Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:31 04.12.2018
ქართველი მეცნიერები ითხოვენ პრეზიდენტის სასახლე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცეს

ცნობილი კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი სოციალურ ქსელში რამდენიმე ცნობილი ქართველი მეცნიერის ღია წერილს აქვეყნებს და იქვე განმარტავს იმ მნიშვნელოვან პრობლემას, რის გამოც დაიწერა ეს წერილები:

 

 
„მეგობრებო, ეს დიდი საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ქართველი ხალხის ფულით აშენებული პრეზიდენტის სასახლე ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. ძველი შენობები ვეღარ აკმაყოფილებენ ხელნაწერთა დაცვისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს. ჩვენი უძველესი ხელნაწერები, - აგრეთვე ჩვენი ხელოვნების უძველესი ნიმუშები (თუნდაც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადარჩენილი ჩვენი ეროვნული განძეულობა), ჩვენი მხატვრობის ნიმუშები - უკეთესი მოვლის ღირსია! ამ შენობაში მოთავსდება ძალიან ბევრი (ყველა თუ არა) საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ეროვნული განძეულობა - შენობაში უამრავი კლდეში ჩაშენებილი ოთახია, ის არის აშენებული ისე, რომ ატომის ბომბი ძვრას ვერ უზამს (სააკაშვილმა ხომ აიშენა ის თავისთვის, ოღონდ ჩვენი ფულით). მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომემ გადაწყვიტა არ შევიდეს ამ შენობაშია, ამ შენობის „დასათრევად“ უკვე დაიწყეს ფარული მოძრაობები სხვადასხვა ძალებმა... 
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთმოთ ჩვენი განძეულობის მომავალი - ერთი მიწისძვრა, წყალდიდობა ან თუნდაც შეგნებული დივერსია, დაღუპავს ჩვენთვის ყველაზე მთავარს - ჩვენი კულტურისა და რელიგიის ძეგლებს, რომელთაც ჩვენ ვერ ვუვლით ისე, როგორც საჭიროა...“, წერს ბუბა ხოტივარი.

 


პრეზიდენტის სასახლე ქართული ეროვნული მემკვიდრეობის საგანძურს უნდა დაეთმოს

ჩვენო თანამემამულენო, გთხოვთ ერთსულოვნათ მივმართოდ ჩვენი ქვეყნის ხელისუფალთ, რათა პრეზიდენტის სასახლე გადაეცეს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს, რომელშიც დაცულია წლების მანძილზე ქართველ მეცნიერთა ძალისხმევით მოძიებული, ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილი ათი ათსზე მეტი სრულიად უნიკალური ქართული და უცხოენოვანი მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებული ხელნაწერი, ქართული დიპლომატიკის ორმოცდაათიათასამდე ნიმუში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველთა პირადი არქივები, ნივთები, ბიბლიოთეკები წლების მანზილზე ქვეყნის ხელისუფალთა მიერ ზრუნვამოკლებული, მხოლო და მხოლოდ ცენტრის რამდენიმე თაობის მეცნიერ თანამშრომელთა ერთგული სამსახურით მოღწეული ეს საგანძური. მსგავსი საგანძურით ნებისმიერი ქვეყანა იამაყებადა და მოვლა პატრონობას არ მოაკლებდა. ამ თვალსაზრისით მაგალითისათვის სომხეთის დედაქალაქში აღმართული „მატენადარანი“ და ამ ბოლო დროს ხელნაწერების უსაფრთხოების მიზნით კლდეში ნაკვეთი საცავების არსებობაც იკმარებდა!

ნანა ხაზარაძე, ლია მელიქიშვილი.
უმორჩილესად გთხოვთ დაგვიდასტუროთ თანადგომა და გააზიაროთ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ ბატიაშვილს

 

ბატონო პრემიერო,
ბატონო მინისტრო,


მოგეხსენებათ, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის ჩვენი ქვეყნის კულტურულ-სამწიგნობრო მემკვიდრეობის უმთავრესი საცავი და წამყვანი ქართველოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელსაც, ამავე დროს დიდი სამუზეუმო-საგანმანათლებლო ფუნქციაც აკისრია. ამის დასტურია ცენტრის მიერ გამოცემული ასეულობით წიგნი და უამრავი გამოფენა, რომელიც ცენტრში დაცული უნიკალური მასალის (ასი ათას ერთეულამდე) საფუძველზე ტარდება. სამწუხაროდ, ამ მემკვიდრეობის დაცვა-შენახვა საკმაოდ რთულ პირობებში გვიწევს, რადგან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ცხადი გახდა, რომ 1965 წელს საგანგებოდ ხელნაწერებისთვის აგებული შენობა ვერ აკმაყოფილებდა ხელნაწერთა დაცვისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს. სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო ზრუნვა შენობის რეაბილიტაციისათვის (ახალი საცავების აშენების პროექტი), ხოლო 90-იან წლებში დადგა სხვა შენობაში გადასვლის საკითხი. ცენტრს ორჯერ გამოეყო ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის შენობა რუსთაველის პროსპექტზე, მაგრამ იქ გადასვლა ვერ განხორციელდა. 


2015 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ცენტრს გადაეცა ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა გ. ლეონიძის ქუჩაზე, მაგრამ ეს შენობაც 2017-2018 წლებში ჩამოგვერთვა. 50 წლის განმავლობაში, წლიდან წლამდე საცავების მდგომარეობა უარესდება და თავი რომ დავანებოთ იმას, რომ საგამოფენო-სამუზეუმო სივრცეც არ გვაქვს, არ გვყოფნის მემორიალური კაბინეტებისა და თანამშრომელთათვის აუცილებელი ფართიც. სავალალო მდგომარეობაშია ჩვვენი ცენტრის უნიკალური ბიბლიოთეკის საცავებიც. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საგანძურის შესაფერისი სტანდარტებით დაცვა, მისი პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის ნორმალურ პირობებში წარმართვა, მოითხოვს ცენტრისთვის ახალი შენობის გადმოცემის ან ახლის აშენების საკითხის სასწრაფო გადაწყვეტას.


ჯერ კიდევ 2015 წელს ცენტრისთვის ახალი შენობის გამოყოფის პრობლემასთან დაკავშირებით დავაყენეთ მისთვის ერთ-ერთი საპრეზიდენტო რეზიდენციის გადმოცემის საკითხი. მაშინ ეს საკითხი თქვენთვის ცნობილი მიზეზების გამო დადებითად ვერ გადაწყდა. დღეს, როდესაც პრეზიდენტის ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, თქვენი ყურადღება კვლავ მინდა მივაპყრო უფუნქციოდ დარჩენილი ავლაბრის რეზიდენციისკენ და ქართული სამეცნიერო საზოგადოების სახელით გთხოვოთ ამ შენობაში ქართველოლოგიური პროფილის ინსტიტუტების და მათ შორის, რასაკვირველია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გადასვლის საკითხის განხილვა. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართველოლოგიის ყველა დარგის განვითარების, ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის და მსოფლიოსთვის მისი გაცნობის გზაზე. ამავე დროს არ არის გამორიცხული, რომ ეს შენობა კვლავ ასრულებდეს წარმომადგენლობით ფუნქციებს - აქ ხდებოდეს განსაკუთრებით მაღალი რანგის სტუმრების მიღებები პრეზიდენტის და პრემიერის სახელით. ეს კიდევ უფრო გაზრდის ინტერესს ჩვენი კულტურისადმი და სასარგებლო იქნება, როგორც ჩვენი ცენტრისთვის, ასევე ხელისუფლებისა და მისი სტუმრებისთვის, რომელთაც ექნებათ უძვირფასესი ფონდების დათვალიერების საშუალება. გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ საქართველოს გამორჩეული საგანძურის ბედი, მისი მნიშვნელობა ზოგადსაკაცობრიო კულტურისთვის, ჩვენი შთამომავლობისთვის და მიიღოთ შესაბამისი ისტორიული გადაწყვეტილება.

 

ღრმა პატივისცემით,
ზაალ აბაშიძე, სსიპ კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge