Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:25 12.12.2018
ტყუის თუ არა ამერიკული ჟურნალი Foreign Policy? სადაო საკითხი - აშშ-ის ელჩის დანიშვნა საქართველოში

 

 

ამერიკის ხმის რუსული სამსახური ეხმაურება ჟურნალ Foreign Policy-ის სტატიას საქართველოში ამერიკის ელჩის დანიშვნის თაობაზე:

როგორც ცნობილია, 10 დეკემბერს აშშ-ის ცნობილ საგარეოპოლიტიკურ ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნდა სტატია საქართველოს შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო არ იწონებს აშშ-ის ელჩის ახალ კანდიდატურას თბილისში და რომ ამის მიზეზი ელჩობის კანდიდატის - ბრიჯიტ ბრინკის სიმპათიებია მიხეილ სააკაშვილისადმი. „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე უარყო Foreign Policy-ის პუბლიკაციის მტკიცება და განაცხადა, რომ სტატიაში მოყვანილი „ფაქტები“ სინამდვილეს არ შეესაბამება. მსგავსი განცხადებები გააკეთეს აგრეთვე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც: გია ვოლსკის თქმით, საქართველოს არანაირი რესურსი და სურვილი არ აქვს, რომ აშშ-ის ელჩის დანიშვნა დაბლოკოსო. თბილისის მერმა კახა კალაძემ Foreign Policy-ის ინფორმაციას „ჭორები“ უწოდა. იმავდროულად ოპოზიციურ პარტია „ნაცმოძრაობაში“, რომლის ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, აცხადებენ, რომ ჟურნალის სტატია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პარტია „ევროპულმა საქართველომ“ კი აღნიშნა, რომ თუ ფაქტები დადასტურდება, მაშინ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ჩრდილი მიადგება.

 

„ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის თბილისელი კორესპონდენტი ნესტან ჩარკვიანი ესაუბრება ქართველ ექსპერტებს:

„გია ხუხაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად მუშაობდა იმ დროს, როცა მილიარდერს პრემიერ-მინისტრის პოსტი ჰქონდა დაკავებული, „ამერიკის ხმის“ რუსულ სამსახურთან საუბრისას ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს უცხოელ პარტნიორებთან მსგავსი დამოკიდებულება არ ახასიათებს, როგორც ამას ჟურნალის სტატიის ავტორები წერენ. „მე ძალიან გამიკვირდებოდა, თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წინააღმდეგობას უწევს ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის დანიშვნას“, - ამბობს გია ხუხაშვილი, რომელიც თვითონ აღმოჩნდა მილიარდერის კრიტიკის ობიექტი, რის შემდეგაც მათი გზები გაიყარა.

თბილისი სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძემ „ამერიკის ხმის“ რუსულ სამსახურის კორესპონდენტთან აღნიშნავს, რომ აშშ-ის ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით სიტუაცია მან ჯერ კიდევ Foreign Policy-ის პუბლიკაციამდე იცოდა ერთ-ერთი მარალჩინოსნისაგან. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტოლოგს ეჭვი არ შეაქვს გამოქვეყნებულ მასალის ნამდვილობაში, მას მაინც არ სჯერა, რომ ამ „გაუგებრობის“ ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია. „ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს გააფუჭოს ურთიერთობა აშშ-სთან, რომლის ყოფნა საქართველოში აუცილებელია რუსეთის საპირწონედ, რომლის მიმართაც, როგორც მე ვფიქრობ, მილიარდერს პანიკური შიში აქვს. შესაბამისად, ამ სკანდალის უკან ქართული მხარისაგან დგანან ან მისი პარტიის ხალხი, რომლებიც ცდილობენ ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენონ, ან ე.წ. „კეთილმსურველები“, რომლებმაც საკუთარი ინიციატივით რაღაც უნიჭო და იმავდროულად სახიფათო სპექტაკლი წამოიწყეს“, - ასე თვლის თორნიკე შარაშენიძე.

 


მოამზადა „საქართველო უცხოეთის მასმედიაში“

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge