Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:08 16.11.2018
"სალომე ზურაბიშვილი რუსეთში საქართველოდან ბაზების გაყვანასთან ასოცირდება, „ქართული ოცნება“ კი შეიძლება რუსეთის მტერი არ არის, მაგრამ არც მეგობარია"

გავლენიანი რუსული გამოცემა, «Независимая газета» პოსტსაბჭოთა სივრცეში და, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სარედაქციო სტატიას უძღვნის.

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არჩევნების დროა. ლატვიაში და ესტონეთში უკვე ჩატარდა, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და სომხეთში ჯერ კიდევ წინ არის. საარჩევნო კამპანიები ხასიათდებიან ნაციონალისტური და ცენტრისტული, ანუ ე.წ. პრორუსული პარტიების მონაწილეობით. თუმცა მათ რომ ყურადღებით დავაკვირდეთ, ვნახავთ, რომ სინამდვილეში ჩვენს ახლოს და შორეულ წრეში შინაარსიანი პრორუსული პარტიები კი არ არიან, არამედ არიან პარტნიორები, რომლებსაც სხვებთან შედარებით უფრო ლოიალური დამოკიდებულება აქვთ რუსეთთან ფედერაციასთან: მათთან შეიძლება ივაჭრო, განავითარო ურთიერთსასარგებლო კავშირები, მაგრამ ისინი არასდროს არ შევლენ პროექტ „რუსულ სამყაროში“. გამონაკლისია მხოლოდ ბელარუსი, თუმცა იქ, კაცმა რომ თქვას, პარტიები არ არის.

 

მაგრამ ისინი არიან, მაგალითად, უკრაინაში, სადაც მომავალ წელს პრეზიდენტს და ვერხოვნა რადას აირჩევენ. ამ დღეებში იქ გამოჩნდა „პრორუსუსლი ოპოზიციური პლატფორმა, რომელიც პარტია „ცხოვრებისათვის“ და „ოპოზიციური ბლოკის“ შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. გაერთიანების ლიდერები იური ბოიკო და ვადიმ მრაბინოვიჩი არ არიან რადიკალური პოლიტიკოსები და რუსეთის მიმართ ლოიალურობითაც გამოირჩევიან. მაგრამ ჩვენს მეგობრებად მათი ჩათვლა არასწორი იქნებოდა: ისინი მოსკოვთან კავშირებს განავითარებენ, მაგრამ იმავდროულად ევროკავშირისა და აშშ-საკენ კურსს შეინარჩუნებენ.

 

მოლდოვას სოციალისტურ პარტიას პრორუსულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, რომლის არაფორმალურ ლიდერს პრეზიდენტი იგორ დოდონი წარმოადგენს. სოციალისტებს მხარს ბევრი ამომრჩეველი უჭერს, რომლებსაც რუსეთთან კავშირების აღდგენა სურთ, მაგრამ მათ ასევე უნდათ ევროკავშირში ინტეგრაციაც, რათა მოლდოველმა ფერმერმა თავისი პროდუქცია ევრობაზარზე გაყიდოს და მოლდოველ მოსახლეობას შრომის საერთოევროპული ბაზარი ჰქონდეს. თუ მომგებიანია, ესე იგი კარგია, - თვლიან მოლდოველები და მზად არიან მხარი დაუჭირონ სოციალისტებს იგორ დოდონის ხელმძღვანელობით. მაგრამ სოციალისტებს პრორუსულ პარტიას ვერ ჩათვლით, მით უმეტეს, რომ ისინი ევროკავშირისაკენ კურსს ინარჩუნებენ და ითხოვენ, რომ მათ „პრომოლდოვური“ პარტია უწოდონ.

 

საქართველოში, სადაც პრეზიდენტს უკანასკნელად ირჩევენ საერთო-სახალხო ხმის მიცემით, არ არის ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც რუსეთზე იქნებოდა ორიენტირებული. სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი უჭერს, იმითაა ცნობილი, რომ მან, საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდში ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. ახლა ვაზიანის აეროდრომს, სადაც ადრე რუსული ავიაცია იდგა, ნატოელი სამხედროები დაიკავებენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთ შესაძლებლობაზე წერს ქართული მასმედია. ხოლო „ქართული ოცნება“, რომელიც მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს, შეიძლება რუსეთის მტერი არ არის, მაგრამ ნამდვილად არც მეგობარი არაა. მეორე კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის - მხარეზეა მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ეს ნიშნავს, რომ ვინ არ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის პრორუსული არ იქნება. ისევე როგორც მათი პარტიები. ასე რომ, კავკასიის ქედის გადაღმა ქართულ არჩევნებში რუსეთის მეგობრების ძიება ტყუილი მცდელობაა. რჩებიან მხოლოდ სომხები...

 

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. იქ ყოველი გამარჯვებული პარტია განაცხადებს რუსეთისადმი მოკავშირეობაზე და მოსკოვის ერთგულებაზე, მაგრამ იმავდროულად ამერიკისა და ნატოსაკენაც გაიხედავს.

 

ჩვენგან მენტალურად უფრო შორს მდგარი ლატვიაში არჩევნებმა უკვე ჩაიარა. იქაურ სეიმში ყველაზე მეტი ადგილი ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტია „სოგლასიემ“ („თანხმობა“) მიიღო, რომელსაც ბევრი პრორუსულად მიიჩნევს - ძირითადად იმიტომ, რომ მისი ლიდერია რიგის მერი ნილ უშაკოვი. თუმცა ბოლო დროს ნილ უშაკოვს საყვედურობენ, რომ იგი თითქოსდა ლატვიის ხელისუფლებას გაურიგდაო რუსულენოვანი მოქალაქეების ინტერესთა წინააღმდეგ.

 

ეს ყველაფერი ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც ეხებათ: თურქმენეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში და ყირგიზეთში აშაკარად პრორუსული პოლიტიკოსები არ არიან. თუმცა იქაურ დედაქალაქებში რუსეთთან ურთიერთობას პრიორიტეტულად მიიჩნევენ, რადგან ხედავენ, რომ ეს მათ ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთისაგან მათ რეალური სარგებლობას იმედი აქვთ.

ავტორ(ებ)ი : newspress.ge