  ტენდენცია დაინერგა.  ეკო შენობები შენდება, ასევე არსებობს „გრინ არქიტექტურა“ (მწვანე არქიტექტურა). სამწუხაროდ, საქართველო არ არის არის ძლიერი ეკონომიკის ქვეყანა, რომ ამას მიეცეს ერთგვარი ტრადიციის სახე. 

რაც შეეხება ბეტონის კედლებს. ბეტონი თავისთავად კეთილშობილი მასალაა და ეს ტრაგედია არ არის. მთავარია მისი ხარისხი და შემდეგ უკვე მოპირკეთების თემა. თბილისისთვის ნაადრევია ეკო არქიტექტურული ძეგლები, რადგან ეკონომიკურად სუსტია. 

ახლახანს ჰქონდა მერიას საინტერესო ინიციატივა. არცერთი შენობა არ ჩაბარდებოდა მოპირკეთების გარეშე, თუმცა, ეგ მაინცდამაინც არ ცვლის საერთო ხედს.

ბეტონის ჯუნგლები ეკონომიკური პროდუქტია. ფართობზე მოთხოვნილებაა და ის ყველაზე მარტივად რკინა-ბეტონის კონსტრუქციით შენდება, რაც თავისთავად ცუდია, ესთეთიკის ნაკლებობაცაა. ყველა კურსი აღებულია ფინანსურ მოგებაზე და ამიტომაც მივიღეთ არაესთეტიური გარემო.

კიდევ ერთი სიახლე შემიძლია გითხრათ, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ამ თემაზე: იქმნება საკანონმდებლო ბაზა, რომელშიც გაწერილია ნორმები ენერგოეფექტურ მასალებზე და არქიტექტურაზე. თანამედროვე ეპოქაში საუბარია ენერგიის მოხმარების ეკონომიაზეც, ამაზე არქიტექტურაც სერიოზულ გავლენას ახდენს. ესეც დაარეგულირებს, თუმცა რაც უკვე აშენებულია, მაგას ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვუზამთ.“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში არქიტექტორმა.

 

როგორც ის განმარტავს, მშენებლობისა და გამწვანების ბალანსს თბილისის მერია  იცავს.

„მაგალითად, მე კერძო არქიტექტორი ვარ და შემაქვს პროექტი, მერია ძალიან დიდ ყურადღებას აქცეს გამწვენებას. უფრო მეტიც, მერია უკვე დენდროლოგიურ პროექტებსაც ითხოვს. ეს არის პროექტი, რომელშიც გაწერილია ტერიტორიის გამწვანება, ხე-ნარგავებით დაფარვა და ა.შ.  ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ადრე ქაოსურად იყო. მერია ნამდვილად იცავს გამწვანებისა და განაშენიანების ბალანსს. არის გამონაკლისები, ხეების მოჭრის სახით,  რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. ნამდვილად ვერ ვიტყვით მაგას, რომ მერია ამ ბალანსს არ აქცევდეს ყურადღებას.“

 


დედაქალაში გამწვანების პრობლემასთან დაკავშირებით „ჯორჯიან თაიმსი“ გარემოს დაცვის სპეციალისტს  ნინო სულხანიშვილს ესაუბრა.

 

- რეალურად, ქალაქს გამწვანებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემა აქვს. ჩვენი დედაქალაქი საერთაშორისო მოთხოვნას - საჯარო გამწვანებული სივრცეების მიმართ ვერ აკმაყოფილებს. დღესდღეობით მოთხოვნა არის ასეთი, - როდესაც ადამიანი ფეხით მოძრაობს, სადღაც 8-10 წუთის შემდეგ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საჯარო სივრცეში დაისვენოს, არ არის აუცილებელი, რომ ეს  დიდი პარკი იყოს.  ამისათვის საჭიროა ქალაქს გააჩნედეს გამწვანებული ტერიტორიების  ერთიანი სისტემა ანუ - ქსელი.

თბილისის გარშემო მწვანე სარტყელი გვაქვს. ქალაქის შიგნით  კი გამწვანება პატარა ლაქებივით უნდა გადადიოდეს. მთავარ საყრდენ გამწვანებებს უნდა ჰქონდეს გარდამავლი ზონა. შეიძლება ეს იყოს ხეივანი, სადაც ადამიანს ფეხით გავლა შეეძლება. ასეთი კონცეფცია ქალაქს ნამდვილად არ აქვს. დიდი ხანია მწვანე კონსტრუქციაზეა ლაპარაკი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ხერხდება ამის გაკეთება. 

 

მცენარეების სახეობების შერჩევა და ინვენტარიზაცია

ვფიქრობ, ასევე უნდა იყოს განვითარების გეგმა, მცენარეების სახეობების შერჩევა. აქ უკეთესად გვაქვს საქმე. თვითონ ქალაქი უნიკალურია თავისი ლანდშაფტური გარემოთი და რელიეფით.

თბილისი ევროპის ქალაქებს შორის უნიკალურია, რადგან ამ პატარა ტერიტორიაზე სხვადასხვა მცენაარეებს ვხვდებით. ეს კი იძლევა შესაძლებლობას, ქალაქი გამწვანდეს ადგილობრივი სახეობით, რომელსაც ადამიანის მინიმალური ჩარევა სჭირდება. ეს მცენარეები იქნება ძალიან მდგრადი, როგორც კლიმატის მიმართ, ასევე მავნებელი დაავადებების მიმართ.

არის კიდევ ერთი პრობლემა: ქალაქში 1988 წლის მერე ინვენტარიზაცია არ გაკეთებულა. წელს დაიწყეს, ქალაქის გარშემო არსებული ტყეების ინვენტარიზაცია, მაგრამ ეს, სამწუხაროდ,  დედაქალაქში არ ხდება. ამაზეც ყურადღებაა გასამახვილებელი, რათა შემდეგში  ერთიანი კონცეფციის შემუშავება მოხდეს. 

 

ფიჭვების ხმობის პროცესი და პრობლემის მოგვარება 

ამ პრობლემის მიმართ მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რომ ძალინ მალე  ჩვენი ქალაქის ეკოსისტემიდან ფიჭვის სახეობა ამოვარდება. ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვერსია გაჟღერდა. მეცნიერებმა ახლახანს აღმოაჩინეს კანონზომიერება, რომ ერთიდაიმავე დროს დარგული ხეები ერთ დროს ხმება. თუ წავიკითხავთ მონაცემებს, თავიდანვე ეს ფიჭვებიც ჩანაცვლების პერსპექტივით დარგეს. ახლა უკვე  თბილისის გარშემო სასწრაფოდ ლანდშაფტის რეკონსტრუქციაა გასაკეთებელი. შერეულად უნდა დაირგოს როგორც ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანი მცენარეები. 


მშენებლობა, საცხოვრებელი კომპლექსებისა და გამწვანების ბალანსი 

სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში ამასთან დაკავშირებით დარღვევებია. ეს საკითხი 2017 წლამდე საერთოდ იგნორორებული იყო. გაიცემოდა ქალაქში მიწის ნაკვეთი და არ იყო მითითებული მწვანე საფარი. კანონის შესაბამისად, მეპატრონეს შეეძლო ის სახეობები, რომლებიც იმ მშენებარე ტერიტორიაზე იყო დარგული და ხელს უშლიდა მშენებლობის განხორციელებაში, მოეჭრა. 

2017 წელს შეიცვალა ეს მიდგომა, მიწის გასხვისებამდე და სამშენებლო ნებართვის გაცემემდე უკვე გარემოს დაცვის სამსახური საწყის ეტაპზე ერთვება. ეს იძლევა იმედს, რომ  ახალ მშენებლობებზე და გაცემულ ნებართვებზე გათვალისწინებული იყოს გამწვანების მიმართულებები. როცა კორპუსის ჩაბარება ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს გამწვანების კომპონენტს. ეს კი ხშირად იგნორირებულია. 

მთავარია ქალაქში ცვლილებები მოხდეს გარემოს დაცვისა და ჰაერის გაჯანსაღების კუთხით. ამისათვის აუცილებელია, რომ ქალაქის გარშემო არსებული მწვანე სარტყელი იყოს ჯანსაღი და იქ ლანდშაფტის რეკონსტრუქცია მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. - აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში გარემოს დაცვის სპეციალისტი ნინო სულხანიშვილი.

 

(ფოტოს ავტორი: გიორგი ნიკოლავა)

 

არსებული სურათიდან გამომდინარე, დედაქალაქში განაშენიანებისა და გამწვანების ბალანსი ეტაპობრივად ბალანსდება.  დასაიმედებლად კიდევ გეტყვით, რომ  „ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 251 მისამართზე პარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 932 894 ლარი დაიხარჯა,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

 

„ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით, სამუშაო ბევრი გვაქვს. ყველაზე მეტად, რაც დღეს დედაქალაქს სჭირდება, მწვანე სივრცეები, პარკები და სკვერებია. მომავალ წელს ვაპირებთ კიკვიძის, ასევე, ვაკისა და ვერის პარკების რაბილიტაციას. ეს ის დიდი პარკებია, რომლებიც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

/ ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge