Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:19 20.11.2018
არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატთა ახალი გზავნილები ამომრჩეველს

"28 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ხელისუფლება და ოპოზიცია ახალ დაპირებებზე და საარჩევნო მესიჯებზე გადავიდა. არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი საზოგადოებას ახალ-ახალ დაპირებებს სთავაზობს. მმართველმა გუნდმა მეორე ტურისთვის მასშტაბური სოციალური პროექტები დაიწყო. ოპოზიციაც ხელისუფლებას არ ჩამორჩება და ისინი ერთმანეთს დაპირებების მოპარვაშიც კი ადანაშაულებენ“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატთა ახალი გზავნილები ამომრჩეველს


"გადავავლოთ თვალი მეორე ტურის მესიჯებს და საარჩევნო სტრატეგიას, რომელსაც ორივე მხარე მიმართავს. გთავაზობთ იმ დაპირებებს, რაც სამთავრობო სტრუქტურების ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებზე 28 ოქტომბრიდან დღემდე იძებნება. პირველ რიგში მივყვეთ მმართველი გუნდის ახალ სოციალურ პროექტებს, რომელსაც ისინი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებას ჰპირდებიან. 9 საცხოვრებელი კორპუსი დევნილებს წყალტუბოსა და ზუგდიდში, გაზრდილი ფულადი დახმარება 140 000 ბავშვს, ქორწინების ახალი სტანდარტი და სამზითვო „ვეფხისტყაოსანი" ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, გაზრდილი ხელფასი სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, 400 ბინა დევნილებს, ტყიბულში ქურთუკების, რუსთავი-გარდაბნის გზაზე მარილის და თბილისში სარწყავი ლენტების საწარმოების გახსნა, ოფიციალური შემოსავლის მიღების მიუხედავად, სოციალური დახმარების შენარჩუნება 1 წლის ვადით, 1200 სტუდენტს ერთი წლით სწავლის დაფინანსება. სამხედრო მოსამსახურეების, სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის შემადგენლობის ხელფასების ზრდა და ასევე ყველაზე მთავარი დაპირება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდებათ. ამ დავალიანების გადახდას კი საკუთარ თავზე ფონდი „ქართუ" იღებს.„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს". რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა. მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც ორი ათას ლარს არ აღემატება. საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდებათ ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"თუმცა, სანამ მამუკა ბახტაძე ბანკებთან დაკავშირებულ ახალ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ წინა დღეს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. კერძოდ, ვაშაძის განცხადებით, ე.წ. შავი სიიდან უნდა ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და მათ ვალდებულებები უნდა ჩამოეწეროთ. ასევე, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი დავალიანებები. ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ამნისტია უნდა გამოაცხადოს ბანკების მიერ დარიცხული სანქცია-საურავების, ხოლო ეროვნულმა ბანკმა ეტაპობრივად უნდა გაანახევროს იპოთეკური სესხების პროცენტი."ჩვენი გეგმაა ეკონომიკის სწრაფი ზრდა და ამავე დროს ორ წლიანი მორატორიუმი უსამართლო კრედიტებზე და საბანკო ვალის ოდენობის გამოთვლა 2012 წელს არსებული ლარის კურსით (1.66) ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აუცილებლად განახევრდება იპოთეკის პროცენტი და უსამართლო კრედიტებზე გამოცხადდება ორწლიანი მორატორიუმი, პენსია გაიზრდება 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასი კი 1000 ლარამდე, ხოლო პოლიციელის 2000 ლარამდე" - აცხადებსგრიგოლ ვაშაძე" - განაგრძობს გამოცემა.

 

"აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვაშაძის ამ განცხადებას მმართველი გუნდიდან კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვაშაძემ ეს ინიციატივა მათ მოპარა. წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და მოქალაქეების მოსყიდვაზე საუბრობს „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი. მიხეილ ბენიძე მეორე ტურისთვის ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესს აფასებს. მისი განცხადებით, ახალ პროგრამებზე მუშაობა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებზე სოციალური დახმარებების გაზრდას და სოციალურად დაუცველების დასაქმებას გულისხმობს, ორივე პროგრამაზე მუშაობა მეორე ტურისთვის დაიწყეს, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს. მესამე სექტორის წარმომადგენელს პროგრამების ავტორებთან კითხვები აქვს, იყო თუ არა შესაძლებელი ამ პროგრამებზე მუშაობა მეორე ტურის დანიშვნამდე. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე, მთავრობის მიერ დღეს გამოცხადებულ პროგრამაში, რომელიც პრემიერის თქმით, ჭარბვალიანობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, მოქალაქეების მოსყიდვის ნიშნები იკვეთება და პროკურატურისგან ვალების ჩამოწერის საქმით დაინტერესებას მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განმარტებით, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება ნებისმიერი ქმედება, რომელიც 100 ლარს აჭარბებს. „ქართუ ჯგუფი" იღებს საკუთარ თავზე ამ ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში ეს წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას. რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მოსყიდვაა, როდესაც ის 100 ლარს აჭარბებს, არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქ ცხადია, რომ ჯამურადაც და თითოეული ადამიანის შემთხვევაშიც, ვისაც ეს შეეხება, უმეტეს შემთხვევაში, ეს იქნება ამ ზღვარს ზემოთ და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს", - განაცხადა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ“, - დასძენს გამოცემა.


"ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული ხელისუფლების გადაწყვეტილებამ შესაძლოა, რომ უკურეაქცია გამოიწვიოს და პირიქით, უფრო მასშტაბური ე.წ. შავი სია მივიღოთ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ როდესაც ქველმოქმედება პოლიტიკის ნაწილი ხდება, ეს საზოგადოებაში უპასუხისმგებლობის შეგრძნებას იწვევს. „ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ ინიციატივის ავტორს მადლობა არ გადავუხადოთ, მაგრამ წინააღმდეგობრივი განცდები მიჩნდება, რადგანაც აქ ეკონომიკური და პოლიტიკური ლოგიკა ჩნდება. ეკონომიკური ლოგიკით ამ ტიპის ნაბიჯები მხოლოდ დამაზიანებელია, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ვინაიდან საზოგადოებაში გარკვეულ უპასუხისმგებლობის განცდას აჩენს და სტიმულს აძლევს ახალი „შავი სიების" ფორმირების პროცესს. ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, ფონდ „ქართუს" ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში გაკეთებული აქვს ძალიან ბევრი კარგი საქმე. "როდესაც ქველმოქმედება პოლიტიკის ნაწილი ხდება, ეს საზოგადოებაში ჯანსაღ განცდას არ ტოვებს და ამახინჯებს საზოგადოებრივ ცნობიერებას, უპასუხისმგებლობის შეგრძნებას იწვევს. ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ შეუძლიათ აკრიფონ ახალი ვალები. "არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვალები იგივე 600 000-მა ადამიანმა აიღოს, ვინაიდან მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან მალე ახალ, არანაკლებ მასშტაბურ „შავ სიას" მივიღებთ", - აღნიშნა ხუხაშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : "რეზონანსი“