Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:38 23.11.2018
მეორე ტურის ბედს "გამოვარდნილი" კანდიდატების მომხრეები გადაწყვეტენ - ვინ ვის მხარეზეა

"ოპოზიციური პარტიების განცხადებები იმას არ ნიშნავს, რომ მათი ამომრჩეველი ან ერთ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ან მეორეს. დარწმუნებით ამის განსაზღვრა რთულია. ეს არ არის პროცესი, ეს არის ამა თუ იმ პიროვნების ინდივიდუალური გადაწყვეტილება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. ოპოზიციური პარტიების ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ემხრობა, ნაწილი კი - "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, თუმცა არსებობს საკმაოდ ფართო ფენა, რომელიც არც ერთი მათგანის მხარდაჭერას არ აპირებს. ოპოზიციის ლიდერების პოზიცია ნათელია, ხოლო მათი ამომრჩეველი ვის დაუჭერს მხარს - გრიგოლ ვაშაძეს თუ სალომე ზურაბიშვილს, ამაზე პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მეორე ტურის ბედს "გამოვარდნილი" კანდიდატების მომხრეები გადაწყვეტენ - ვინ ვის მხარეზეა

 

"ევროპული საქართველოს" (10,97% პირველ ტურში) ამომრჩევლის ძირითადი ნაწილი ალბათ მაინც ვაშაძეს დაუჭერს მხარს, მაგრამ მეორე ნაწილი, შესაძლოა, სულ არ მივიდეს არჩევნებზე. პარტიის ლიდერი რას ლაპარაკობს, იმის მიხედვით განსაზღვრო, ზუსტად შეაფასო, პარტიის რიგითი მხარდამჭერი რას გააკეთებს, ცოტა რთულია", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. ცნობისათვის, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს. ამასთან, მისი თქმით, "შენების მოძრაობის" (2.26%) ამომრჩეველთა ძირითადი ნაწილი, სავარაუდოდ, არჩევნებზე არ წავა. "შენების მოძრაობის" ხმები ალბათ გაიყოფა, ძირითადი ნაწილი არ წავა არჩევნებზე, ან მაინც სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭერს მხარს", - მიაჩნია ძაბირაძეს. "შენების მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განაცხადა, რომ მეორე ტურში არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაუჭერს მხარს, რადგან არც ერთი კანდიდატი მისთვის მისაღები არ არის“, - განაგრძობს გამოცემა.


"ძაბირაძე ფიქრობს, რომ მეორე ტურში არც "გირჩის" (2.26%) ამომრჩეველი იაქტიურებს. გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ თავიდან თქვა, რომ მეორე ტურში ვაშაძეს მისცემდა ხმას მიუხედავად იმისა, რომ ეს კანდიდატი მისთვის პრინციპულად მიუღებელია, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ ხმის მიცემას არც ერთი კანდიდატისთვის არ აპირებს, თავის მომხმრეებს კი მოუწოდა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ. "პატრიოტთა ალიანსის" დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს სახელისუფლებო კანდიდატს", - მიაჩნია პოლიტოლოგს. კვლავ უცნობია, ვის შემოხაზვას მოუწოდებს მომხრეებს შალვა ნათელაშვილი, რომელიც პირველ ტურში 3.74%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა ზურაბიშვილის, ვაშაძისა და ბაქრაძის შემდეგ“, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანასი