Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:13 29.11.2018
ნონა გაფრინდაშვილმა ქალ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა

სლოვენიის ქალაქ ბლედში დღეს ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე დასრულდა ნონა გაფრინდაშვილის პარტია ინგლისელ დინაჰ ნორმანთან. ნონა პარტიის მსვლელობისას მეთოდურად აძლიერებდა დაწოლას შავი ფიგურებით მოთამაშე ნორმანის პოზიციაზე და ამ უკანასკნელის ზეშეუპოვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, 74-ე სვლაზე იძულებული გახადა იგი დანებებულიყო. ნონა გაფრინდაშვილმა 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით პირველი ადგილი +65 წლის ქალ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

 

აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ერთად ორი უნიკალური მიღწევის ავტორიც გახდა: იგი მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის და ყველაზე უხუცესია მათ შორის, ვისაც ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.

 

ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატები ჭადრაკში 1991 წლიდან ტარდება. დღემდე ნონა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანებში 1995, 2009 და 2014-15-16 წლებში იყო. ხუთგზის (1998-99, 2003, 2010 და 2016 წწ) მსოფლიო ჩემპიონია თამარ ხმიადაშვილი. დღემდე ყველაზე უხუცესი მსოფლიო ჩემპიონი ვიქტორ კორჩნოი იყო. იგი 2006 წელს, 75 წლის ასაკში გახდა ჩემპიონი.

 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთათვის დაწესებული ფულადი პრიზები ერთობ მწირi იყო. კაცთა შორის I ადგილზე გასულისთვის 1500 ევრო, II ადგილზე გასულისთვის 1200 ევრო, ხოლო III ადგილზე გასულისთვის 1000 ევრო. ქალთა შორის გამარჯვებულებისთვის ფულადი ჯილდო კიდევ უფრო ნაკლები იყო. ნონა გაფრინდაშვილი გამარჯვებისთვის მხოლოდ 700 ევროთი დაჯილდოვდება.

 

 

 

 

აიპრესი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge