Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:53 17.11.2018
"ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა გასცა"- The Washington Post

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) დასკვნამდე მივიდა, რომ სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბენ სალმან ალ საუდიმ გასცა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Washington Post აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„მიღებული პოზიცია ის არის, რომ ჟურნალისტის მკვლელობა არ შეიძლება მომხდარიყო მემკვიდრე პრინცის ჩართულობის გარეშე“, - აცხადებს ამერიკული გამოცემის წყარო.

 

წყარო ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ შეისწავლა აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის ხალედ ბენ სალმანის ზარები. ხალედ ბენ სალმანმა ჯამალ ხაშოგის შეატყობინა, რომ საჭირო დოკუმენტების მისაღებად მას სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოსთვის უნდა მიემართა.

 

აღსანიშნავია, რომ The Washington Post აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარემოცვაზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ დონალდ ტრამპს მემკვიდრე პრინცის ამ საქმესთან კავშირის მტკიცებულებები წარუდგინეს, თუმცა ტრამპმა სკეპტიკურად მიიღო ეს მტკიცებულებები.

 

შეგახსენებთ, რომ საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით იყო ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს.

 

თავის მხრივ საუდის არაბეთის გენერალური პროკურატურა საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სიკვდილით დასჯას მოითხოვს.

 

„ჩვენ ხუთი ბრალდებულისთვის, მათ შორის მათი, ვინც ხაშოგის მკვლელობის ბრძანება გასცეს და შეასრულეს ეს ბრძანება, სიკვდილით დასჯას მოვითხოვთ. ამ საქმეზე ბრალდება 11 ადამიანს წავუყენეთ. სულ საქმის ფარგლებში 21 ადამიანია დაკავებული“, - განაცხადა საუდის არაბეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge